შეთეკაური შამილ კელოს ძე (10.VII.1955, სოფ. ხონე, დუშეთის მუნიციპ. – 1.VIII.2018, გამარჯვება, გარდაბნის მუნიციპ.), ქართვ. ბოტანიკოსი, მცენარეული მრავალფეროვნების სპეციალისტი, კავკ. და ხმელთაშუა ზღვის ენდემური სახეობების სპეციალისტი. დაამთავრა სას.-სამ. ინ–ტის მებაღეობა-მევენახეობის ფაკ–ტი (1978). სწავლობდა ბოტანიკის ინსტიტუტის ასპირანტურაში (1982-1986). დაიცვა საკანდიდატო, შემდეგ სადოქტორო დისერტაცია თემაზე:,,ცენტრალურ და აღმოსავლეთ კავკასიონის მაღალმთის ფლორის ანალიზი (საქართველოს ფარგლებში) (1999). წლების განმავლობაში იყო თბილ. ბოტან. ბაღისა და ბოტანიკის ინ–ტის მცენარეთა სისტემატიკისა და გეოგრაფიის განყ–ბის მთ. მეცნიერ-მკვლევარი და ხელმძღვ. შ. შ. იყო: თსუ–ის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ–ტის ბიომრავალფეროვნების კათედრის ასისტენტ-პროფესორი (2006–დან); ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების ფიტოტაქსონომიური საერთაშ. საზ–ბის წევრი (OPTIMA, 2002); საერთაშ. გეოგრ. კავშირის წევრი (IGU, 2002); ლონდონის ლინეს წევრი (SLF, 2007); ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის კავკასიის რეგიონალური ექსპერტი (IUCN, 2008); ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ–ტის სამეცნ. საბჭოს წევრი (2008). შ. შ.–ს კვლევის ძირითადი მიმართულება კავკასიონის მაღალმთის ფლორა იყო. მისი სახელი მიენიჭა კავკასიის ენდემური ობობის სახეობას: Incestophantes shetekaurii (Linyphiidae). იგი მონაწილეობდა არაერთ ადგილ. და საერთაშ. პროექტში. აქტიურად მუშაობდა სტუდენტებთან, უძღვებოდა საველე პრაქტიკებს და მუდმივად ცდილობდა ახალგაზრდების დაინტერესებას საქართვ. ფლორის მრავალფეროვნებით. იყო არაერთი საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვ. სხვადასხვა სამეცნ. ჟურნალებში გამოქვეყნებული აქვს შრომები:,,თეთრობის კირქვული მიდამოების ბოტანიკური გეოგრაფიული მრავალფეროვნება და ეკოტოპოლოგიური სტრუქტურა (მცირე კავკასიონი)“, (თსუ-ის შრომები; 2016; 228-245); ,,დიდი და მცირე კავკასიონის მთებში ძირითადი და მიკროელემენტების ატმოსფერული დალექვის წინასწარი შედეგები, შესწავლილი ხავსის ტექნიკით და ნეიტრონული აქტივაციის ანალიზით“, (Ann. Bot. (Roma), 5. გვ. 89-95).
თხზ.:შეთეკაური, შ. (თანაავტორი). (2012). კავკასიის ბილიკები: ხევსურეთი : აღმოსავლეთ საქართველოს მოკლე მიმოხილვით. თბ., სიესტა, ISBN: 9788362473212; შეთეკაური, შ. (თანაავტორი). (2013). საქართველოს ბუნების ატლასი : მცენარეები და ცხოველები. თბ., ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, ISBN: 9789941158599; შეთეკაური, შ. (თანაავტორი). (2016). მესხეთ-ჯავახეთის მაღალმთის ფლორა (მცირე კავკასიონი). თბ., საარი, ISBN: 9789941461309; შეთეკაური, შ. (2016). მესხეთისა და ჯავახეთის მაღალი მთის ფლორა (მცირე კავკასიონი). თბ., საარი, ISBN 9789941461309; შეთეკაური, შ. (2017). თუშ-ფშავ-ხევსურეთის ფლორა : აღმოსავლეთი კავკასიონი. თბ., მერიდიანი, ISBN: 9789941253461.