-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
სილაგაძე ზურაბ კარლოს ძე (03.II.1957, ცაგერი). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1979). იყო პროფ. ან. ხელაშვილის ასპირანტი მაღ. ენერგიების ფიზიკის ინ-ტში (1979-1985). შემდეგ იგი გადავიდა ნოვოსიბირსკში და ჩაირიცხა ბირთვული ფიზიკის ინ-ტში, ლაბორატორია 3-1-ში (1985). მონაწილეობა მიიღო დაბალი ენერგიის ელექტრონულ-პოზიტრონულ კოლაიდერ VEPP-2M-ზე ჩატარებულ ექსპერიმენტებში. ამავდროულად, ლაბორატორიაში დაიწყო ახალი სფერული ნეიტრალური დეტექტორის მშენებლობა და მას დაევალა მონაწილეობა მიეღო NaJ კრისტალებზე დაფუძნებულ ელექტრომაგნიტური კალორიმეტრის შექმნაზე მუშაობაში. მოგვიანებით, მან ასევე მონაწილეობა მიიღო კალორიმეტრის ელექტრონული არხის შემუშავებასა და ტესტირებაში, სფერულ ნეიტრალურ დეტექტორზე ჩატარებულ ექსპერიმენტებში და მიღებული ექსპერ. ინფორმაციის დამუშავებაში. ექსპერიმენტულ სამუშაოებთან ერთად, ს. ზ.-მ გამოაქვეყნა არაერთი თეორიული ნაშრომი, მათ შორის კვანტური ელექტროდინამიკისა და ქირალური მოდელების სფეროში. ამ ნაშრომებზე დაყრდნობით, მან დაიცვა თეორ. და მათემატიკური ფიზიკის კანდიდატის ხარისხი (1995). ამჟამად მუშაობს ბუდკერის ბირთვული ფიზიკის ინ-ტში უფრ. მეცნ.-თანამშრომლად და ნოვოსიბირსკის სახელმწ. უნ-ტში ასისტენტ-პროფესორად, ეწევა აქტიურ სამეცნ. და სამეცნ.-პედაგოგიურ მოღვაწეობას. არის 260-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომის და რამდენიმე სასწ.-მეთოდიკური სახელმძღვანელოს (რუსულ ენაზე) ავტორი და თანაავტორი. სამეცნ. ინტერესები: ექსპერიმენტული და თეორ. ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკა, მაღ. ენერგიების ფიზიკა, კლასიკური და კვანტური მექანიკა და ველის თეორია, თეორ. ფიზიკა, ასტროფიზიკა.