შევარდნაძე მერაბ გიორგის ძე(6.V.1926, ხიდისთავი, ახლანდ. ჩოხატაურის მუნიციპ. – 4. IX. 2006), ბიოლ. მეცნ. კანდიდატი, პროფესორი (1990). დაამთავრა თსუ-ის ბიოლოგიის ფაკ-ტი(1950) და მუშაობა დაიწყო გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტის ნიადაგთმცოდნეობის კათედრაზე. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „საქართველოს სამხრეთ მთიანეთის დასავლეთ ნაწილის მთა-ტყის ნიადაგები“ (1961). მასში მოცემულია მანამდე ნაკლებად შესწავლილი გურიისა და აჭარის ნიადაგების შედგენილობის, თვისებების, კლასიფიკაციისა და გამოყენების საკითხები. შ.მ.-ს გამოქვეყნებული ჰქონდა 70-ზე მეტი სამეცნ., სამეცნ.-მეთოდური, სამეცნ.-პოპულარული ნაშრომები. იგი იკვლევდა აფხაზეთის, ჯავახეთის, თუშეთის და საქართვ. სხვა მხარეების ნიადაგებს, ეროზიულ პროცესებსა და გაჭუჭყიანების საკითხებს, ურთიერთდამოკიდებულებას ნიადაგებსა და მცენარეულ საფარს შორის. შ.მ. დაჯილდოებული იყო ვ. დოკუჩაევის საიუბილეო დიპლომით, ივ. ჯავახიშვილის საიუბილეო მედლით, ვ. ბაგრატიონის სახელობისა და ივ. ჯავახიშვილის სახ. უნ-ტის პრემიებით.
თხზ.:შევარდნაძე, მ. (1972). მესხეთის ნიადაგები. თსუ-ის შრომები, სერია A - ფიზ.-მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი, თბ., N 3, გვ. 199-211; შევარდნაძე, მ. (1975). თუშეთის ნიადაგების ორგანული ნივთიერების შედგენილობის შესწავლა. საქართვ. სსრ მეცნ. აკად. მოამბე, N 1, თბ., ტ. 80, გვ. 133-136; შევარდნაძე, მ.; (თანაავტორი). (1981). კახეთის კავკასიონის ტყის ყომრალი ნიადაგები. თსუ-ის შრომები, გეოგრ.-გეოლ., თბ., ტ. 223, გვ. 50-57; შევარდნაძე, მ. (1991). საქართველოს ნიადაგები: [ზოგადი მიმოხილვა], ისტორია და გეოგრაფია სკოლაში, N 3-4, გვ. 72-80; ხარაძე, კ., ჯავახიშვილი, შ. (2003). მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. გამომც. განათლება, გვ. 272, ISBN 9992806982.