-
ავტორი
- კატეგორიები: პროფესორი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ფიზიკოსი მათემატიკოსი
შარიქაძე ჯონდო (14.I.1932, ქ. თბილისი-08. IX. 2020, ქ. თბილისი). ფიზიკა-მათემატიკის მეცნ. დოქტორი (2003), პროფესორი (2003), საქართვ. საინჟ. აკადემიის საპატიო აკადემიკოსი (2007). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1954). შ. ჯ. იყო თსუ-ის ტექნ. მექანიკის კათედრის ლაბორანტი (1953-1957), მოსკოვის სახელმწ. უნ-ტის თეორ. და სტატისტ. ფიზიკის კათედრის ასპირანტი (1957-1962). საკავშ. მეცნ. აკადემიის მექანიკის ინ-ტში დაიცვა დისერტაცია ფიზიკა-მათემატიკის მეცნ. კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად (1962). იყო თსუ-ის მექანიკა-მათემატიკის ფაკ-ის ასისტენტი, დოცენტი, პროფესორი (1960-2006). თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის მათემატიკის დეპარტ. მიწვეული პროფესორი (2006-2015). თსუ-ის ი. ვეკუას სახ. გამოყენებითი მათემატიკის ინ-ტის უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (2009-2016). საქართვ. მათ. კავშირის პრეზიდენტი (2005-2009), საქართვ. მექ. კავშირის პრეზიდიუმის წევრი (2000-2015), საქართვ. მექ. კავშირის მექანიკის ისტ. სექციის ხელმძღვ, „თსუ შრომების“ რედ. (1976-2006). მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახ. მედალი (2002) და ღირსების ორდენი (2014). შ. ჯ. იყო ჰიდრო-აერო დინამიკისა და მაგნიტური ჰიდროდინამიკის სპეციალისტი. მის მიერ შესწავლილია მაგნიტური ჰიდრო-დინამიკის მრავალი ამოცანა, მათ შორის ბლანტი ელექტრომაგნიტური სითხის სტაციონარული და არასტაციონარული დინებები, მაგნიტური ჰიდროდინამიკის სასაზღვრო ფენის ამოცანა ძლიერი გაჟონვებისა და ძლიერი მაგნ. ველის შემთხვევაში. შესწავლილი აქვს ბლანტი ელექტრომაგნიტური სითხის სტაციონარული და არასტაციონარული დინებები მილებში, მილის კედლის ფოროვნებისა და სითხის ტემპ-რის გათვალისწინებით. გამოკვლეული აქვს ჰიდროდინამიკური მდგრადობისა და ბიფურკაციის საკითხები, ზოგიერთ ამოცანაში გათვალისწინებულია სითხის სითბოგამტარებლობა და ელქტრო გამტარობა. იკვლევდა მათემატიკის განვითარების ისტორიას. გამოქვეყნებული აქვს 150-მდე სამეცნ. სტატია, სამი სახელმძღვანელო, შვიდი მონოგრაფია და ხუთი ბროშურა. იგი მონაწილეობდა მრავალ კონფერენციაში, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. ჰქონდა მჭიდრო პროფესიული კონტაქტები ქართველ და უცხოელ კოლეგებთან.
ლიტ: მახვილაძე, ნოდარ. (2016). საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები. თბ., ISBN 9789941086571.