- კატეგორიები: ფიზიკოსი
შურღაია ავთანდილ ვალერიანის ძე (19.II.1945, ქ. თბილისი). დაამთავრა ქ. თბილ. 62-ე საშ. სკოლა ოქროს მედალზე (1963), თსუ-ის ფიზ. ფაკ-ტი წითელ დიპლომზე სპეციალობით თეორ. ფიზ. (1969). იმავე წელს ჩაირიცხა თსუ-ის ასპირანტურაში და მივლინებული იქნა ასპირანტურის კურსის გასავლელად პროტვინოს (რუსეთი, მოსკოვის ოლქი, ყოფილი სსრკ) მაღალი ენერგიების ფიზ. ინ-ტში, იქვე დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია (1974). მისი სამეცნ. ინტერესის სფეროს წარმოადგენდა ველის კვანტური თეორია და მაღალი ენერგიების ფიზიკა, კონკრეტულად ურთიერთქმედი ველების სიმეტრიის თვისებები და მათი ძირითადი და აღგზნებული მდგმარეობების ენერგიები. მის მიერ შემუშავებულ იქნა შეშფოთების თეორია ურთიერთქმედი სისტემის ნებისმიერი სიმეტრიისთვის ძლიერი ურთიერთქმედების ზღვარში როგორც რელატივისტურ, ასე არარელატივისტურ თეორიაში. მან გამოიკვლია ველის კვანტური თეორიის მოდელები და აჩვენა, რომ არარელატივისტურად ინვარიანტული სისტემის მდგომარეობის ენერგიები იკვანტება ურთირერთქმედი ველების კლასიკური განფენილი მდგომარეობების მახლობლობაში და კვანტური მდგომარეობების ენერგიები აღიწერება რ-ც სამგანზომილებიანი სივრცის სიმეტრიის ჯგუფის ინვარიანტებით, ასევე შინაგანი სიმეტრიის ჯგუფის ინვარიანტებით. გამოკვლეული იქნა აგრეთვე მოდელები სიმეტრიის გარკვეული დარღვევების შემთხვევები და ნაჩვენები იქნა, რომ სიმეტრიული ენერგეტიკული დონეები შესაბამისად იხლიჩება. რელატივისტური სიმეტრიის შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ სისტემის ევოლუცია ხდება არა მინკოვსკის სივრცის ბრტყელ სამგანზომილებიან ზედაპირზე შრედინგერის განტოლებით, არამედ სივრცისმაგვარ ზედაპირზე, რომელზეც ევოლუციის ოპერატორი დაიყვანება მინკოვსკის სივრცეში განმარტებული მასშტაბული გარდაქმნების ოპერტორზე, ხოლო ენერგიები იკვანტება ლორენცის ჯგუფის ინვარიანტებით. შ. ა.-მ შეიწავლა აგრეთვე ველის კვანტურ თეორიაში ფაზური გადასვლები კლასიკურ თერმულ პროცესსა და კვანტურ გაჟონვის პროცესებს შორის, რ-ებიც აღწერენ გადასვლებს სისტემის სიმეტრიულ და დარღვეულ სიმეტრიულ მდგომარეობებს შორის. აღნიშნული თემატიკა ვ. გოგოხიასთან ერთად შესწავლილ იქნა ყალიბურად ინვარიანტულ კვანტურ ქრომოდინამიკაში და გამოკვლეულ იქნა სისტემის ყოფაქცევა ტემპერატურის მიხედვით. ნაჩვენები იქნა პირველი გვარის ფაზური გადასვლის არსებობა. შ. ა. არის ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტის თანამშრომელი (1972-დან). მას ჰქონდა მჭიდრო სამეცნ. თანმშრომლობა პროტვინოს მაღალი ენერგიების ფიზ. ინ-ტის მეცნიერებთან, აგრეთვე კაიზერსლაუტერნის უნ-ტის სამეცნ. ჯგუფთან (გერმანია). მას ეკავა კაიზერსლაუტერნის უნ-ტის ასისტენტ პროფესორის თანამდებობა (1999-2001). შ. ა. (მის ერთ-ერთ თანავტორ ვ. გოგოხიასთან ერთად) გახდა საქართვ. ეროვნ. პრემიის ლაურეატი მეცნიერებაში შეტანილი წვლილისთვის (2015). შ. ა. სტუდენტობის წლებიდან მოყოლებული გატაცებული იყო ქართ. მუსიკალური ფოლკლორით. იგი იყო საქართვ. მეცნ. აკადემიასთან დაფუძნებული ფოლკლორული ანსმაბლის “ფაზისი” წევრი, რ-იც დაფუძნების დღიდან ორმოცი წლის განმავლობაში ახორციელებდა სასცენო მოღვაწეობას და სარგებლობდა საყოველთაო აღიარებით. ანსამბლის ჩანაწერებით გამოიცა რამდენიმე ფირფიტა და კომპაქტ-დისკი. შ. ა. ანსამბლის წევრებთან ერთად დაჯილდოვდა ღირსების ორდენით ფოლკლორის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის (2001).