შაშიაშვილი მალხაზ
შაშიაშვილი მალხაზ

შაშიაშვილი მალხაზ (02.II.1952 ქ. თელავი-23.X.2024 ქ. თბილ.), მათემატიკოსი. თსუ-ის პროფესორი (1999), ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი (1995). დაამთავრა თსუ–ის  მექან.-მათ. ფაკ-ტი (1974). იყო ეკონომ. და სამართლ. ინ-ტის, მეცნ. თანამშრომელი (1974-1983); ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტის უფრ. მეცნ.-თანამშრომელი (1983-1990); თსუ–ის სტოქასტური ანალიზის ლაბორატ. მეცნ. თანამშრომელი (1990-1996); თსუ–ის მექან.-მათ. ფაკ-ტის ალბათობის თეორიის პროფესორი (1996-2006); საერთაშ. შავი ზღვის უნ-ტი, საინჟინრო ფაკ-ტის პროფესორი (1998-2005); ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტის უფრ. მეცნ. თანამშრომელი (2005-2011); აბდუს სალამის მათ. მეცნ. სკოლა (ASSMS), უცხოელი პროფესორი (2005-2012); GC უნ–ტი, ლაჰორი, პაკისტანი; HEC-ის მიერ მიწვეული პროფესორი(უმაღლ. საგანმანათლებლო კომიტეტი, ისლამაბადი); ქუთაისის საერთაშ. უნ–ტის, ალბათობისა და სტატისტიკის პროფესორი (2020-2024). კვლევის ინტერესების სფეროები: სტოქასტური ანალიზი, სტატისტიკა, ფინანსური მათემატიკა და კერძო წარმოებულიანი დიფერენციალური განტოლებები, მათ შორისაა, სტოქასტური ვარიაციული უტოლობები, სკოროხოდის ამოცანები და არეკვლილი დიფუზიური პროცესები მრავალწახნაგა არეში, არაპარამეტრული სტატისტიკა და გრენანდერის შეფასება, ამერიკული ოფციონების ფასდადება და ჰეჯირება, პუანკარეს წონიანი შებრუნებული უტოლობები კერძოწარმოებულიანი დიფერენციალური განტოლებების სუბ-ამონახსნებისათვის. დაინტერესებული იყო ანალიზურად უცნობი (მრავალი ცვლადის  ნამდვილ-მნიშვნელობებიანი) ნახევრადამოზნექილი ფუნქციის გრადიენტის რიცხვითი მიახლოების მეთოდით და მისი შესაძლო გამოყენებით რეალური სამყაროს ამოცანების გადასაჭრელად. იყო 57 პუბლიკაცის ავტორი საქართველოში, ინგლისში, გერმანიაში, აშშ–ში.