შუბითიძე ფრიდონ ივანეს ძე
შუბითიძე ფრიდონ ივანეს ძე

შუბითიძე ფრიდონ ივანეს ძე (20.I.1971სოფ. კოჩარა, ოჩამჩირის რ-ნი), დაამთავრა თსუ-ის სოხუმის ფილიალის ფიზ.-მათ. ფაკ-ტი (1994); სწავლობდა თსუ-ის ასპირანტურაში (1994-1997); დაიცვა საკანდიდატო  დისერტაცია ფიზ.-მათ. მეცნ. კანდიდატის წოდების მოსაპოვებლად (1997); მუშაობდა თსუ-ს სოხუმის ფილიალში, ჯერ მასწავლებლად, შემდეგ დოცენტად, კითხულობდა ლექციებს და ხელმძღანელობდა ასპირანტურის განყ–ებას (1994-1998). საკანდიდატო დისერტაციის დაცვის შემდეგ მიიღო საბერძნეთის სახლმწ. გრანტი და მოღვაწეობა განაგრძო ათენის ტექნიკურ უნ-ტში, როგორც პოსტ-დოქტორანტმა (1998-დან). გარდა საბერძნეთისა შ.ფ. მოღვაწეობდა კანადაში, „ბრიტიშ კოლუმბიის“ უნ-ტში. ათენში მუშაობის პერიოდში შეიტყო, რომ ამერიკაში ეძებდნენ მეცნ.-თანამშრომელს გამოყენებითი ელექტროდინამიკის მიმართულებით. მან თავისი მონაცემები ელექტრონული ფოსტით გააგზავნა და, მალე მიიღო შეტყობინება, რომ იგი აიყვანეს ამერიკის ერთ-ერთი ელიტარული და უძველესი კოლეჯის - Dartmouth-ის პროფესორ/მასწავლებლად (2000). დართმოუთის უნ-ტში მან დააარსა და ხელმძღვანელობს ელექტრო-მაგნიტური ველების ზონდირების ლაბორატორიას, სადაც ასპირანტები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებიდან ჰყავს. ქართვ. მეცნ. მიერ ჩამოყალიბებულმა სამეცნ. ჯგუფმა მონაწილეობა მიიღო ისეთ პროექტებში, როგორებიცაა: კიბოს განკურნება; აუფეთქებელი ბომბების აღმოჩენა და იდენტიფიცირება; მზის მაგნ. ველების დასხივება დედამიწაზე; ადამიანის დეზოქსირიბონუკლეინის მჟავის (დნმ) გაშიფვრა; ახალი ბიო-დეგრედირებული მასალების გამოკვლევა და მათი ტესტირება კოსმოსში; ახალი რადარების დიზაინი; რიცხვითი მოდელებისა და პროგრამული პაკეტების შემუშავება და სხვა. თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან მეცნიერებთან; მას ეკუთვნის 200-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომი; არის სხვადასხვა ორგანიზაციის საპატიო წევრი; მიღებული აქვს ამერიკის თავდაცვის, ენერგიის სამინისიტროებისა და ბუნების დაცვის სააგენტოს წლის საუკეთესო პროექტის ჯილდო. ამჟამად შ.ფ. ფიზიკის დოქტორი და დართმოუთის უნ-ტის პროფესორია.