-
ავტორი
- კატეგორიები: ჟურნალისტი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი მთარგმნელი ლიტერატურათმცოდნე
ტატიშვილი ერეკლე (28.VIII.1884, გორი-01.II.1946, თბილისი), მთარგმნელი, ლიტერატურისმცოდნე, საერთაშ. სამართ. სპეციალისტი, დასავლური ენებისა და და ლიტერატურის სწავლების პიონერი საქართველოში. ტ. ე.-მ დაწყებითი განათლება გორის სას. სემინარიაში მიიღო; შემდგომ ლაიფციგში გაემგზავრა ფილოს. და იურისპრუდენციის შესასწავლად (1904); სწავლა გააგრძელა პეტერბურგში; მანპლიეში იურისპრუდენციას დაეუფლა (1909-1911); დაამთავრა პარიზის პოლიტიკურ მეცნ. უმაღლ. სკოლა საერთაშ. სამართ. სპეციალობით (1913); ლონდონსა და ედინბურგში ჟურნალისტიკას სწავლობდა; ასწავლიდა გერმანულ ენას ჯერ გორის, შემდგომ თბილ. ვაჟთა ქართულ გიმნაზიებში (1918-დან); იყო საგარეო საქმეთა განყ-ბის გამგე (1920-1921), შემდეგ კი ამავე სამინისტროს დირექტორი, მაგრამ დაკავებული თანამდებობა მალევე დატოვა; იყო ქართულ მწერალთა აკად. ასოციაციის წევრი (1921-დან); თსუ-ის საერთაშ. საჯარო და კერძო სამართ. ლექტორი (1923-დან); თსუ-ს უცხო ენებისა და ლიტერატურის ლექტორი (1927-დან). ტ. ე-ს თაოსნობით თსუ-ში დაარსდა უცხო ენების კათედრა (დღევანდელი დასავლეთევროპული ენებისა და ლიტ-ის ფაკ-ტი) და იყო ამ კათედრის პირველი გამგე (1935). ტ. ე-ს სამეცნ. ხარისხი ოფიციალურად არ დაუცავს, თუმცა თსუ-ის სამეცნ. საბჭომ მას ჯერ დოცენტის, ხოლო შემდგომ პროფესორის წოდება მიანიჭა, გამორჩეული პედ. ღვაწლის გამო. მან გერმანულიდან თარგმნა ფრიდრიხ ნიცშეს „ასე იტყოდა ზარათუსტრა“; ბერნარდ შოუს „კეისარი და კლეოპატრა“ და ფრიდრიხ შილერის „ვერაგობა და სიყვარული“; ჩარლზ დარვინის „სახეობათა წარმოშობა“, თუმცა გამოსაცემად გამზადებული წიგნი სტამბაში დაიკარგა. ტ. ე. აქტიურად თანამშრომლობდა ისეთ ჟურნალ-გაზეთებთან, როგორებიცაა: „ილიონი“, „საქართველოს ამრეკლო“, „კავკასიონი“ და სხვები. "ილიონში" დაიბეჭდა მისი ესეები „კრიშნა“ და „ფრიდრიხ ნიცშე“; „კავკასიონში“ გამოაქვეყნდა ესე „საკია-მუნი“ და ედგარ ალან პოს ნოველის, „სიჩუმე“ თარგმანი; „საქართველოს სამრეკლოშია“ გამოქვეყნებული წერილი „ეკსტასის!“. ტ. ე. დააპატიმრეს და ორ წელიწადზე მეტხანს დაჰყო თბილ. საპატიმროში (1941). მისი პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ინ-ტში.
თხზ. (გარდა ტექსტში მოხსენიებულისა): ტატიშვილი, ე. (1993). ეკლიანი გზით ვარსკვლავებისაკენ. თბ., ლომისი; ტატიშვილი, ე. (მთარგმნელი). (2016). ფრიდრიხ ნიცშე. ესე იტყოდა ზარატუსტრა: წიგნი ყველასთვის და არავისთვის: მე-2 გამოც. თბ., ჩვენი მწერლობა.
ლიტ.: ტატიშვილი ერეკლე. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 9. თბ., 1985, გვ. 664.