სულაქველიძე გიორგი კონსტანტინეს ძე (5.V.1913, ქ. დონის როსტოვი, 20. VIII. 1983, თბილისი), გეოგრ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი (1957), სსრკ სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1961). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკა-მათემატიკის ფაკ-ტი (1939). შემდეგ მიდის II მსოფლიო ომში (1941-1943), მონაწილეობდა მ. იალბუზიდან ფაშისტური გერმანიის დროშის მოხსნის ოპერაციაში. გაიარა გეოფიზიკის ინ-ტის ასპირანტურის კურსი (1947), ლექციებს კითხულობდა სოხუმის პედ. ინ-ტში (1946-1948). მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. საბუნებისმეტყველო და მათ. განყ-ბის სწავლულ მდივნად (1948-1951), გეოფიზიკის ინს-ტში ჯერ უფრ. მეცნიერ-თანამშრომლად (1951-1952), შემდეგ დირექტორის მოადგილედ სამეცნ. დარგში (1952-დან). ს. გ. ხელმძღანელობდა იალბუზის მაღალმთიან ექსპედიციას (1955-1961), რ-იც მოგვიანებით გადაკეთდა მაღალმთიან გეოფიზიკის ინს-ტად (1962), რ-ის დირექტორი თავად გახდა (1970-მდე). ინ-ტში ჩატარებულმა კვლევებმა და სამეცნ. შედეგებმა მეცნიერთა კოლექტივს მსოფლიო აღიარება მოუტანა. ამავე პერიოდში ს. გ. კითხულობდა ლექციებს ყაბარდო-ბალყარეთის სახელმწ. უნ-ტში. იგი გახდა თსუ-ის მეტეოროლოგია, კლიმატოლოგია, ოკეანოლოგიის კათედრის გამგე (1970-დან). კითხულობდა ლექციებს შემდეგ საგნებში: თეორ. მექანიკა, თეორ. ფიზიკა, ატმოსფეროს ფიზიკა, ღრუბლების მიკროფიზიკა, გეოფიზიკის საფუძვლები, ღრუბლებზე ზემოქმედება და სხვ. ს. გ.-ის სადოქტორო დისერტაცია დაიცვა თემაზე „თოვლის საფარის ფიზიკური თვისებები“ (1955, ლენინგრადი). შეისწავლა თოვლის ზვავების დინამიკა, ჩაატარა ორიგინალური გამოთვლები ნაგებობებზე ზვავის დარტყმის ძალაზე, აღმოაჩინა თოვლის საფარში სითბოს გადაცემის ახალი მექანიზმი და დაადგინა სითბოს გამტარებლობის ეფექტური კოეფიციენტი. ს. გ.-ის ნაშრომები ეხება აგრეთვე ღრუბლების ფიზ. და მათზე ზემოქმედების საკითხებს. მისი ხელმძღვანელობით შეიმუშავეს თავსხმა ნალექების წარმოშობის თეორია, სეტყვის კერების ღრუბლების აღმოჩენის რადიოლოკაციური და მათზე ზემოქმედების ორიგინალური მეთოდები. ბოლო წლებში მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია ტროპიკული ციკლონების თეორიასა და ატმოსფეროს თერმოდინამიკის საკითხების შესწავლის საქმეში. მისი ხელმძღვანელობით შემუშავდა თავსხმა ნალექების წარმოშობის ჰიპოთეზა, ღრუბლებში სეტყვის კერების აღმოჩენის რადიოლოკაციური და მასზე ზემოქმედბეის მეთოდები. ს. გ. -ს გამოქვეყნებული აქვს 170-ზე მეტი ნაშრომი, რომლებიც დაიბეჭდა ქართულ, ინგლისურ, გერმანულ, პოლონურ, ჩეხურ, ესპანურ და სხვა ენებზე. მიღებული ჰქონდა 5 გამოგონების საავტორო მოწმობა. მინიჭებული ჰქონდა სახელმწ. პრემია (1969), ბ. მულტანოვსკის პრემია (1970), ყაბარდო-ბალყარეთის მეცნ. დამს. მოღვაწის საპატიო წოდება (1968), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწის საპატიო წოდება (1975). დაჯილდოებული იყო სახ. მეურნეობის მიღწევათა ოქროს მედლით, ყაბარდო-ბალყარეთის უმაღლ. საბჭოსა და სპორტული საბჭოს საპატიო სიგელებითა და სხვ.
თხზ.: Sulakvelidze, G.K.; Kiziriya, B.I.; Tsykunov, V.V. (1974) Progress of Hail Suppression Work in the USSR Chapter 11 of Weather and Climate Modification. Wiley, New York, pp. 410-431; Сулаквелидзе, Г. К. (1980). Термодинамика тропосферы. Изд. ТГУ; Сулаквелидзе, Г.К. (1988). Ливневые осадки в горных странах на примере Закавказья, Тб., ТГУ; სულაქველიძე, გ.; ხიდაშელი, ნ. (1985). ღრუბლების მიკროფიზიკა. ლექციების კურსი მეტეოროლოგიის, კლიმატოლოგიისა და ატმოსფეროს ფიზიკის სპეც. სტუდენტებისათვის. უნ-ტის გამ-ბა.
ლიტ.
ხარაძე კ., ჯავახიშვილი შ. (2003). მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. გამომც. განათლება, ISBN 9992806982.