შაფათავა ანზორ
შაფათავა ანზორ

შაფათავა ანზორ შოთას ძე (01.XII.1943 თბილისი), მათემატიკოსი, თსუ-ის დოცენტი (1993), ფიზ.-მათ. მეცნ. კანდ. (1975). დაამთავრა: თბილ. მე-14 საშ. სკოლა, ოქროს მედალზე (1960) და თსუ-ის მექან.-მათ. ფაკ-ტი, წითელი დიპლომით (1960-1966),  თსუ-ის გამოყენებითი მათ. ინ-ტის დასწრებული ასპირანტურა, გამოთვლითი მათემატიკის სპეციალობით  (1968-1971), მოსკოვის სახელმწ. უცხო ენათა პედ. ინ-ტის ფრანგული ენის 10-თვიანი კურსები (1976). სხვადასხვა დროს  იყო: თსუ-ის კომკავშირის კომიტეტის წევრი და  ფაკ-ტის კომუნისტური პარტიის პარტიული ბიუროს მდივანი. იყო: თსუ-ის კათედრის თავდაპირველად სასწავლო ოსტატი, ხოლო შემდეგ უფრ. ლაბორანტი, გამოყენებითი მათ. და კიბერნ. ფაკ-ტის მათ. უზრუნველყოფის კათედრის ასისტენტი. პარალელურად იგი ლექციებს კითხულობდა საღამოს დასწრებულ განყ-ებაზე (1966-1968);  წარმატებით დაიცვა დისერტაცია თემაზე: „რეგულარიზებული სხვაობიანი სქემების კრებადობის შესახებ“ (1975) პროფ. დ. გორდეზიანისა და აკად. ა. სამარსკის ხელმძღვ. სსრკ სამინისტროს გადაწყვეტილებით, იგი მიავლინეს ალჟირის სახ. დემოკრ. რესპუბლიკაში, ქ. ორანის უნ-ტში (1976-1980). ის ლექციებს კითხულობდა (Maitre de Conferences) და წარმატებული საქმიანობისთვის ორანში სსრკ გენ. კონსულის საპატიო სიგელით დაჯილდოვდა. საქართვ. დაბრუნების შემდეგ, მან თსუ მათ. უზრუნველყოფის კათედრაზე დოცენტის თანამდებობაზე განაგრძო მუშაობა (1980-2006). ის კითხულობდა ლექციებს ძირითად საგნებში: რიცხვითი მეთოდები, შესავალი გამოთვლით მათემატიკაში და სპეციალურ კურსს მაგისტრანტებისთვის — „რიცხვითი მეთოდები ბიოლოგიასა და მედიცინაში“. პარალელურად ასწავლიდა მათემატიკას ფრანგულ ენაზე სტუ-ის ინფორმატიკის ფაკ-ტზე დაფუძნებულ „ფრანგულ-ქართულ ინ-ტში“ (2002-2008). ეს ინ-ტი თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტს შეუერთდა (2008-2023).  რეორგანიზაციის შედეგად, პროგრამას ეწოდა „ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკ-ტის ფრანგულ-ქართული საბაკალავრო პროგრამა კომპიუტერულ მეცნიერებებში“, სადაც ის კითხულობს ლექციებს მოწვეული პედაგოგის სტატუსით (2023- დღ.). გარდა ამისა, იგი მოწვეული პროფ. სტატუსით ლექციებს კითხულობდა პარიზის მე-8 უნივერსიტეტში (Paris 8, Saint-Denis), სადაც შემდგომ წლებშიც არაერთხელ იყო მიწვეული „ერასმუს+“ პროგრამის ფარგლებში (2003). ის აქტიურად მონაწილეობდა საქ. კომკავშირთან არსებულ „ახალგაზრდა მეცნ. კლუბის“ მუშაობაში. სისტემატურად გამოდიოდა მოხსენებებით საკავშირო კონფერენციებზე (მოსკოვი, ყაზანი, ლვოვი, კიევი, რიგა). ხელმძღვ. სტუდენტთა ჯგუფების სასწ. პრაქტიკებს საზღვარგარეთის უნ-ტებში (ბრატისლავა, იენა, პრაღა, ასტანა, სოფია). თსუ-ში დააფუძნა „ინტერნაციონალური მეგობრობის კლუბი“, რ-იც მასპინძლობდა უცხოელ სტუდენტებს და აწყობდა ღონისძიებებს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ (2001). მან მეუღლესთან, ინეზა იამანიძესთან (განათლების აკად. წევრი, 51-ე საავტორო სკოლის დირექტორი), ერთად დააფუძნა კერძო სკოლა „გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ვერის უბნის ლიცეუმი“. სკოლა წლების განმავლობაში წარმატებით ემსახურებოდა ახალგაზრდების აღზრდა-განათლებას, თუმცა მოგვიანებით, პანდემიისა და მეუღლის გარდაცვალების გამო, ფუნქციონირება შეწყვიტა (1992-2019). როგორც ევროპის მათემატიკოსთა კავშირის წევრი, იგი უცვლელად მონაწილეობდა კავშირის მიერ ოთხ წელიწადში ერთხელ ჩატარებულ კონგრესებში: (პარიზი 1992, ბუდაპეშტი 1996, ბარსელონა 2000, სტოკჰოლმი 2004 და ა.შ.). გარდა ამისა, პერსონალური მოწვევით იღებდა მონაწილეობას რიცხვითი მეთოდებისადმი მიძღვნილ სხვადასხვა საერთაშ. კონფერენციაში (აშშ 2005, იაპონია 2009, ვენა 2023, ჟენევა 2025). ის 77 სამეცნ. ნაშრომის ავტორია, მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია აშშ-ში წარდგენილი ნაშრომი [2].

თხზ.: შაფათავა, ა. (1972). ორშრიანი რეგულარიზებული სხვაობიანი სქემების კრებადობის შესახებ ჰილბერტისივრცეში. საქ. მეცნ. აკად.ს „მოამბე“, (წარდგენილია აკად. ი. ვეკუას მიერ); შაფათავა, ა. (2005). დროით არალოკალური ამოცანა არაწრფივი პარაბოლური განტოლებისთვის, (METMBS’05, Las Vegas, USA, June 20-23, 2005, CSREA Press).