შველიძე დიმიტრი შალვას ძე
შველიძე დიმიტრი შალვას ძე

შველიძე დიმიტრი შალვას ძე (9.V.1948, თბილისი), ისტორიკოსი, პროფესორი. დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკ-ტი (1972). არის ისტორიის მეცნ. კანდ. (1981), ისტორიის მეცნ. დოქტორი (1998). საქართვ. სსრ ცენტრ. სახელმწ. არქივი (1972-73). საქართვ. მეცნ. აკად. ხალხთა მეგობრობის მუზეუმის უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (1973-1991). საქართვ. უზენაესი საბჭოს პოლიტ. ისტ. და თეორიის ცენტრის უფრ. მეცნიერ– თანამშრომელი (1991-1992). თსუ-ში იყო პოლიტ. პარტიების ისტორიის კათედრის დოცენტი (1992-1998), საქართვ. ისტორიის კათედრის პროფესორი (1998-2006), თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის საქართვ. ისტორიის სასწ.-სამეცნ. ინ-ტის ასოცირებული პროფესორი (2006-დან). არის 30 მონოგრაფიისა და წიგნის, 5 სასკოლო და საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოს, 450-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომის, სტატიის, რეცენზიისა და პუბლიკაციის ავტორი (ზოგიერთ შემთხვევაში — თანაავტორი). მის ნაშრომებში ქართ. ისტორიოგრაფიაში პირველად იქნა მეცნიერულად შესწავლილი საქართვ. სოციალისტ-ფედერალისტების პარტიის, აგრეთვე, ეროვნულ-დემოკრატების, ესერების, ანარქისტების ისტ. საკითხები:„პოლიტიკური პარტიების წარმოშობა საქართველოში. ფედერალისტები“, ნაკვეთი პირველი, (1993), რასაც მოჰყვა პოლიტ. პარტიების ისტორიის მეცნ. კვლევის დაწყება საქართველოში. შ. დ.-ს  ნაშრომების საფუძველზე თსუ-ში განხორციელდა საქართვ. პოლიტ. პარტიების ისტორიის სასწ. საგნის სწავლება. შემაჯამებელი იყო შ.დ.–ს ორი ნაშრომი: ,,პოლიტიკური პარტიები საქართველოში“ ტ. 10. (2022) და ,,საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტია (წარმოქმნიდან ლიკვიდაციამდე. 1895-1923)(2025). შ. დ.-ს ნაშრომებით ქართვ. საზ-ების ისტორიულ მეხსიერებას დაუბრუნდა გამოჩენილი პოლიტ. მოღვაწეების ვ. ჩერქეზიშვილის, გ. დეკანოზიშვილის, გ. ლასხიშვილის, ა. ჯორჯაძის და სხვ. დავიწყებული სახელები და მოღვაწეობა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მონოგრაფია: „აი, ვინ იყო, ქართველნო, ვარლამ ჩერქეზიშვილი“, რომელიც გამოიცა ორჯერ  (2001, 2021). შემაჯამებელი იყო ორი ფუნდამენტური ნაშრომი: შ. დ.-ს სამეცნ. ხელმძღვანელობითა და რედაქტორობით გამოქვეყნდა 1918-1921 წლების „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ენციკლოპედია-ლექსიკონი“ (2018). შ. დ.-ს მეცნ. კვლევის მეორე მიმართულებას წარმოადგენს 1980-90-იანი წლების პოლიტ. პროცესების შესწავლა, მათ შორის ფუნდამენტური ნაშრომი 1991-1992 წლების შეიარაღებული სახელმწ. გადატრიალების შესახებ: „პოლიტიკური დაპირისპირებები და ეროვნული ხელისუფლების დამხობა საქართველოში (1987-1992)“, რომელიც გამოიცა ორჯერ (2008, 2021). შ. დ-ს მეცნ. კვლევის მესამე მიმართულება მოიცავს თანამედროვე ეტაპზე მიმდინარე საზ–ებრივ-პოლიტ. პროცესებს. მის პუბლიკაციებში გაანალიზებულია საქართვ. საგარეო პოლიტიკის, ქვეყნის პროდასავლური კურსის და სხვ. აქტუალური საკითხები. შ. დ-ს რამდენიმე ნაშრომი მიეძღვნა გვიან შუა სს პერიოდს, რ-ებშიც შეისწავლებოდა პოლიტ. შეუღლებები ძვ. საქართველოში; ახ. მასალები ერეკლე მეორის შესახებ; რუსეთ-საქართვ. ურთიერთობის საკითხები, XIX ს-ის საქართვ. ეროვნ.-განმათ. მოძრაობის პრობლემები. არაერთი ისტ. მოვლენა ახლებურად იქნა გააზრებული და დასაბუთებული: 1832 წლის შეთქმულების, როგორც „შეთქმულებრივი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობის“ კვალიფიცირება; ახალმიკვლეული მასალების საფუძველზე ი. ჭავჭავაძის ეროვნ. პროგრამის პოლიტ. ასპექტებით გაფართოება; მისი რუსეთის სახელმწ. საბჭოში მოღვაწეობის შესახებ უცნობი მასალების  მიკვლევა; ი. ჭავჭავაძის ნააზრევის წარმოჩენა ქართვ. ერის წარმოშობისა და ფორმირების ეტაპების შესახებ და ა.შ. შ.დ.-ს თანაავტორობით შედგენილი სახელმძღვანელოებით, თსუ-ის ისტორიის მიმართულებაზე ისწავლება XIX-XXI სს საქართვ. ისტ. (2003-დან). შ. დ-ს სამეცნ. ხელმძღვანელობითა და რედაქტორობით თსუ-ის სტუდენტთა საავტორო ჯგუფებმა მოამზადეს რამდენიმე გამოცემა, რ-ებიც გამოქვეყნდა, მათ შორის: „დამოუკიდებლობის 1028 დღე. საქართველოს პირველი რესპუბლიკის ყოველდღიური მატიანე“(2013) და „440 დღე საქართველოს დამოუკიდებლობამდე. ყოველდღიური მატიანე“ (2019). შ. დ-ს მიღებული აქვს საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. საპატიო სიგელი ისტორიის დარგში სამეცნ. მიღწევებისათვის.

თხზ.: შველიძე, დ. (2005). ევროპული ცნობები ერეკლე მეორის შესახებ. თბ., არტანუჯი;  შველიძე, დ. (2012). გზა დასავლეთისაკენ . პუბლიკაციების კრებ. თბ., უნივერსალი. ISBN 9789941175684; შველიძე, დ. (2014). საქართველოს მფარველობა და დაპყრობა რუსეთის მიერ. თბ., მერიდიანი ISBN9789941109294; შველიძე, დ. (2014). 1832 წლის შეთქმულებრივი მოძრაობის ისტორიიდან. თბ., უნივერსალი ISBN9789941223082; შველიძე, დ. (2019). ქართველთა ლაშქრობა სპარსეთსა და ხორასანში. თბ., წიგნი-ერი. ISBN9789941963278; შველიძე, დ. (2021).  „საქართველოს უახლესი ისტორია (1917-2012). თბ., მერიდიანი, ISBN 9789941340185; შველიძე, დ. (2023). ნაშრომების ანალიტიკური ბიბლიოგრაფია. თბ., გამომც. მერიდიანი, ISBN9789941343186.   

ლიტ.: პროფესორი დიმიტრი შველიძე. საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. მაცნე №1. თბ., 2018.