შათაშვილი ლული ხაიმის ძე
შათაშვილი ლული ხაიმის ძე

შათაშვილი ლული ხაიმის ძე (5.VIII.1928, საჩხერე - 06.III.2000, თბილისი), ფიზიკოსი, ფიზიკა–მათემატიკის მეცნ. დოქტორი (1977), პროფესორი. დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1952). იყო  3 მონოგრაფიის და 200-მდე სამეცნ. პუბლიკაციის ავტორი. მისი ზოგიერთი სამეცნ. გამოკვლევის შედეგი ამერიკულ სამაგიდო ენციკლოპედიაშია შესული. იგი ითვლება კოსმოსური სხივების კოსმოფიზიკური ასპექტის შესწავლის პიონერად საქართველოში და თბილისში კოსმოსური სხივების ინტენსივობის უწყვეტი დაკვირვების ორგანიზაციის ერთ-ერთ ფუძემდებელად. მისი სამეცნ. შედეგები აპრობირებულია მრავალ საერთაშ. სამეცნ. ფორუმზე (რუსეთი, აშშ, საფრანგეთი, იტალია). მის მიერ მიღებული შედეგები შეტანილია მრავალი გამოჩენილი მეცნ. მონოგრაფიაში. შ. არჩეული იყო მრავალი აკადემიის სამეცნ. საბჭოს თავჯდომარედ, წევრად. მისი ხელმძღვანელობით დაცულია არაერთი საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაცია. იგი განსწავლული მუსიკოსი და ძლიერი მოჭადრაკე იყო. გახლდათ მუსიკის მასწავლებელი თბილ. პირველ მუსიკალურ სასწავლებელში (1949-1956); ჰიდრომეტსამსახურის კოსმოსური სხივების განყ-ბის მეცნ. თანამშრომელი (1952-1956); სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა მიხეილ ნოდიას სახ. გეოფიზიკის ინ-ტში (1956-დან), რომელშიც ჯერ (1971 წლიდან) მაღალი ენერგიების კოსმოსური სხივების ლაბორ. (1997), შემდეგ კი  კოსმოსური სხივების განყ-ბის გამგე გახლდათ. იგი სიცოცხლის ბოლომდე პუშკინის სახ. (შემდგომში სულხან-საბას სახ.) პედ. ინ-ტის ფიზიკის პროფესორია (1978-დან) და ასევე სიცოცხლის ბოლომდე - თსუ-ის მათემატიკის ფაკ-ტის ასტრონომიის კათედრის მოწვეული პროფესორი (1980-დან).  მიენიჭა პროფესორის წოდება ფიზიკაში (1983). იგი იყო საქართველოში ებრაელთა დამკვიდრების 26 საუკუნესთან დაკავშირებული იუბილეს მომწყობი სახელმწ. კომისიის წევრი, გახლდათ ისრაელის ქ. აშკელონის საპატიო მოქალაქე; არჩეული იყო საჩხერის რაიონის საპატიო მოქალაქედ. პროფ.  შ-ის საცხოვრებელ სახლის კედელზე გაიხსნა მემორიალური დაფა (2001 -ის მარტი); ამავე წლიდან მის სახელს ატარებს ერთ-ერთი ქუჩა საჩხერეში. მას მიღებული აქვს არაერთი ჯილდო და გრანტი როგორც საერთაშ, ისე ადგილობრივ დონეზე (საქართვ., საბჭ. კავშირი) სამეცნ. მიღწევებისათვის. ორივე დისერტაცია დაიცვა თსუ-ში. საკანდიდატო დისერტაციის თემაა: „კოსმოსური სხივების 27-დღიანი ვარიაციები“, სადოქტორო დისერტაციის თემაა: „კოსმოსური სხივების ინტენსივობისა და ანიზოტროპიის კვაზიპერიოდული ვარიაციები“. მიღებული აქვს ჯილდოები, პრემიები და წოდებები: ღირსების ორდენი ქართული კოსმოფიზიკური სკოლის დაარსებისა და ქართულ-ებრაული ურთიერთობების განვითარებაში წვლილის შეტანისათვის (1998); თბილ. მთავარი მსაჯი ჭადრაკში; სპორტის ოსტატი (ჭადრაკი) და რესპ. კატეგორიის მსაჯი ჭადრაკში; საქართვ. ჭადრაკის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი; საქართვ. ჭადრაკის სახალხო უნ-ტის პრორექტორი, აქვს არაერთი ცნობილი გამარჯვება გამოჩენილ მოჭადრაკეებთან პაექრობაში, მათო შორის ტ. პეტროსიანთან ბრონშტეინთან, ტალთან (1945). სიცოცხლის ბოლომდე სხვადასხვა დროს იყო გეოფიზიკის ინ-ტის სამეცნ. საბჭოს თავ-რე და დაცვის საბჭოს თავ-არე (1980); ამერიკის გეოგრ. კავშირის (AGU) წევრი; საქართვ. მეცნ. აკადემიის მზე-დედამიწის კავშირების პრობლემური საბჭოს თავ-რე, რუსეთის მეცნ. აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული კოსმ. სხივების პრობლემური საბჭოს წევრი; საბჭ. კავშირის, რუსეთის, უკრაინის არაერთი სამეცნ. კავშირის წევრი / თავ-რე. სხვადასხვა დროს საქართველოში სხვადასხვა სამეცნ. და საკვალფიკაციო საბჭოების წევრი; გეომაგნეტიზმისა და აერონომიის საერთაშ. ასოციაციის მეოთხე სექციის წევრი; მრავალი დარგობრივი აკადემიის წევრი საქართველოში; საბუნებისმეტყველო და ტექნიკის დარგის მეცნ.-მუშაკთა ქართულ-ებრაული საზ-ების დამაარსებელი (1992) და პრეზიდენტი სიცოცხლის ბოლომდე; ებრაული საქველმოქმედო ცენტრის „ჰესედ ელიაჰუ“ სამეთვალყურეო საბჭოს თავ-რე დაარსებიდან სიცოცხლის ბოლომდე; საქართვ. ეროვნებათა საზოგადოებრივი საბჭოს წევრი; სახელმწ. კანცელარიასთან არსებული ნაციონალური თემებისა და საზოგადოებრივი ფორმირებების სათათბიროს წევრი.

თხზ.: შათაშვილი, ლ. (თანაავტორი)   (1966). Электромагнитное поле земли и космические лучи. Тб., Мецниереба; შათაშვილი, ლ. (თანაავტორი)   (1974). Квазипериодические вариации космических лучей. Изд-во. Тб., Мецниереба; შათაშვილი, ლ.(1980)   ფიზიკის ამოცანათა კრებული : უმაღლეს სასწავლებლებში შემსვლელთა დასახმარებლად. უნ-ტის გამ-ბა; შათაშვილი, ლ.(1980)   ფიზიკის ამოცანათა კრებული : ნაწ.1-2. უნ-ტის გამ-ბა; შათაშვილი, ლ. (თანაავტორი)   (1981). Квазипериодические вариации интенсивности и анизотропии космических лучей. Тб., Мецниереба.