შამილიშვილი მანანა ავთანდილის ას
შამილიშვილი მანანა ავთანდილის ას

შამილიშვილი მანანა ავთანდილის ას (19.IX.1964, ქობულეთი), ჟურნალისტიკის დოქტორი, პროფესორი. დაამთავრა თსუ-ის ჟურნალისტიკის ფაკ-ტი (1986) და შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტერატურის ინ-ტის ასპირანტურა (1991). ფილოლოგიის მეცნ. კანდიდატი (ჟუნალისტიკა, 1991). ქართ. ლიტერატურის ინ-ტის მეცნ. თანამშრომელი (1991), თსუ-ის ასოცირებული პროფესორი (2009), პროფესორი (2020). თსუ–ში მუშაობს ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის სფეროში, იკვლევს პრესის ისტორიის, მედიალოგიის საკითხებსა და თანამედროვე მედიატექსტის თავისებურებებს. სხვადასხვა დროს კითხულობდა საუნივერსიტეტო კურსებს: ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის შესავალს, მე-19 ს.-ის ქართ. ჟურნალისტიკის ისტორიას, მედიასა და პოლიტ. კომუნიკაციებს, კულტ. მიმდინარეობებსა და მედიატექსტებს, მედიასა და დემოკრატიზაციას და სხვ. შ.მ.-ს დიდი წვლილი მიუძღვის უნ-ტში ახ. კადრების აღზრდაში ჟურნალისტიკის სპეციალობით. ხელმძღვანელობდა თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნ. ფაკ-ტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულებას (2021–2025), ამავე ფაკ-ტის ბაკალავრიატის საგანმან. პროგრამას „ჟურნალისტიკა“ (მ. ტორაძესთან ერთად, 2015) და მაგისტრატურის საგანმან. პროგრამას „მედიის კვლევები“ (მ. წერეთელთან ერთად, 2015). მისი ხელმძღვანელობით წარმატებით არის დაცული არაერთი სადოქტორო, სამაგისტრო და საბაკალავრო ნაშრომი. შ.მ.-მ ხელი შეუწყო ჟურნალისტიკის კვლევა-ძიების საქმეს. მისი ნაშრომები გამოირჩევა  ინტერდისციპლინური მიდგომით, სიახლითა და კონტექსტური ცოდნით. იგი ქართ. პრესის ისტორიის საკითხებს განიხილავს თანამედროვე მედიათეორიების ჭრილში, ხოლო მედიატექსტის სპეციფიკას - მომიჯნავე დისციპლინათა კონტექსტში. შ.მ.-მ იკვლია XX ს.-ის დასაწყისის, საბჭ. პერიოდისა და ემიგრანტული ქართ. პრესის ძირითადი ტენდენციები. მისი კვლევების შედეგები ნაშრომების სახით აისახა ქართ. ლიტერატურის ინ-ტის გამოცემის „XX საკუნის ქართული ლიტერატურის“ პირველ, მესამე და მეოთხე ნაწილებში: „1900 – 1910 -იანი წლების ქართული ჟურნალისტიკის ძირითადი ტენდენციები“; „მეოცე საუკუნის 20 – 40-იანი წლების ქართული საბჭოური პრესის ძირითადი ტენდენციები“; „მოსე გოგიბერიძე“; „ლიტერატურული კრიტიკა ქართულ ემიგრანტულ პერიოდულ გამოცემებში“. შ.მ. არის თანაავტორი თსუ-ის შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტ. ინ-ტის სამეტაპიანი საგრანტო პროექტით „ბოლშევიზმი და ქართული ლიტერატურა“ გამოცემული ორი ტომისა:  „ბოლშევიზმი და ქართული ლიტერატურა 1921-1941“ და „ბოლშევიზმი და ქართული ლიტერატურა - მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან სკკპ მე-20 ყრილობამდე (1941- 1956 წ.წ.)“. შოთა რუსთაველის ეროვნ. სამეცნ. ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის სხვა მონაწილეებთან ერთად, შ.მ.-ს მიერ საქართვ. შსს-ს არქივში მოძიებული და განხილულია დღემდე უცნობი თუ ნაკლებად ცნობილი ფაქტები საბჭ. რეჟიმის მიერ რეპრესირებული ქართვ. პუბლიცისტების, მწერლებისა და საზ. მოღვაწეების ცხოვრებიდან. შ.მ.-მ არაერთი გამოკვლევა მიუძღვნა 1918-1921 წლების მედიაგარემოს შესწავლას. იგი იყო შემდგენელი თანაავტორი თსუ-ის მიერ გამოცემული ენციკლოპედია-ლექსიკონისა „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921)“. მის მიერ მომზადდა სტატიები პირველი დემოკრ. რესპუბლიკის პერიოდის ჟურნალ-გაზეთების შესახებ. აღსანიშნავია შ.მ.-ს მიერ მ. წერეთელთან ერთად დასტამბული ინგლისურენოვანი პუბლიკაცია  „Reflection of liberal values in the Georgian press in 1918-1921“, რ-იც გამოქვეყნდა ჟურნალში International Relations and Diplomacy (David Publishing Company, USA, Vol.4, No.5, 2016). ნაშრომში წარმოჩენილია ს.დ.რ-ის დროინდელი პრესის იდეოლოგიური და შემოქმედებითი სტრატეგიები. შ.მ. იყო თსუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრი (2010 - 2018), თსუ-ის  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნ. ფაკ-ის დეკანის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი (2022 – 2023), დეკანის მოადგილე (2023 ). სხვადასხვა დროს საქმიანობდა პერიოდულ გამოცემებში. იყო სალიტერატურო - სამეცნ. გაზეთ  „კალმასობის“ რედაქტორის მოადგილე (2002–2011), ჟურნ. „ქართული სიტყვის“ რედკოლეგიის წევრი (2009–2010), გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის“ რედკოლეგიის წევრი (2016). შ.მ. არის წევრი კომპარატივისტული ლიტერატურის ქართ. ასოციაციისა (GCLA) და ქალთა საერთაშ. ორგანიზაციისა „სოროპტიმისტ ინტერნაციონალი“.

თხზ.: Shamilishvili, M. (2016). The Problem of Patriotism in Emigrant Publicism: According to “Qartuli Gazeti” (Berlin, 1916 – 1918). Literature in Exile: Emigrants’ Fiction 20th Century Experience. Cambridge Scholars Publishing, UK. ISBN (10): 1-4438-9710-8; ISBN (13): 978-1-4438-9710-5; შამილიშვილი, მ. (თანაავტორი). (2020). ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის შესავალი. თსუ გამ-ბა; შამილიშვილი, მ. (2025). ცენზორის ინსტიტუტი და მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის ქართული პრესის გამოცდილება. წიგნში: კავკასიის საცენზურო კომიტეტი (1863 – 1906). ქართ. ლიტ-რის ინ-ტის გამ-ბა. ISBN 978-9941-36-335-1; Shamilishvili, M. (2025). Reflecting on the problems of the Georgian mass media during the transition from “the Soviet socialism” to democracy. Empire from a Distance, Images of Russians, Russia and the Soviet Union in Texts of Culture. Harrassowitz Verlag, Wiesbaden. ISBN: 978 -3-447-12396-9.