-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
შათაშვილი სამსონ ლულის ძე (7.II,1960, თბილისი), ფიზიკოსი, მათემატიკოსი, ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი (1989), პროფესორი. წარჩინებით დაამთავრა თსუ სპეციალობით ,,თეორიული ფიზიკა“ და ამავე წელს ჩააბარა თსუ-ის ასპირანტურაში (1981). მალევე იგი მიწვეულ იქნა მათემ. ფიზიკის მსოფლიო მასშტაბის ლიდერის, მრავალი საერთ. პრემიის ლაურეატის, აკად. ლუდვიგ ფადდეევის მიერ სტეკლოვის სახ. მათემატიკის ინ-ტის ლენინგრადის განყ-ბაში (ЛОМИ) ასპირანტურაში, რაც უმოკლეს დროში დაამთავრა წარჩინებით და მალევე გახდა ამ განყ-ბის მკვლევარი. მუშაობდა პროფესორის პოზიციაზე აშშ-ში ჩიკაგოს უნ-ტში (1990-დან), პრინსტონის მოწინავე კვლევების ინ-ტში (Institute for Advanced Studies (IAS), Princeton, USA) და იელის უნ-ტში. ამჟამად დუბლინის ტრინიტის კოლეჯში (Trinity College Dublin (TCD)) ნატურალური ფილოსოფიის საუნივერსიტეტო კათედრის გამგეა – University Chair of Natural Philosophy (1847) და TCD-ს ჰამილტონის მათემატიკის ინ-ტის დირექტორია. დაჯილდოვდა დენი ჰეინემანის პრემიით (2025), რომელიც დაარსებულია ამერიკის ფიზიკოსთა საზ-ბისა და ამერიკის ფიზიკის ინ-ტის მიერ და გაიცემა გამორჩეული პუბლიკაციებისათვის მათ. ფიზიკაში (იხილეთ Dannie Heineman Prize | American Physical Society) და ამ დარგისათვის უმაღლესი ჯილდოა. მისი კვლევითი ინტერესები ბოლო ოთხ ათწლეულში შეიძლება დაიყოს ექვს ძირითად მიმართულებად: კვანტური ანომალიები; უსასრულო-განზომილებიანი ჯგუფების თანაშეუღლებული (coadjoint) ორბიტები და წარმოდგენათა თეორია; ღია სიმების ველის თეორია; მანიფოლდები (მრავალსახეობები) გამონაკლისი ჰოლონომიით; სუპერსიმეტრიული კვანტური ველის თეორია; კვანტური ინტეგრირებადი სისტემები. მას თეორიული და მათ. ფიზიკის სფეროებში რიგი მნიშვნელოვანი აღმოჩენა აქვს გაკეთებული. იგი ცნობილია: ნაშრომებით ლუდვიგ ფადეევთან ერთად კვანტურ ანომალიებზე, ანტონ ალექსეევთან ერთად მისი ნაშრომებით გეომეტრიულ მეთოდებზე ორგანზომილებიანი კონფორმული ველის თეორიებსა; მისი შრომებით ფონურად დამოუკიდებელი ღია სიმების ველის თეორიაში; კუმრუნ ვაფასთან ერთად განსაკუთრებული ჰოლონომიის სუპერსიმებსა და მრავალსახეობებზე ნაშრომებით, ანტონ გერასიმოვთან ერთად ნაშრომებით ტახიონების კონდენსაციაზე, ანდრეი ლოსევთან, ნიკიტა ნეკრასოვთან და გრეგ მურთან ერთად ინსტანტონებსა და სუპერსიმეტრიულ ყალიბრულ თეორიებზე ნაშრომებით; ასევე ნიკიტა ნეკრასოვთან ერთად კვანტურ ინტეგრირებად სისტემებზე ნაშრომებით. კერძოდ, მან და ნიკიტა ნეკრასოვმა აღმოაჩინეს ყალიბრული/ბეტეს შესაბამისობა. ლენინგრადის უნ-ტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე ’’იანგ-მილსის თეორიის ზოგიერთი საკითხი’’ (1984) და სადოქტორო დისერტაცია თემაზე ’’ალგებრული და გეომეტრილი მეთოდები ველის კვანტურ თეორიაში" ლენინგრადში (ახლანდელი სანკტ პეტერბურგი), სტეკლოვის მათემატიკის ინ-ტის ლენინგრადის განყ-ბაში (1989). მისი ძირითადი სამსახურებრივი თანამდებობებია: ლენინგრადის სტეკლოვის სახ. მათემატიკის ინ-ტი, ასპირანტი, სსრკ (1981-1984); ლენინგრადის ბირთვული ფიზიკის ინ-ტი, მეცნიერ-თანამშრომელი, სსრკ; (1984-1987), ლენინგრადის სტეკლოვის სახ. მათემატიკის ინ-ტი, უფრ. მეციერ-თანამშრომელი, მთ. მეცნიერ-თანამშრომელი, სსრკ/რუსეთი (1987-2000), ენრიკო ფერმის ინ-ტი, ჩიკაგოს უნ-ტი, მოწვეული პროფესორი, აშშ (1990-1992), მოწინავე კვლევების ინ-ტი (IAS), პრინსტონი, აშშ (1992-1994), იელის უნ-ტი, ფიზიკის დეპარტამენტი, ასოცირებული პროფესორი, აშშ (1994-2002), დღემდე, TCD, მათემატიკის სკოლა, University Chair of Natural Philosophy (1847) კათედრის გამგე, ირლანდია (2002-დან), მათემატიკის სკოლის ხელმძღვ., TCD, ირლანდია (2002-2008), ჰამილტონის მათემატიკის ინ-ტის დამფუძნებელი დირექტორი, TCD, ირლანდია (2003-დან), ლუი მიშელის კათედრის გამგე (Louis Michel Chair), IHES, საფრანგეთი (2003-2014), ისრაელ გელფანდის კათედრის გამგე (I. Gelfand Chair), IHES, საფრანგეთი (2014-2019), გრძელვადიანი მოწვეული პროფესორი, საიმონსის გეომეტრიისა და ფიზიკის ცენტრი, სტოუნი ბრუკის უნ-ტი, აშშ (2014-2024). შ. ს. გახლდათ მრავალი საერთაშ. მრჩეველთა საბჭოს წევრი, ეროვნ./საერთაშ. კომიტეტების წევრი ევროპაში, აშშ-ში, რუსეთში, საქართველოში რომლებიც მხარს უჭერენ განათლებისა და მეცნ. განვითარებას სხვადასხვა დონეზე ამ ქვეყნებში. მიღებული აქვს ჯილდოები: დენი ჰეინემანის პრემია მათემატიკურ ფიზიკაში კვანტური ველის თეორიაში სიმეტრიის შესწავლისას სხვადასხვა ტექნიკის გონებამახვილური გამოყენებისთვის, კერძოდ, ლ. ფადეევთან ანომალიებზე; ს. ვაფასთან სუპერსიმების განსაკუთრებული ჰოლონომიური კომპაქტიფიკაციების შესახებ ნაშრომებისათვის და სუპერსიმეტრიულ ვაკუუმსა და კვანტურ ინტეგრადებას შორის ბეტეს/კალიბრული შესაბამისობის თანააღმოჩენისთვის (2025); მოწვეული მომხსენებელი; მათემატიკოსთა საერთაშ. კონგრესი, სეული, სამხრეთ კორეა მოხსენებით: Gauge theory angle at quantum integrability (მათემატიკოსებისათვის უმაღლესი პრესტიჟის მქონე სტატუსია) (2014); ივანე ჯავახიშვილის სახ. სახელმწ. მედალი, საქართველო; მედალი მიენიჭა თსუ-ის ინტერნაციონალიზაციაში (სამეცნ. პოტენციალის წარმოჩენა საზღვარგარეთ, უნ-ებს შორის სამეცნ.-კვლ. საქმიანობის ხელშეწყობა, უნ-ტის სამეც. და სასწ. პროცესის განვითარება, ახალგაზრდების სამეცნ.-პრაქტ. უნარ-ჩვევების განვითარება) შეტანილი წვლილისათვის (2014); ირლანდიის სამეფო აკადემიის ოქროს მედალი (2010); პლენარული მომხსენებელი, მათ. ფიზიკის საერთაშ. კონგრესი, პრაღა (მათემატიკოსებისათვის უმაღლესი პრესტიჟის მქონე სტატუსია) (2009); ირლანდიის სამეფო აკადემიის არჩეული წევრი (MRIA), ირლანდია (2007-დან); ალფრედ პ. სლოუნის სახ. მკვლევარი, აშშ (1996-2000); ენერგიის დეპარტამენტის (DOE) გამორჩეული უმცროსი მკვლევარის ჯილდო, აშშ (1995-2002); ეროვნ. სამეცნ. ფონდის (NSF) CAREER ჯილდო, აშშ (1995-2000), თსუ-ში წარჩინებული სწავლისათვის: ივანე ჯავახიშვილის სახ. სტიპენდია (1976-1977); რუსთაველის სახ. სტიპენდია (1978-1981), სპორტის ოსტატობის კანდიდატი ჩოგბურთში - 1976 (სსრკ).