შანიძე მზექალა
შანიძე მზექალა

შანიძე მზექალა აკაკის ასული (16. I. 1926, ქ. თბილისი) ენათმეცნიერი, მეცნიერი, პოლიტიკოსი, ფილოლოგი. საშუალო სკოლის დამთავრებისთანავე ჩაირიცხა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტზე (1943). დაასრულა თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტი (1948). უნ-ტის დამთავრების შემდეგ გახდა აკად. გიორგი წერეთლის ასპირანტი ძვ. ებრაული ენის სპეციალობით (01.0948-1951). ასპირანტურის ორი წელი გაატარა პეტერბურგში (მაშინდელ ლენინგრადში), სადაც საშუალება ჰქონდა მოესმინა გამოჩენილ აღმოსავლეთმცოდნეთა (ი. კრაჩკოვსკის, ვ. სტრუვეს, ი. ვინნიკოვის) ლექციები და სემინარები. საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა თემაზე: „ფარინგალური ბგერების საკითხისათვის ძველ ებრაულ ენაში“ (1952). თსუ-ში კითხულობდა ლექციებს ძვ. ებრაულ ენაში (1952-1954). ეწეოდა სამეცნ.-პედ. საქმიანობას (1953-დან). იყო თსუ-ის უფ. მასწავლებელი, დოცენტი, პროფ. (1981-დან). დაიწყო მუშაობა სიმონ ჯანაშიას სახ. ისტორიული მუზეუმის ხელნაწერთა განყ-ბაში (1953). ამავე წელს დაიწყო მუშაობა თსუ-ის ძვ. ქართ. ენის კათედრაზე. დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „ფსალმუნთა წიგნის ძველი ქართული თარგმანები“ (1974), რ-იც წიგნად გამოქვეყნდა (1979). სხვადასხვა ხასიათის სამეცნ. კონფერენციებსა და ფორუმებზე წაკითხული აქვს მოხსენებები პარიზში, ლონდონში, ბრიუსელში, ბერგენში, მოსკოვში, პეტერბურგში, ერევანში, ბათუმში, სოხუმსა და თბილისში. გარდა თსუ-ისა სალექციო კურსი ძვ. ქართ. ენაში წაკითხული აქვს პეტერბურგში (1996, 1997 და 1998). ლექციებს კითხულობდა თსუ-ის ქართველოლოგიურ საზაფხულო სკოლაში უცხოელთათვის (1990-დან). იყო საქართვ. რესპ. პირველი მოწვევის უზენაესი საბჭ. წევრი, მისი საარჩევნო ბლოკი იყო: „საქართველოს კომუნისტური პარტია“, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით (1990-1991). შ. მ.-ს ხელი აქვს მოწერილი საქართვ. სახელმწ. დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (09.04.1991). მიენიჭა აკაკი შანიძის სახ. პრემია (1990), ქართ. მეცნიერების განვითარებაში განსაკუთრებული წვლილის, ნაყოფიერი პედ. და საზ. მოღვაწეობისათვის დააჯილდოვეს ღირსების ორდენით (1996). იყო საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. წ.-კორ. (1997-2013), მიენიჭა საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. აკადემიკოსობა (2013), გახდა თბილ. საპატიო მოქალაქე (2015). ჩოხოსანთა დასისა და ფონდ „ქართველისგან“ გადაეცა ქაქუცა ჩოლოყაშვილის ბრწყინვალების ორდენი (2019).  გადაეცა თამარ მეფის ორდენი ქართველოლოგიის განვითარებაში, ძვ. და ახ. ქართ. ენისა და ლიტერატურის, საქართვ. ისტ., ქართ. კულტურული მემკვიდრეობის კვლევაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისა და გამორჩეული საზ. მოღვაწეობისათვის (2021). გადასცეს ილიას მედალი „მარად და ყველგან, საქართველო, მე ვარ შენთანა“ (საგურამოს პრემიის ფარგლებში) (2024). ქართ. ხელნაწერების შესასწავლად სამჯერ (1996, 2002, 2009) იმყოფებოდა წმ. ეკატერინეს მონასტერში სინას მთაზე და არის თანაავტორი (ზ. ალექსიძესთან, ლ. ხევსურიანთან და მ. ქავთარიასთან ერთად) სინის ხელნაწერთა სამენოვანი კატალოგისა, რ-იც დაიბეჭდა ათენში (2005). კატალოგის ინგლ. ნაწილი თარგმნილია შ. მ.-ს მიერ. მას გამოქვეყნებული აქვს 150-ზე მეტი ნაშრომი ქართ. მორფოლ., ლექსიკოლოგიის, ტექსტუალური კრიტიკის დარგში. ნაწილი მისი ნაშრომებისა დაბეჭდილია საზღვარგარეთ (საფრანგეთში, ჰოლანდიაში, გერმანიაში). შ. მ.-ს სამეცნ. ინტერესების სფეროებია: ქართ. ენის ისტ., ლექსიკოლოგია, ტექსტოლოგია, ბიბლიური ფილოლ.

თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): შანიძე, მ. (1960). ფსალმუნის ძველი ქართული რედაქციები X-XIII სს. ხელნაწერთა მიხედეით; შანიძე, მ. (1969). ხმოვანფუძიანი ანთროპონიმების ბრუნების ისტორიისათვის ქართულში; შანიძე, მ. (1981). ზოგიერთი გვაროვნული სახელი ტბეთის მატიანეში; შანიძე, მ. (1990). სატყუაჲ ართრონთათჳს, ძველი ქართული გრამატიკული ტრაქტატი; შანიძე, მ. (1992). ცხორებაჲ მეფეთ-მეფისა დავითისი. ტექსტი და გამოკვლევა. შანიძე, მ. (2007). რუის-ურბნისის კრების დადგენილებათა ერთი დეტალი. გელათის მეცნ. აკად. ჟურნ.