- კატეგორიები: მათემატიკოსი
სანებლიძე სამსონ ამბროსის ძე (05.IX.1956, ქ. თბილისი), ქართვ. მათემატიკოსი და ტოპოლოგი. დაამთავრა თბილ. 113-ე საშ. სკოლა ოქროს მედალზე (1973), თსუ-ის მექან.-მათ. ფაკ-ტი წითელ დიპლომზე (1978); საქ. მეცნ. აკად. ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტის ასპირანტურა (1982). ფიზ.-მათ. მეცნ. კანდ. (1984), ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი (1995). მუშაობს ა. რაზმაძის მათ. ინ-ტში მეცნ. თანამშრომელად (1982-1995), წამყვან მეცნ. თანამშრომლად (1995-2006), უფრ. მეცნ. თანამშრომლად (2006-2017), მთ. მეცნ. თანამშრომელად (2017 წ.-დან). მისი ძირითადი შრომები ეხება ალგებრული ტოპოლოგიის ჰომოლოგიის და ჰომოტოპიის თეორიებს: დამტკიცებული აქვს სტინროდის ტიპის ჰომოლოგიის თეორიის ერთადერთობა პარაკომპაქტურ სივრცეებზე; აგებული აქვს ნ. ბერიკაშვილის D ფუნქტორის მულტიპლიკატური ვარიანტი და მისი გამოყენებით მიღებული აქვს უწყვეტ ასახვათა საკლასიფიკაციო თეორემები; ასევე განვითარებული აქვს ფიბრაციაში კვეთის არსებობის წინააღმდეგობის თეორია; აგებული აქვს მარყუჟთა სივრცის ალგებრული მოდელები, კერძოდ, მაღალი რიგის ჰომოტოპიურად ასოციატიური ბიალგებრის მოდელი პერმუტაჰედრის დიაგონალის (სანებლიძე-ამბლის) ფორმულის გამოყენებით. არის შოთა რუსთაველის ეროვნ. სამეცნ. ფონდის №FR-2355 გრანტის ხელმძღვ., მიღებული აქვს სამი საერთაშ. გრანტი; სხვადასხვა დროს კითხულობდა ლექციებს თსუ-ში, როგორც მიწვეული პროფესორი.