-
ავტორი
- კატეგორიები: ენათმეცნიერი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი შემომწირველი
შანიძე აკაკი გაბრიელის ძე (26. II. 1887, სოფ. ნოღა, სამტრედიის რაიონი — 29. III. 1987, თბილისი. დაკრძალულია თსუ-ის ეზო-სავანეში) ენათმეცნიერი, მეცნიერი, ფილოლოგი, პედაგოგი, დიალექტოლოგი, ლექსიკოლოგი, რუსთველოლოგი, ფოლკლორისტი, არმენოლოგი, ალბანოლოგი. დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი (1904), რის შემდეგაც შევიდა კლასიკურ გიმნაზიაში. გიმნაზიის დასრულების შემდეგ და იმავე წელს ჩაირიცხა პეტერბურგის უნ-ტის აღმოსავლურ ენათა ფაკ-ტზე (1909). შ. ა. იყო უნ-ტში „ქართველ სტუდენტთა სამეცნიერო წრის“ სარევიზიო კომისიის წევრი (1909-დან), მდივანი (1910), თავმჯდომარე (1911). დაამთავრა პეტერბურგის უნ-ტი (1913). შ.ა. აქტიურად მონაწილეობდა თსუ-ის დაარსებაში, ის პირველ პროფესორთა კოლეგიაში შევიდა. იგი სიბრძნისმეტყველების ფაკ-ტის მდივანი იყო (1918-1920). იყო თსუ-ის სომხ. ენის კათედრის გამგე (1918-1930), დაინიშნა ქართ. ენის კათედრის გამგედ (1919). განაგებდა უნ-ტის ბ-კას (1919-1922). შ. ა.-მ უნ-ტში პირველმა დაიცვა დისერტაცია თემაზე: „სუბიექტური პრეფიქსი მეორე პირისა და ობიექტური პრეფიქსი მესამე პირისა ქართულ ზმნებში“, რ-იც გამოსცა მონოგრაფიად (1920), მოიპოვა მეცნ. დოქტ. სამეცნ. ხარისხი და პროფ. წოდება. ძვ. ქართ. ენის კათედრას ჩაუდგა სათავეში (1945-1987). მან იოსებ ყიფშიძესა და გიორგი ახვლედიანთან ერთად საფუძველი ჩაუყარა საქართვ-ში ენათმეცნ. კვლევა-ძიებას. მისი ნაშრომები ეხება ქართველური ენების სტრუქტურისა და ისტ., ქართ. დიალექტოლოგიის, ლექსიკოლოგიის, ტექსტოლოგიის, ეპიგრაფიკის, ფოლკლორისტიკის, რუსთველოლოგიის, არმენისტიკის, ალბანოლოგიისა და ქართ. სალიტ. ენის ნორმალიზაციის პრობლემატიკას. შ.ა.-ს ადრეული გამოკვლევები შეჯამებულია საეტაპო მნიშვნელობის წიგნში „ქართული ენის გრამატიკა“ (გამოიცა 1930 წ-ს), რ-იც არის ახ. ქართ. ენის პირველი მეცნიერული გრამატიკა. აგრეთვე მნიშვნელოვანია მისი „ძველი ქართული ენის გრამატიკა“ (1976). აღნიშნული წიგნი ითარგმნა გერმან. ენაზეც. მეცნიერის მოღვაწეობიდან აღსანიშნავია ე. წ. ხანმეტ-ჰაემეტი ტექსტების აღმოჩენა, ქართ. ბიბლიური ტექსტების, ქართ. ოთხთავის რედაქციების აკადემიური გამოცემა და სხვ. დიდია მისი ღვაწლი „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის მეცნიერულად დადგენის საქმეში. მისმა ნაშრომმა „ქართული ხალხური პოეზია — ხევსურული“ (1931) სათავე დაუდო ქართ. მეცნიერულ ფოლკლორისტიკას. შ.ა. იყო პრაღის აღმოსავლეთმცოდნეობის ინს-ტის წ.-კორ. (1937), სსრკ მეცნ. აკად. წ.-კორ. (1939), იგი საქართვ. მეცნ. აკად. თანადამფუძნებელი იყო და მიენიჭა აკადემიკოსობა (1941). მიიღო საქართვ. მეცნ. დამსახურებული მოღვაწის სტატუსი (1943), დაინიშნა საქართვ. მეცნ. აკად. ვიცე-პრეზიდენტად (1948-1950). გახდა იენის შილერის სახ. უნ-ტის საპატიო დოქტ. (1966). გახდა სომხ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1967). იყო ინგლისელ „ფილოლოგთა საზოგადოების“ წევრი და ამავე წელს გახდა თბილისის საპატიო მოქალაქე (1979). გადაეცა შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. პრემია „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის მეცნიერულად დადგენისათვის (1987). შ. ა.-ს აგრეთვე მიღებული აქვს საპატიო ნიშნის ორდენი, ხალხთა მეგობრობის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი, ლენინის ორდენი და ოქტ-ის რევოლუციის ორდენი.
თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): შანიძე, ა. (1953). ქართული ენის გრამატიკის საფუძვლები, მორფოლოგია, ტომი I; შანიძე, ა. (1935). ქართულის ქრესტომათია ლექსიკონითურთ 1. ქრესტომათია. სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა; შანიძე, ა. (1947). წიგნნი ძუელისა აღთქუმისანი. 978 წლის ხელნაწერის მიხედვით. ტ. I. ნაკვეთი 1. დაბადებისაჲ და გამოსვლათაჲ. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა; შანიძე, ა. (1956). ვეფხის-ტყაოსნის სიმფონია. სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა; შანიძე, ა. (1977). ჭილ-ეტრატის იადგარი. თანაავტორი. „მეცნიერება“.