თავართქილაძე კუკური ანდროს ძე (17.XII.1932, სოფ. ვაკიჯვარი, ოზურგ. მუნიციპალიტეტი), ფიზიკოსი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1985), პროფესორი (1989), საქართვ. ეროვნული პრემიის ლაურეატი (2009), ამერიკის ღირსების მედლის მფლობელი (2002). წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი ატომური ენერგიის სპეციალობით (1955), თუმცა აღნიშნული სპეციალობით მუშაობა ვერ შეძლო, რადგან იმ დროისთვის გასაიდუმლოებულ დარგში მას სპეც. დაშვება არ ჰქონდა (როგორც „ტროცკისტის“ ნათესავს). მუშაობდა ამიერკავკ. ჰიდრომეტეოროლოგიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტში (1956-1971) და ვახუშტი ბაგრატიონის სახ. გეოგრაფიის ინ-ტში სხვადასხვა თანამდებობაზე (1971). მისი კვლევის საგანს შეადგენს რადიაციული კლიმატოლოგია, ატმოსფეროს გაჭუჭყიანება და ჰავის თანამედროვე ცვლილება. მის მიერ მთავარ გეოფიზიკურ ობსერვატორიაში დაცული სადოქტორო დისერტაცია „რადიაციული აეროზოლების შესუსტების მოდელირება და ატმოსფერული გაჭუჭყიანების განსაზღვრის მეთოდები“ გამოიცა წიგნად და ოპტიკური ფიზიკის დარგის ჟურნალში დაიბეჭდა ნაშრომის დადებითი რეცენზია. თ. კ.-მ შექმნა ხელსაწყო „ნიადაგის ზედაპირიდან და სიღრმეებიდან თერმოელექტრული თვითმწერი“, რ-იც დანერგილი იყო სსრკ ჰიდრომეტეოროლოგიურ ქსელში; შეადგინა „ატმოსფეროს გამჭვირვალობის ნომოგრამა“, რ-იც დაინერგა ჰიდრომეტეოროლოგიის დარგის უმაღლეს სასწავლებლებში. ერთ-ერთმა პირველმა შექმნა ატმოსფეროს გაჭუჭყიანების განსაზღვრის დისტანციური მეთოდი, რ-იც გამოიყენეს პილოტური ხელოვნური თანამგზავრის „სალიუტ-7“ ბორტიდან ყოფილი სსრკ-ს ტერიტორიის გაჭუჭყიანების დონის დასადგენად; ააგო ატმოსფერული აეროზოლების ოპტიკურ-მეტეოროლოგიური მოდელი, რ-იც გამოყენებულია აშშ-ს, კანადის, ინგლისის, გერმანიის, ავსტრალიის, რუსეთის და სხვა შესაბამის კვლევით ცენტრებში, ხელოვნური თანამგზავრიდან კონტინენტური და ოკეანისეული ბუნ. რესურსების ძიებისა და შესწავლის პროცესებში; შექმნა ატმოსფეროს მთელ სიმაღლეზე გაჭუჭყიანების განსაზღვრის აპარატი „სპექტრი 1“, რ-მაც საკავშ. მეცნ. აკადემიის დავალებით და დაფინანსებით მონაწილეობა მიიღო ყოფილი სოციალისტური ქვეყნების ერთობლივ პროგრამაში „ინტერკოსმოსი“. მის მიერ მიღებული ფორმულა აეროზოლური შთანთქმის შესახებ შეტანილია ატმოსფეროს ფიზიკის კურსში (რუს. გამოცემა). თ. კ. იყო საკავშ. მეცნ. აკადემიის რადიაციის შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის წევრი (1980-1991), არის აშშ ბიბლიოგრაფიის ინ-ტის სამეცნ. საბჭოს საზღვარგარეთელი წევრი (2005-დან). კლიმატის ცვლილების პირველ საერთაშ. კონფერენციაზე მიწვეული იყო ერთ-ერთ მომხსენებლად (1996). საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ გამოქვეყნებული აქვს 200-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომი, მათ შორის 6 მონოგრაფია ქართ., რუს. და ინგლ. ენებზე. არის 7 დაცული დისერტაციის ხელმძღვ.
თხზ.: თავართქილაძე, კ. (თანაავტორი). (1999). საქართველოს მიწისპირა ტემპერატურული ველის ცვლილებების ემპირიული მოდელი. თბ., საქ. მეცნ. აკადემიის ჰიდრომეტეოროლოგიის ინ-ტი; Tavartkiladze, K. (თანაავტორი). (2019). Prediction of Temperature Regime of Aridity on the Example of Tbilisi, Georgian Academy Press, Bulletin of the Georgian National Academy of Sciences, Vol.13; # 3; 77-83; Tavartkiladze, K. (თანაავტორი)., (2020). Climate change assessment by negative extreme deviations of surface temperature field (case study: Tbilisi), Scientific Research an Academic publisher, Open Journal of Geology, Vol.10, #05, pp. 491-500.
ლიტ.: ხარაძე კ., ჯავახიშვილი, შ. (2003). მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. თბ., განათლება; პროფესიაში გამორჩეულნი: II. (2012). თბ., გამ-ბა პეტიტი; თავართქილაძე კუკური ანდროს ძე (2014). საქართველო: ენციკლოპედია: ტ. 3.