შავლაყაძე ნუგზარ
შავლაყაძე ნუგზარ

შავლაყაძე ნუგზარ (25.IX.1961, ხონის რა-ნის სოფ. კუხი), ქართვ. მათემატიკოსი, მექანიკოსი. დაამთავრა თსუ-ის მექან.-მათ. ფაკ-ტი (1984), საქ. მეცნ. აკად. ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტის ასპირანტურა (1985-1988), ფიზ.-მათ. მეცნ. კანდ. (1989), დოქტორი (2002). მუშაობს საქ. მეცნ. აკად. ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტში სხვადასხვა სამეცნ. თანამდებობებზე (1984-დან), ამჟამად არის თსუ ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტის მთ. მეცნ. თანამშრომელი და დრეკადობის მათ. თეორიის გან-ბის ხელმძღვ. პარალელურად, მოღვაწეობს სტუ-ში ჯერ დოცენტის, შემდეგ პროფესორის თანამდებობებზე, ამჟამად გახლავთ ამავე უნ-ტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკ-ტის მათ. დეპარტ. პროფესორი (1991-დან). შ. ნ.-ის სამეცნ. მოღვაწეობის თემატიკაა დრეკადობის თეორიის სტატიკისა და დინამიკის, ფირფიტების ღუნვის თეორიის სასაზღვრო-საკონტაქტო ამოცანები ერთგვაროვანი და არაერთგვაროვანი, იზოტროპული და ანიზოტროპული, პიეზოელექტრული და ბლანტიდრეკადი თვისებების მქონე სხეულებისათვის, რ-იც ურთიერთქმედებენ ცვლადი სიხისტის მქონე დრეკად თხელკედლიან ელემენტებთან; ცვლადკოეფიციენტიანი სინგულარული ინტეგრო-დიფერენციალური განტოლებისა და ასეთ განტოლებათა სისტემის გამოკვლვა ანალიზურ ფუნქციათა თეორიის, ინტეგრალური გარდაქმნების თეორიის, ინტეგრალური განტოლებებისა და მიახლოებითი ანალიზის მეთოდების გამოყენებით; სინგულარული ინტეგრო-დიფერენციალური განტოლებების, მათ შორის პრანდტლის ინტეგრო-დიფერენციალური განტოლების, ზუსტი და მიახლოებით ამოხსნების მიღება; საკონტაქტო ძაბვების ასიმპტოტური გამოკვლევა დრეკადი ელემენტების გეომეტრიული და ფიზიკური პარამეტრების ცვლილების კანონთან მიმართებაში. შ. ნ. გახლდათ ოთხი ადგილ. სამეცნ. გრანტის ხელმძღვ./კოორდინატორი, ერთი საერთაშ. გრანტის მათ. ჯგუფის ხელმძღვ., არის ოთხი საერთაშ. ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრი. მისი ხელმძღვანელობით დაცულია ორი დისერტაცია მათ. დოქტორის აკად. ხარისხის მოსაპოვებლად.  მინიჭებული აქვს საქ. მეცნ.  ეროვნ. აკად. აკად. ნ. მუსხელიშვილის აკად. სახ. პრემია (2011). შ. ნ.-ს გამოქვეყნებული აქვს ასამდე სამეცნ. ნაშრომი და მიღებული აქვს მონაწილეობა მრავალ საერთაშ. ფორუმსა და კონფერენციაში.