-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
სლეპჩენკო ლეონიდ ალექსის ძე (10.VII.1943-09.IV.2000). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1966) და ასპირანტურა, თეორ. ფიზიკის სპეციალობით (1969). ს. ლ.-ს მიენიჭა ფიზ. მათ. მეცნ. კანდ. (1970) და დოქტორის ხარისხები (1984), სადოქტორო სადისერტაციო ნაშრომი: „ინკლუზიური პროცესები დიდი განივი იმპულსებით კვანტურ ქრომოდინამიკაში“ (JINR, დუბნა, რუსეთი). ს. ლ. მუშაობდა თსუ-ის ბირთვული ფიზიკის პრობლემურ ლაბორ. უმცროსი (1969-1973), უფრ. (1973-1980) და მეცნიერ- თანამშრომლის პოზიციებზე; მუშაობა განაგრძო ამ ლაბორატორიის ბაზაზე ჩამოყალიბებულ მაღალი ენერგიების ფიზიკის ინ-ტში (1980-დან), სადაც იყო მაღალი ენერგიების თეორ. ფიზიკის ლაბორ. ხელმძღვ. (1982-დან). ს. ლ. სხვადასხვა დროს სხვადასხვა ხანგრძლივობის სამეცნ. მივლინებით მუშაობდა ბირთვული კვლევების გაერთ. ინ-ტში (JINR, დუბნა, რუსეთი) და ბევრ სამეცნ. ცენტრში სსრკ-ის ფარგლებს გარეთ: პოლონეთი (1974), ჩეხოსლოვაკია (1983), ბულგარეთი და გდრ (1985), გფრ (1987-1991); იგი იმ ფიზიკოსთაგანია, რ-თაც პირველებმა „შეაბიჯეს“ და დაიწყეს ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაში ახ. მიმართულებების განვითარება: სამგანზომილებიანი ფორმალიზმი ველის კვანტური თეორიაში, ნაწილაკების ძლიერ ურთიერთქმედებებში მიმდინარე პროცესების ფენომენოლოგია, მაღალ ენერგიებზე ნაწილაკების მრავლობითი გენერაცია. ს. ლ. კითხულობდა თეორ. ფიზიკის ლექციათა კურსს თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტის თეორ. და ბირთვული ფიზიკის კათედრებზე. იყო. მრავალი სადიპლომო და 10-ზე მეტი საკანდიდატო სადისერტაციო ნაშრომის ხელმძღვ.; მრავალი წელი ითვლებოდა შეუდარებლად მისი მუდმივად განახლებადი ლექციათა კურსები ელემენტარული ნაწილაკების „თანამედროვე“ თეორიაში; არის 100-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომის ძირითადი ავტორი, რ-თა უმეტესობა გამოქვეყნებულია მაღალი იმპაქტ ფაქტორის მქონე საერთაშ. სამეცნ. ჟურნ., ასევე განთავსებულია მაღალი ენერგიების ფიზიკის საერთაშ. სამეცნ. ბაზაში, მაგ.: „Relativistic quasipotential model of particle scattering at high energies“ (Phys.Lett.B, 29, 191-192, 1969); „Quasipotential theory of high-energy hadron scattering“ (Phys.Rev.D, 4, 849-861, 1971); „Considering of the Internal Longitudinal Motion of a Composite System in the Eikonal Approximation of the Three-Body Relativistic Problem“ (Theor.Math.Phys. 24, 663, 1976). მისი კვლევის შედეგები აქტუალური იყო ბევრ პრესტიჟულ კონფერენციასა და სემინარზე; ნაყოფიერი სამეცნ. და პედ. მოღვაწეობისთვის მიენიჭა პროფესორის წოდება (1991); ასევე მიიღო საქართვ. ლენინური კომკავშირის პრემია, ნაშრომთა ციკლისათვის: „ადრონთა გაბნევა მაღალ ენერგიებზე კვაზიპოტენციალური მიდგომით“ (1973); გადაეცა JINR-ის ნომინაციით #1 პრემია განსაკუთრებული მიგნებებისათვის ფიზიკაში (1984).