-
ავტორი
- კატეგორიები: მათემატიკოსი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პროფესორი
სვანაძე მერაბ ჟორას ძე (11.VII.1955, ქუთაისი). მათემატიკოსი, თსუ-ის პროფესორი (2004), ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი (1998). დაამთავრა თსუ-ის მექან.-მათ. ფაკ-ტი წარჩინებით (1977). არის ფიზ.-მათ. მეცნ. კანდ. (1984) და უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (1990). იყო: თსუ-ის სასწავლო დეპარტ. უფრ. (2007-2008) და ი. ვეკუას სახ. გამოყენებითი მათ. ინ-ტის სხვადასხვა მეცნიერ-თანამშრომელი (1976-2006), უმაღლ. სასწავლებელი "კავკასიის აკადემიური ცენტრის" რექტორი (2000-2005). მუშაობს ილიას სახელმწ. უნ-ტის პროფესორად (2006-დან). კვლევის სფეროებია: დრეკადობისა და თერმოდრეკადობის თეორიები. მყარი სხეულის მექანიკა, ფოროვან გარემოთა მექანიკა, მიკრო- და ნანომექანიკა, მათ. ფიზიკა, დიფერენციალური და ინტეგრალური განტოლებები. მის შრომებში გამოკვლეულია დრეკადობისა და თერმოდრეკადობის ამოცანები მიკროსტრუქტურის მქონე სხეულებისთვის (ბინარული ნარევი, მარტივი და მრავალგვარი ფოროვნობის მქონე მასალები და სხვ.). ბინარულ ნარევთა თეორიაში დაამტკიცა ლორენცის პოსტულატი საკუთრივი რხევის სიხშირეების ასიმპტოტური განაწილების შესახებ (1996). გამოქვეყნებული აქვს 4 მონოგრაფია, 1 სახელმძღვანელო და 110-ზე მეტი სამეცნ. სტატია. მონაწილეობა მიიღო 28 საერთაშ. კონგრესსა და 80-ზე მეტ საერთაშ. კონფერენციაში. არის 9 საერთაშ. სამეცნ. საზ-ების წევრი: ამერიკის მათ. საზ-ება (1999-დან); ნიუ-იორკის მეცნ. აკად. (1995-დან); ამერიკის მექან. ინჟინერთა საზ-ება (2015-დან), სამოქალაქო ინჟინერიის ამერიკული საზ-ება (2018-დან); ინდუსტრიული და გამოყენებითი მათ. საზ-ება (2006-დან); გამოყენებითი მათ. და მექანიკის საერთაშ. საზ-ება (1996-დან); ევროპის მექან. საზ-ება (2009-დან); ევროპის ბიომექანიკის საზ-ება (2006-დან); ფოროვან გარემოთა საერთაშ. საზ-ება (2012-დან). არის საერთაშ. ჟურნ. ასოცირებული რედ.: Journal of Thermal Stresses (2020-დან), Le Matematiche (2009-2016), სარედაქციო საბჭოს წევრი Acta Mechanica (2020-2023), Trends in Applied Sciences Research (2007-2010). მიწვეული იყო ნეაპოლის, სალერნოს, კატანიას, ბარსელონას, ესენის და კონსტანტცის უნი-ტებში როგორც სტუმარი პროფესორი. დაჯილდოვებულია საქართვ. ეროვნ. პრემიით (2023) და ილია ჭავჭავაძის მედლით (2021). მისი ბიოგრაფია შეტანილია წიგნში „ვინ ვინაა მსოფლიოში“ (2006, აშშ). ყოველწლიურად შეყვანილია მსოფლიოს წარმატებულ მეცნიერთა 2%-იან სიაში (2020-2025). მიღებული აქვს რუსთაველის ეროვნ. სამეცნ. ფონდის 6 გრანტი (2006-დან), ნეაპოლის უნი-ტის გრანტი (2004), გერმანიის აკად. გაცვლის სამსახურის გრანტი (1995).
თხზ.: Svanadze, M. Potential Method in Mathematical Theories of Multi-Porosity Media, Interdisciplinary Applied Mathematics, vol. 51, Springer Nature Switzerland AG, 302 p.