-
ავტორი
- კატეგორიები: ისტორიკოსი არქეოლოგი აკადემიკოსი პროფესორი საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი
თაყაიშვილი ექვთიმე სიმონის ძე (05. I. 1862, სოფ. ლიხაური, ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი – 21. II. 1953, თბილისი), თბილ. უნ–ტის ერთ–ერთი დამფუძნებელი, არქეოლოგი, ისტორიკოსი, პროფესორი (1945), საქართვ. მეცნ. აკადემიის აკადემიკოსი (1946). დაამთავრა პეტერბურგის უნ-ტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკ-ტი ბერძნულ-ლათინურ ენათა განხრით. პეტერბურგიდან დაბრუნებისთანავე შეუდგა აქტიურ სამეცნ.-კვლ. მოღვაწეობას. ასწავლიდა ბერძნ. და ლათ. ენებს, ისტორიასა და გეოგრაფიას თბილ. სათავადაზნაურო სკოლასა და კლასიკურ გიმნაზიაში (1887-1894). თ. ე იყო სათავადაზნაურო გიმნაზიის ხელმძღვ. (1894-1904); რუსეთის საიმპერატორო არქეოლ. კომისიის წევრ-თანამშრომელი (1894); რუსეთის გეოგრ. საზ-ების კავკ. განყ-ბის წევრი (1901); აღმოსავლეთმცოდნეთა საზ-ბის თბილ. განყ-ბის წევრი (1901); თბილ. კავკასიის ისტორიულ-არქეოლ. ინ-ტის დირექტორის (ნ. მარის) მოადგილე (1917-1921). თ. ე. იყო წყაროთმცოდნე და არქეოგრაფი, ეპიგრაფიკის მკვლევარი, მთხრელი არქეოლოგი, ქართ. მწერლობისა და ხალხ. სიტყვიერების, ისტ. გეოგრაფიისა და სამართ. ისტორიის მკვლევარი. მისი თაოსნობით დაარსებულმა საისტ. და საეთნოგრაფიო საზ-ებამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართვ. სამეცნ.-კულტურულ ცხოვრებაში. იგი საზ-ების დაარსების პირველი დღეებიდანვე შეუდგა გამოცემათა თადარიგს. გამოსცა ორი სერია – «ძველი საქართველო» და «საქართველოს სიძველენი“ (1899-1915). თ. ე. აქტიურად მონაწილეობდა „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ მუშობაში, რომლის გამგეობის წევრად დაუსწრებლად აირჩიეს (1888). საზ-ების წესდება ითვალისწინებდა ეკლესია-მონასტრებში დაცული ძველი, სახმარად უვარგისი, საეკლესიო წიგნების შეგროვებას. თ. ე.-მაც სწორედ ამით დაიწყო თავისი საქმიანობა. პირველი არქეოლ. მოგზაურობა მოეწყო მცხეთაში (1889), სადაც დიმიტრი ბაქრაძემ წაიყვანა. მათი მიზანი იყო ხელნაწერი წიგნების ჩამოტანა. კარგი ხელნაწერები მხოლოდ სვეტიცხოველში უნახავთ და წამოუღიათ. შემდგომში თ. ე. დამოუკიდებლად იწყებს ფართო შემოქმედებით საქმიანობას, რომლის ერთგვარი დაგვირგვინება იყო მის მიერ გამოცემული „სამი ისტორიული ხრონიკა“ (მოქცევაჲ ქართლისაჲ, ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა, მესხური მატიანე, 1890). მას მოჰყვა «წმინდა ნინოს ცხოვრება», რ-იც წინა ნაშრომის გაგრძელებას წარმოადგენდა. თ. ე.-მ ათეული წლის მანძილზე სისტემ. კვლევისა და ძებნის შედეგად ბევრი ახალი, სრულიად უცნობი პირველხარისხოვანი ძეგლი აღმოაჩინა. მნიშვნელოვანი მის მიერ აღმოჩენილი „ვეფხისტყაოსნის“ ძველი ხელნაწერები, მან თავი მოუყარა 17 ხელნაწერს და, ზოგადად, 24 ხელნაწერის შესახებ მოკრიბა ცნობები. თ. ე-ს მიერ თავმოყრილ „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერთა შორის იყო უძველესი (1646). აგრეთვე, გიორგი XI-ისათვის მისი მდივნის ბეგთაბეგის მიერ გადაწერილი „ვეფხისტყაოსანი“ (1680). თ. ე.-ს დამსახურებაა პელაგია წერეთლისეული „ვეფხისტყაოსნის“ გადარჩენა; „ხელმწიფის კარის გარიგების“ ხელნაწერის აღმოჩენა, რ-იც მან ქართლში მოგზაურობის დროს გაპარტახებულ სახლში იპოვა და, რომელსაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება საქართვ. წეს-წყობილებისა და სახელმწ. ყოფა-ცხოვრების შესასწავლად. თბილ. სახელმწ. უნ-ტის გამ-ბამ „ხელმწიფის კარის გარიგება“ გამოსცა თ. ე.-ს წინასიტყვაობით (1920). თ. ე.-ს დიდი წვლილი მიუძღვის ქართ. უნ-ტის დაარსებაში. იგი ივანე ჯავახიშვილთან ერთად იმთავითვე იყო არჩეული „ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების“ კომისიაში. უნ-ტის წესდების შესადგენად და სხვა სახის საორგანიზაციო მუშაობის ხელმძღვანელობისათვის შეიქმნა კომისია, რომლის შემადგენლობაში თ. ე.-ც იყო. თბილ. უნ-ტის საბჭომ მას მიანიჭა დოქტორის ხარისხი (1918). იგი კითხულობდა ლექციებს არქეოლოგიაში. მისი ლექციები საქართვ. სიძველეებს შეეხებოდა (1920). იგი სამ სალექციო კურსს უძღვებოდა, კერძოდ, ერთი უნ-ტში ახლად შემოსულთათვის იყო და მოიცავდა შესავალს საქართვ. სიძველეებისას ქვის, ბრინჯაოს და რკინის ხანას ზოგადად და, კერძოდ, საქართველოში და საქართვ. ისტ. დროის სიძველეთა ზოგად მიმოხილვას. ამასთან ერთად კითხულობდა ეპიგრაფიკასა და ეკლესია-მონასტრების ისტორიას. თ. ე. დააარსა საქართვ. საისტ. და საეთნოგრაფიო საზ-ება (1907), რომლის თავ-რეც თავად იყო (1921 წლამდე). ეწეოდა ფართო არქეოლოგიურ საქმიანობას. მისი ხელმძღვანელობით გაითხარა წინაქრისტიანული ხანის სასაფლაო დებედის ხეობაში, სოფ. ვორნაკში (1894), სადაც ბრინჯაოს ხანის სამარხები აღმოჩნდა. ვორნაკის სამაროვნის ზედა ფენა უახლოვდება ხალდურ-ურარტულ ხანას, რაც რკინის ფართოდ გავრცელების პირველ საუკუნეებს (ძვ.წ. VIII-VII) თანხვდება. მის ერთ ტიპურ სამარხში აღმოჩნდა რკინის საჭურველი (სატევრები, დანები, შუბისპირი და სხვ.). აღმოჩენილ მასალებზე მუშაობამ არქეოლოგს გარკვეული გამოცდილება შესძინა. რევოლუციამდე (1917) იგი ერთადერთი ქართ. არქეოლოგი იყო, რ-იც გათხრებს აწარმოებდა. თ. ე.-მ არქეოლ. ძიება ჩაატარა ბორჯომის მახლობლად. ბანისხევის მტკვართან შერთვის ადგილას საცდელი თხრისას მან აღმოაჩინა ბრინჯაოს საუკუნის ქალის სამარხი, ხოლო შიგ-სამაჯური, საკიდი და სარდიონის მძივები, რომლებმაც მას ყობანური კულტურის დამახასიათებელი ნივთები გაახსენა. თ. ე.-ს დიდი წვლილი მიუძღვის ახალგორის განძის შეგროვებასა და დაცვაში. მან კვალდაკვალ სდია ამ განძის შემსყიდველ-გადამყიდველებს, განძის უმეტეს ნაწილს თავი მოუყარა და, საბოლოოდ, კავკ. მუზეუმში დააბინავა. მნიშვნელოვანი იყო მისი არქეოლ. ექსპედიცია საქართვ. სამხრეთ ნაწილში (1902), სადაც გამოკვლეულ იქნა ახალციხისა და ახალქალაქის, აგრეთვე, არტაანისა და ოლთისის ოლქების ზოგიერთი ძეგლი. თ. ე-მ შეისწავლა არტაანის ოლქის კოლას რაიონის ძეგლები და დაასრულა ოლთისის ოლქის ძეგლების შესწავლა (1907). თ. ე.-ს არქეოლოგიურ მოგზაურობათა შორის მნიშვნელოვანია არქეოლ. ექსპედიცია სამხრეთ საქართველოში (1917), რომლის დროსაც ინახულა და აღწერა თორთუმის ხეობის ზემო წელში მდებარე ექექის ტაძარი. ამ ტაძრის სამხრეთიტ მდებარე სოფ. სოხთოროთის ტაძარი, ოთხთა ეკლესია, პარხლის ეკლესია და სხვ. თ. ე.-ს არქეოლ. მოგზაურობებმა დიდი როლი შეასრულა ქართ. კულტ. ძეგლების აღწერის, აზომვისა და შესწავლის საქმეში (შეისწავლა მოხატულობა, ჭედური ხატები, საეკლ. ჭურჭელი, მინიატიურები). თ-ის ნაშრომი „მასალები კავკასიის არქეოლოგიისათვის” დაჯილდოებულია რუს. საიმპერატორო არქეოლ. საზ-ბის დიდი ოქროს მედლით (1911). თ. ე.-მ პარიზში გამოსცა წიგნი „არქეოლოგიური ექსპედიცია ლეჩხუმ-სვანეთში 1910 წელს“ (1937), რ-იც ძირითადად ქრისტ. დროის კულტურის ძეგლები განიხილა. მისი აზრით, ქრისტიანობა სვანებმა ბიზანტიიდან მიიღეს, როცა საქართვ. ბაგრატ III-ის ძალაუფლების ქვეშ გაერთიანდა.
საქართვ. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ (1918) თ. ე. გახდა დემოკრ. რესპ. დამფუძნებელი კრების დეპუტატი და თავმჯდომარის მოადგილე. საბჭ. ხელისუფლების დამყარების შემდეგ (1921) გადაწყდა ეროვნ. განძის საზღვარგარეთ გატანა, რომლის მეთვალყურედ დამფუძნებელმა კრებამ თ. ე. დანიშნა. იგი განძთან ერთად საფრანგეთში გაემგზავრა (1921). საგანძური (ძვირფასი ნივთები და ხელნაწერები თბილ. მუზეუმებიდან, სურათები ეროვნ. გალერეიდან, ზუგდიდის დადიანისეული სასახლის განძეულობა, გელათისა და მარტვილის სამონასტრო ქონება, სახაზინო ქონება, ბორჯომის სასახლის ქონება მდიდარი ბიბლიოთეკებით და სხვ.) მეტად რთულ პირობებში დაიცვა – გაუძლო ინგლისისა და აშშ-ის მუზეუმების შემოტევებს. თ.ე. ემიგრაციის წლებშიც ინტენსიურ სამეცნ. მუშაობას ეწეოდა. მოიძია და გამოაქვეყნა საფრანგეთის საცავებში შემონახული ქართ. ხელნაწერები, აქტიურად მონაწილეობდა სამეცნ. ორგანოების („ბიზანტიონი”, „გეორგიკა”) საქმიანობაში, აქვეყნებდა გამოკვლევებს საქართვ. ისტ. და წყაროთმცოდნეობაში („სომხით-საორბელოს ძეგლების წარწერები”, ნაწ. I, პარიზი, 1929; „ქართული სიძველენი ევროპელ ანტიკვარებთან”, პარიზი, 1929; „პარიზის ნაციონალური ბიბლიოთეკის ქართ. ხელნაწერები და ოცი ქართული საიდუმლო დამწერლობის ნიშანი”, პარიზი, 1933; „მეფეთა და კათალიკოზთა სულთა მატიანე ნიკორწმინდის ხელნაწერში”, პარიზი, 1939 და სხვ.). მის ნაშრომებში წარმოდგენილია მნიშვნელოვანი ცნობების შემცველი მასალა, რომლის შუქზეც ახლებურად გამოიყურება ზოგიერთი ისტ. ფაქტი, ნათელი ხდება ესა თუ ის მოვლენა, ზუსტდება თარიღები, დგინდება ამა თუ იმ ისტ. პირის ვინაობა. თ. ე. იყო პარიზის ნუმიზმატთა საზ-ბისა (1922) და პარიზის სააზიო საზ-ბის წევრი (1925). იგი ხელმძღვანელობდა „ქართული კულტურული და საარქეოლოგიო მასალების გამოცემის ფონდს“ (1937-1939). იგი თბილისში ჩამოსვლისთანავე (1945) თანამშრომლობდა მეცნ. აკადემიის, უნ-ტისა და სახელმწ. მუზეუმის სამეცნ. ორგანოებში, აქვეყნებდა ძვირფას მასალას საქართვ. ისტორიის სხვადასხვა პრობლემაზე. საქართვ. მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ თ.ე. წმინდანად შერაცხა (2002).
თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): თაყაიშვილი, ე. (1960). 1917 წლის არქეოლოგიური ექსპედიცია სამხრეთ საქართველოში. თბილ., საქ. სსრ მეცნ. აკად. გამ-ბა; თაყაიშვილი, ე. (1937). არქეოლოგიური ექსპედიცია ლეჩხუმ-სვანეთში 1910 წელს. პარიზი; თაყაიშვილი, ე. (1920). საქართველოს სიძველენი. ტ. 1. წ. 1. ტფილისი: საქ. საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების გამოცემა; თაყაიშვილი, ე. (1960). 1917 წლის არქეოლოგიური ექსპედიცია სამხრეთ საქართველოში. თბილ., საქ. მეცნ. აკად. გამ-ბა; თაყაიშვილი, ე. (1907). არქეოლოგიური მოგზაურობანი და შენიშვნანი. თბილ.
ლიტ: აფაქიძე, ა. (თანაავტორი). (1966). აკადემიკოსი ექვთიმე თაყაიშვილი: ცხოვრება და მოღვაწეობა: სტატიების კრებული. თბილ., მეცნიერება; გოგილაშვილი, ვ. (შემდგენელი). (2010). ექვთიმე თაყაიშვილი: ბიობიბლიოგრაფია. თბილ. უნივერსალი, ISBN: 9789941017919.