-
ავტორი
- კატეგორიები: ქიმიკოსი საპატიო დოქტორი
სუვოროვი ნიკოლოზ (Суворов Николай, 15.IX.1922-1999), თსუ-ის სამეცნ. საბჭომ ქიმიის მეცნ. დოქტორი, დ. ი. მენდელეევის სახ. რუსეთის ქიმიურ-ტექნოლოგიური უნ-ტის პროფესორი, საპატიო დოქტორად აირჩია (5.VI.1995)
ს. ნ. ქიმიურ მეცნ. დოქტორი, ერთ-ერთი ავტორიტეტული მეცნიერია ორგანული ქიმიის, ბიოქიმიური ტექნოლოგიებისა და რადიობიოლოგიის, ბუნებრივი და ბიოლოგიორად აქტიური ნივთიერებების ქიმიის სფეროში. იგი არის 160 გამოგონებისა და 700-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომის ავტორი. მათ შორისაა: „რადიაციული დაზიანების პროფილაქტიკის საშუალებათა ქიმია და ფარმაკოლოგია“ (1957), „ცხიმოვანი რიგის ორგანული ნაერთების მიღების ძირითადი მეთოდები“ (1979), „ორგანულ ნაერთთა ძირითადი კლასების ტიპური რეაქციები“ (1981).
ს. ნ. მოსკოვის სახელმწ. უნ-ტის ქიმიის ფაკ-ტის სტუდენტი გახდა (1940). ერთი წლის შემდეგ მოხალისედ წავიდა ფრონტზე, საიდანაც ავადმყოფობის გამო დემობილიზებულ იქნა (1943). იგი მოსკოვის უნ-ტში დაბრუნდა და ბაკალავრის საფეხურის წარმატებით დასრულების შემდეგ, ჩააბარა ასპირანტურაში ბუნებრივი შენაერთების ქიმიის სპეციალობაზე ზელინსკის სახ. ორგანული ქიმიის ინ-ტში (1947). აკად. ვ. მ. როდიონოვის ხელმძღვანელობით წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია (1950).
ს. ნ. მოსკოვის ქიმიურ-ტექნოლოგიური ინ-ტის ორგანული ქიმიის კათედრის ასისტენტ-თანამშრომელი იყო (1950-1952). ვ. მ. როდიონოვის რეკომენდაციით ს. ნ. უფროს მეცნიერ-თანამშრომლად მიიღეს სამეცნიერო-კვლევით ქიმიურ-ფარმაცევტულ ინ–ტში (1952), შემდეგ უკვე ხელმძღვანელ თანამდებობაზე გადავიდა (1953).
ს. ნ-მ წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია (1962) და მას პროფესორის ხარისხი მიანიჭეს (1963). ამავე წელს დ. ი. მენდელეევის სახ. მოსკოვის ქიმიურ-ტექნოლოგიურ ინ-ტში დაბრუნდა და 25 წლის განმავლობაში ორგანული ქიმიის კათედრის გამგის თანამდებობა ეკავა (1964). ამავდროულად, იგი ხელმძღვანელობდა საკავშ. სამეცნ.-კვლ. ქიმიურ-ფარმაცევტული ინ-ტის კორტიკოსტეროიდების ლაბორატორიას და სიცოცხლის ბოლომდე წარმატებულ პედ. მოღვაწეობას ეწეოდა.
ს. ნ. 25 ქართველი ქიმიის მეცნ. კანდიდატის ხელმძღვ. და თანახელმძღვანელია. მისი ინიციატივით საქართველოში დაარსდა ჰეტეროციკლურ ნაერთთა ქიმიის სამი სამეცნ. ცენტრი: თსუ-ში, სტუ-სა და მეცნ. აკად. ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინ-ტში.