შერმადინი ზურაბ გიორგის ძე (15.I.1977, ახალგორი), დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტის ბაკალავრიატი (1998) და მაგისტრატურა (2000). დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „მაგნიტურ ნივთიერებებში ბირთვული სპინური ექოს ფორმირების მექანიზმის კვლევა ბმრ სპექტროსკოპიის იმპულსური მეთოდებით“ (2009). იმყოფებოდა შვეიცარიაში, პაულ შერერის ინ-ტში, სადაც მუშაობდა PhD პროგრამაზე და იკვლევდა მეორე გვარის ზეგამტარებს მაღალი და ზემაღალი წნევების ქვეშ (2009-2013). შედეგად დაიცვა დისერტაცია თემაზე „ზეგამტარობის და მაგნეტიზმის კვლევა რკინაზე დაფუძვნებულ და კუპრატების მაღალტემპერატურულ ზეგამტარებში“(2014). გააგრძელა პოსტდოქტორის პოზიციაზე სამეცნ. კვლევები იმავე - პაულ შერერის ინ-ტში (2016-2018). ამ პერიოდში მისი ხელმძღვანელობით მოხდა ერთერთი ახ. ზეგამტარის Cs0.8 (FeSe0.98)2 აღმოჩენაც და შესაბამისად მისი თვისებების გამოკვლევა ზემაღალი ჰიდროსტატიკული წნევების ქვეშ. მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა ჰიდროსტატიკული წნევის უჯრედის ახ. ტიპის დიზაინი, რ-მაც განავითარა იმ პერიოდში მსოფლიოში რეკორდული წნევა, კერძოდ 2.5 გიგაპასკალი 5 მმ ცილინდრული ფორმის ნიმუშზე. შ. ზ. არის 60 ზე მეტი სამეცნ. ნაშრომის ავტორი და თანაავტორი, მათ შორის: ,,Coexistence of Magnetism and Superconductivity in the Iron-Based Compound Cs0.8(FeSe0.98)2“, (Phys. Rev. Lett. 106, 117602, 2011); ,,Synthesis and crystal growth of Cs0.8(FeSe0.98)2: a new iron-based superconductor with Tc = 27 K“, (J. Phys.: Condens. Matter, 23, 052203, (2011); ’’Signatures of the topological s+− superconducting order parameter in the type-II Weyl semimetal Td-MoTe2’’, (Nature communications, Volume 8, Issue 1, 1082, 2017). სტატიების უმეტესობა გამოქვეყნებულია ამერიკულ ჟურნალებში, როგორციაა Phys. Rev B და Phys Rev Letter. იგი ასევე მუდმივად ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას. კითხულობდა ლექციებს და ატარებდა ლაბორატორიულ მეცადინეობებს თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტზე (2006-2009) და დღემდე არის ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის დეპარტ. ასოცირებული პროფესორი (2019-დან).