შერვაშიძე თენგიზ
შერვაშიძე თენგიზ

შერვაშიძე თენგიზ ლევანის ძე (01.I.1946, ქ. თბილისი – 22.X.2017), ქართვ. მათემატიკოსი. წარჩინებით დაამთავრა თბილ. 24-ე საშ. სკოლა (1963), თსუ-ის მექან.-მათ. ფაკ-ტი (1968). ასპირანტურის კურსი დაასრულა მოსკოვის ვ. სტეკლოვის სახ. მათ. ინ-ტში (აკად. ი. პროხოროვის ხელმძღვ., 1971), სადაც დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია (1972). სადოქტორო დისერტაცია დაიცვა თბილ. ნ. მუსხელიშვილის სახ. გამოთვლითი მათ. ინ-ტში (1999). მუშაობდა თსუ-ის მექან.-მათ. ფაკ-ტზე დოცენტის თანამდებობაზე (1972-1985), იყო თბილ. პ. გუგუშვილის სახ. ეკონ. და სამართ. ინ-ტის ალბათობის თეორიისა და მათ. სტატისტ. სექტორის ალბათობის თეორიის განყ-ბის გამგე (1978-1985), ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტის ალბათობის თეორიისა და მათ. სტატისტ. განყ-ბის გამგე (1985-1992), უფრ. მეცნ. თანამშრომელი და წამყვანი მეცნ. თანამშრომელი (1992-2017). სტუ-ის მათ. კათედრის  და საქ. პედ. უნ-ტის დოცენტი (1990-1999), სტუ-ის გამოყენებითი მათ. კათედრის პროფესორი (1999-2013). იყო საქართვ. მათ. კავშირისა და საქართვ. სტატისტ. ასოციაციის წევრი, საერთაშ. სტატისტ. ინ-ტის წევრი, ალბათობის თეორიისა და მათ. სტატისტ. ბერნულის საზ-ბის წევრი. დაარსების დღიდან იყო საქართვ. მათემატიკური ჟურნალის (Georgian Mathematical Journal) პასუხისმგებელი რედაქტორი და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამ პერიოდული გამოცემის საერთაშ. სამეცნ. ასპარეზზე აღიარებასა და დამკვიდრებაში(1994 - 2014). იგი მონაწილეობდა ალბათობის თეორიასა და მათ. სტატისტ. ბაკურიანის ყოველწლიური საკავშირო სკოლა-კოლოქვიუმების ორგანიზებაში და იყო წარდგენილი მასალების გამოცემის რედაქტორი (1979-1990). მონაწილეობდა საქართველოში ალბათობის თეორიის და მათ. სტატისტ. განვითარების ისტორიის კვლევაში. მისი რედაქტორობით გამოიცა ა. რაზმაძის მიერ თსუ-ში წაკითხული პირველი ლექციების კურსი ალბათობის თეორიაში. მონაწილეობდა მრავალ საერთაშ. კონფერენციაში და გამოქვეყნებული აქვს 50-ზე მეტი  ნაშრომი მაღალრეიტინგულ საერთაშ. მათემატიკურ ჟურნალებში. მისი ძირითადი შრომები ეხება ალბათობის თეორიის ინტეგრალურ და ლოკალურ ზღვარით თეორემებს დამოუკიდებელ შემთხვევით ვექტორთა ნორმირებული ჯამებისთვის.

თხზ.: შერვაშიძე, თ. (1980). ალბათობის თეორია (ლექციათა კურსი). თსუ, თბ.; შერვაშიძე, თ. (ა. კირთაძეს, ზ. ქვათაძეს და გ. ფანცულაიასთან ერთად). (2016). მათემატიკური სტატისტიკა ბიზნესსა და ეკონომიკაში. თბ..