შევარდნაძე დიმიტრი ირაკლის ძე
შევარდნაძე დიმიტრი ირაკლის ძე

შევარდნაძე დიმიტრი ირაკლის ძე (1.XII.1885, სოფ. ბახვი, ოზურგეთის რ-ნი - 13.IX.1937, თბილისი), ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი, რესტავრატორი, საქართველოში სამუზეუმო საქმის ფუძემდებელი, 1920-30-იანი წლების საქართვ. კულტ. ცხოვრების მოთავე და მონაწილე. შ. დ.–მ ქუთაისის რეალური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა სტიპენდიით საზღვარგარეთ გაემგზავრა უმაღლ. განათლების მისაღებად (1906). მცირე ხანს ძმასთან ცხოვრობდა ციურიხში. სწავლობდა მიუნხენის სამხატვრო აკადემიაში (1907-1912). მეცადინეობდა ხოლოშის სახელოსნოში, ამავე დროს ეცნობოდა სამუზეუმო საქმეს (1912). შემდეგ დაბრუნდა საქართველოში (1916). მისი თაოსნობით დაარსდა “ქართველ ხელოვანთა საზოგადოება” და დამფუძნებელ კრებაზე შ. დ. თავ-რის მოადგილედ აირჩიეს. იგი აქტიურად მონაწილეობდა საქართვ. საისტ. და საეთნოგრაფიო საზ–ბის საქმიანობაში, რომლის ნამდვილ წევრადაც ერთხმად აირჩიეს (1911). 20–იან წლებში იყო თბილ. რევკომის წარმომადგენელი თბილ. მუზეუმების დაცვის საქმეში. აირჩიეს კულტურის ძეგლთა დაცვის კომიტეტის თავ–რედ. აღსანიშნავია მისი მოღვაწეობა მუზეუმის კოლექციების დაკომპლექტების სფეროში. დიდია მისი დამსახურება ნ. ფიროსმანაშვილის შესწავლასა და მისი ნამუშევრების სამუზეუმო კოლექციის კუთვნილებად ქცევაში, აგრეთვე ქართ. ისტ. ძეგლების შესწავლასა და დაცვაში. უშუალოდ მონაწილეობდა ნაბახტევის ღვთიმშობლის ეკლესიის (1412–1431) მოხატულობის შესწავლა–რესტავრაციაში (1916). მისი ინიციატივით, მხატვარ–რესტავრატორ შ. აბრამიშვილთან ერთად, კედელს მოშორებული, დასაღუპავად განწირული მოხატულობის ნაწილი ჩამოხსნა და საქართვ. ხელოვნების მუზეუმში გადმოიტანა (1935). შ. დ.–ს თაოსნობით “დიდების ტაძარში” მოეწყო ქართ. ფრესკის I გამოფენა (1917). მისივე ინიციატივით ტრადიციად იქცა ფრესკის ასლების დაცვა საქართვ. მუზეუმებში. მონაწილეობდა ე. თაყაიშვილის თაოსნობით სამხრეთ საქართველოში მოწყობილ ექსპედიციაში. ივ. ჯავახიშვილის გადაწყვეტილებით, მან შექმნა უნ-ტის გერბი და ბეჭედი (დახატა რამდენიმე ვარიანტი, 1918). როგორც საქართვ. განსახკომთან შექმნილი ქართ. სასტამბო შრიფტის გარდაქმნის პროექტზე მომუშავე ჯგუფის წევრმა, ქართ. შრიფტის გრაფ. მოხაზულობის ახ. ვარიანტი შექმნა (1925). ავტორია ფერწერული და გრაფ. პორტრეტებისა, რომელთა შორის გამოირჩევა: “ავტოპორტრეტი” (1910); “ნატიურმორტი ვარდებით” (1913); “ქალი ფანჯარასთან საკერავით” (1913); “მოხუცი პროფილში” (1914); “მათემატიკის მასწავლებელი” (1918). იყო ერთ–ერთი პიონერი ქართულ სათეატრო და კინოს მხატვრობისა. მას ეკუთვნის ზ. ფალიაშვილის ოპერის “აბესალომ და ეთერის” დეკორაციებისა და კოსტიუმების ესკიზები (1924, რეჟ. კ. მარჯანაშვილი), მ. ბალანჩივაძის ოპერის “თამარ ცბიერისა” (1926) და დ. არაყიშვილის ოპერის “თქმულება შოთა რუსთაველზე” (1919) კოსტუმების ესკიზები. პირველი ქართ. პანტომიმის კოსტიუმებისა (თ. ვახვახიშვილის “მზეთამზე”, 1929) და ბუტაფორიების ესკიზები. შ. დ. იყო პირველი ქართ. მხატვრული ფილმის – “ქრისტინეს” დამდგმელი მხატვარი (1916) და აგრეთვე ფილმებისა: “ვინ არის დამნაშავე?” (1925); “ელისო” (1928); “ჯანყი გურიაში” (1929). იგი რეპრესიების მსხვერპლი გახდა (1937).