სანებლიძე მელიტონ (მელენტი) სტეფანეს ძე – (25. II. 1905, სოფ. ოფშკვითი, ამჟ. წყალტუბოს მუნიციპ. – 28. XI. 1984, თბილისი), გეოგრაფი, პედაგოგი, გეოგრ. მეცნ. კანდიდატი (1949), დოცენტი, ქართული ლანდშაფტური სკოლის დამაარსებელი, უმაღლესი სკოლის დამს. მუშაკი (1984). დაამთავრა თსუ-ის პედ. ფაკ-ტის საბუნებისმეტყველო დარგი გეოგრ. სპეციალობით (1928). მუშაობდა გეოგრ. კათედრაზე (1928-1933), ქუთაისის სახელმწ. პედ. ინ-ტში კათედრის გამგედ და დეკანის მოვალეობის შემსრულებლად (1933-1940), შემდეგ თსუ-ის ფიზ. ქვეყანათმცოდნეობის კათედრაზე (1940-დან), იყო ამავე კათედრის გამგე (1952-1974). ამ პერიოდში კათედრის სამეცნ. თემატიკა განისაზღვრებოდა კომპლექსური ფიზ.-გეოგრ. კვლევებით. თსუ-ში შეიქმნა კომისია, რ-საც უნდა შეერჩია ხელსაყრელი ადგილი ფიზ.-გეოგრ. სტაციონარისათვის (1962). კომისიის ხელ-ბა დაევალა ს. მ.-ს. სოფ. მარტყოფის მახლობლად დაარსდა სტაციონარი, რ-ის პირველი გამგე გახდა ს. მ. (1965). სტაციონარი ატარებდა მისი დამაარსებლის სახელს (1985-2011). კვლევის პირველ ეტაპზე სტაციონარზე მხოლოდ მეტეოროლოგიური დაკვირვებები ტარდებოდა. შემდეგ ს. მ.–ს ხელ-ით, III კურსის სტუდენტმა (ნ. ბერუჩაშვილი) ჩაატარა იალნოს ქედისა და მთისწინეთის კომპლექსური ფიზ.-გეოგრ. კვლევა, შექმნა ატლასი და სტაციონარის მუზეუმ-ექსპოზიცია (1967). ს. მ.–მა დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია „ყაზბეგის რაიონის ფიზიკურ-გეოგრაფიული დახასიათება“ (1949). მასში გაანალიზებულია ლანდშაფტების ვერტიკალური ზონალობა, გამოყოფილია ზონები და ქვეზონები.ს. მ.–ს გამოქვეყნებული აქვს რიგი სამეცნ. სტატია, მეთოდური ლიტერატურა, მარშრუტული აღწერა და სხვ. განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართვ. ძირითადი ლანდშაფტების გამოვლენა და ფიზ. გეოგრ. დარაიონება. გამოყოფილი აქვს 15 ლანდშაფტური ზონა / ტიპი და მოცემული აქვს მათი აღწერა. ს. მ. იყო ლ. მარუაშვილის უმაღლ. სკოლის სახელმძღვანელოს „საქართველოს ფიზიკური გეოგრაფიის“ (1964; 1969-1970) რედ. მ. სახოკიასთან ერთად. მან ასევე რედ.-ბა გაუწია ნ. ბერუჩაშვილის მიერ შედგენილ „კავკასიის ლანდშაფტური რუკა“ (Ландшафтская карта Кавказа, 1979, მასშ. 1:1,000,000). ს. მ.-ს დიდი წვლილი მიუძღვის მყინვარწვერის შესწავლაში. 19-ჯერ ავიდა მწვერვალზე. არჩეული იყო საქართვ. ალპური კლუბის საბჭოს წევრად. დაჯილდოებული იყო ივ. ჯავახიშვილის საიუბილეო მედლით (1968).
თხზ.:სანებლიძე, მ. (1963). საქართველოს სსრ ტერიტორიის ფიზიკურ-გეოგრაფიული დარაიონების ცდა; სანებლიძე, მ. (1958). საქართველოს ფიზიკურ-გეოგრაფიული დარაიონება, თსუ შრომები, ტ. 20; ხარაძე კ., ჯავახიშვილი შ. (2003). მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. გამომც. განათლება, ISBN 9992806982; ბოლაშვილი ნ., (2015). ქართული გეოგრაფია საუკუნეთა კვალდაკვალ: ფოტოალბომი, უნ-ტის გამ-ბა, ISBN 9789941133640. რუკები: სანებლიძე მ., (1964). ლანდშაფტური რუკა. საქართველოს სსრ ატლასი, თბილ.-მოსკოვი, გვ. 153-154, მასშტაბი - 1:1,500,000; სანებლიძე მ. (თანაავტორი). (1964). ფიზიკურ-გეოგრაფიული დარაიონება. საქართველოს სსრ ატლასი, თბილ.-მოსკოვი, მასშტაბი 1:2,500,000, გვ. 155; სანებლიძე, მ. (თანაავტორი). (1970). საქართველოს სსრ ლანდშაფტური რუკა (ფიზიკურ-გეოგრაფიული დარაიონების სქემით). მასშტაბი 1:600,000.