შარაშიძე ქრისტინე გიორგის (გიგო) ასული (XII.1887 ოზურგეთის რ-ნი სოფ. ბახვი - 10.XI.1971, თბილისი), პედაგოგი, ბიბლიოთეკარი, ფილოლოგი, პოლიტიკოსი, პუბლიცისტი. დაწყებთი განათლება მიიღო გაბრიელ ეპისკოპოსის მიერ აგებულ ბახვის სოფლის სკოლაში. შემდგომში სწავლა განაგრძო ქუთ. წმ. ნინოს ქალთა გიმნაზიაში, საიდანაც გარიცხეს მოსწავლეთა რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობის გამო (1904). იყო საქართვ. სოც.-დემოკრ. მუშათა პარტიის წევრი (1905); აქტიურად მონაწილეობდა თბილ. გამოსვლებში (1905-1906). თბილისში „სომეხ-თათართა შეტაკებების“ დროს იყო ე. წ. „მფრინავ რაზმში“ და სამედ. დახმარებას უწევდა დაშავებულებს (1905). სხვადსხვა დროს იყო ქუთაისის მ. ყაუხჩიშვილის კერძო გიმნაზიის პედაგოგი (1907); ქუთაისის სახელმწ. უნ-ტის გამგეობის წევრი (1910-1911); მე-10 პედ. ტექნიკუმის მასწავლებელი; "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრი (1909); “ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” თბილ. განყ-ბის ნამდვილი წევრი (1918-1921) და ქართ. უნ-ტის დამფუძნებელი საზ-ბის წევრი (1917-1918); აირჩიეს საქართვ. დემოკრ. რესპ. დამფუძნებელი კრების წევრად სოც.-დემოკრ. სიიდან (1919) და შედიოდა პრეზიდიუმის სამდივნოში; ასევე იყო საბიბლიოთეკო სარედაქციო და სახ. განათლების კომისიის წევრი. შ. ქ. საქართვ. გასაბჭოების შემდეგ, პირველად დააპატიმრეს რამდენიმე დღით (ოზურგეთში, 1921), ხოლო მეორედ დააპატიმრა საქართვ. სსრ საგანგებო კომისიის პერიდიუმმა (17.II.1922), ბრალდებით – საბჭ. წყობილების დამხობის მცდელობისთვის და 6 თვით იზოლაციის წესით პატიმრობა მიუსაჯა (23.III.1922). მეტეხის ციხიდან ავადმყოფობის გამო გაათავისუფლეს ძმის, შ. შარაშიძის, თავდებობის ქვეშ (06.V.1922). შ. ქ. მუშაობდა მასწავლებელთა სახლის ქართ. ენის კაბინეტის გამგედ (1924-1925); საისტ.-საეთნოგრაფიო მუზეუმის თანამშრომლად (1917-1931); სწავლობდა თსუ-ში ქართ. ენისა და ლიტ-რის ფაკ-ტზე (1927–1931). საისტ.-საეთნოგრაფიო საზ-ბის ბ-კის სახელმწ. უნ-ტში გადატანის გამო ჩაირიცხა უნ-ტის შტატში (1934-1935), დაკავებული თანამდებობიდან გაათავსუფლეს ბ-კის გარშემო წარმოქმნილი კონფლიქტის გამო რექტორ ლ. აღნიაშვილის ბრძანებით. მონაწილეობას იღებდა შოთა რუსთაველის საიუბილეო გამოფენის მოწყობაში (1936-1937); საქ. სსრ წიგნის პალატის დავალებით „ქართული წიგნის ბიბლიოგრაფიის“ პირველი ტომის შედგენაში (1938-1941). მუშაობდა საქართვ. სახელმწ. მუზეუმის ხელნაწერთა განყ-ბასა და საქ. სსრ მეცნ. აკად. (1941-1964); საქ. სსრ მეცნ. აკად. ხელნაწერთა ინ-ტში მეცნიერ-თანამშრომლად (1958-1964); მომზადებული აქვს მნიშვნელოვანი შრომები ქართ. ბეჭდვითი სიტყვის ისტორიის შესახებ. იყო უმნიშვნელოვანესი გამოკვლევების ავტორი ხევისა და სამხ. საქართვ. ისტორიის შესახებ. დამუშავებული და შესწავლილი აქვს IX – XIX სს.1500-ზე მეტი ხელნაწერი. იგი თანამოაზრეებთან ერთად არალეგალურად ეხმარებოდა პოლიტპატიმრებსა და მათ ოჯახებს. დაენიშნა რესპ. მნიშვნელობის პერსონალური პენსია (1964).
თხზ.: შარაშიძე, ქ. (1954). საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა : ყოფილი საეკლესიო მუზეუმის ხელნაწერები (A კოლექცია). ტ. 4. თბ., საქ. სსრ მეცნ. აკად. გამ-ბა და სტ.; შარაშიძე, ქ. (1955). პირველი სტამბა საქართველოში. 1709-1722. თბ., საქ. სსრ მეცნ. აკად. გამ-ბა და სტ.; შარაშიძე, ქ. (1961). სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები XV-XVI სს. თბ., საქ. სსრ მეცნ. აკად. გამ-ბა და სტ.
ლიტ.:საქართვ. ეროვნ. არქივი, პეტრე მელიქიშვილის პირადი ფონდი და თსუ-ის ფონდი 471-1-16, გვ. 5ა.