ტაბიძე ნოდარ
ტაბიძე ნოდარ

ტაბიძე ნოდარ (10. III.1931, ქ. თბილ.–17.IX. 2016), მეცნიერი, მწერალი, პუბლიცისტი, ფილოლოგიურ მეცნ. დოქტორი, პროფესორი (1975). დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკ-ტის ჟურნალისტიკის განყ-ბა (1954). მუშაობდა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკ-ტის ჟურნალისტიკის კათედრაზე(1959); ხელმძღვანელობდა პრესის თეორიისა და პრაქტიკის კათედრას (1979). იყო ჟურნალისტიკის ფაკ-ტის დეკანი (1982–1999). გალაკტიონ ტაბიძის ძმისშვილი და მისი შემოქმედების მკვლევარი. ტ.ნ. არის მრავალი სამეცნ. ნაშრომისა და პუბლიც. სტატიის ავტორი; გამოქვეყნებული აქვს 14 წიგნი. მისი კვლევები ძირითადად ეძღვნება გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებას, ჟურნალისტიკის თეორიასა და პრაქტიკის საკითხებს. იყო ეგრისის სამეცნ. აკადემიის წევრი (1995-დან), ჟურნალისტთა ფედერაციის გამგეობის წევრი და საქართვ. ლიტერატურათმცოდნეობის აკადემიის დამფუძნებელი წევრი, ვიცე-პრეზიდენტი. დაჯილდოებულია საქართვ. ჟურნალისტთა კავშირის პრემიით (1989), ს. მესხის სახ. პრემიით (1996), ვაჟა-ფშაველას სახ. პრემიით (1997), გალაკტიონ ტაბიძის სახ. პრემიითა და პრემია „საგურამოთი“ (2010). მოღვაწეობდა აგრეთვე საქ. ტექ. უნ-ტში; სტუდენტთა ინიციატივით დაარსდა მისი სახელობის თემატური გაერთიანება – „ნოდარ ტაბიძის კლუბი“.

თხზ.:ტაბიძე, ნ. (1988). ილია ჭავჭავაძის პუბლიცისტიკა. თბ., საბჭოთა საქართველო; ტაბიძე, ნ. (1993). გალაკტიონის შემოქმედებითი ლაბორატორია. თბ., უნ–ტის გამ–ბა; ტაბიძე, ნ. (1997). გალაკტიონი-რედაქტორი და გამომცემელი. თბ., უნ–ტის გამ–ბა; ტაბიძე, ნ. (2000). გალაკტიონი : ცხოვრება და შემოქმედება. თბ.; ტაბიძე, ნ. (2001). საიდუმლო კუნძულის აღმოსაჩენად : ისტორია ჟურნალისტიკის ფაკულტეტისა; ფიქრები პუბლიცისტთა აღზრდაზე. თბ.; ტაბიძე, ნ. (2003). მედალიონები. თბ., გამომც. უნივერსალი.