სანაძე თენგიზ ივანეს ძე
სანაძე თენგიზ ივანეს ძე

სანაძე თენგიზ ივანეს ძე   (30. I.1930,თბილისი-16.XII.2011), ფიზიკოსი.  თსუ -ის პროფესორი, რადიოფიზიკის კათედრის გამგე (1961-2006),   საქართვ. მეცნ.  აკად. აკადემიკოსი (2003), წ.-კორ. (1974), ფიზიკა-მათემატიკის მეცნ. დოქტორი  (1971),  საერთაშ. EPR საზ-ბის საპატიო წევრი. ფიზიკის ფაკ-ტის დეკანი (1973-1976), რადიოფიზიკასა და კვანტურ ელექტრონიკაში სამეცნ. ხარისხების მიმნიჭებელი  საბჭოს თავ-რე (1973-2006). ფიზიკის დარგში სამეცნ. ხარისხების მიმნიჭებელი საბჭოს მდივანი (1958). ოქროს მედლით დაამთავრა თბილ. 1-ლი საშ. სკოლა (1948). იმავე წელს ჩაირიცხა თსუ-ის ფიზიკა-ტექნიკის ფაკ-ტზე, რ-იც წარჩინებით დაამთავრა (1953). იმავე წელს  ს. თ. ჩაირიცხა თსუ-ის ფიზიკა - ტექნიკის ფაკ-ტის ასპირანტურაში. მივლინებულ იქნა ქ. მოსკოვში (1954),  ლებედევის სახ. ფიზიკის ინს-ტში აკად. ა. პროხოროვის (ნობელის პრემია ფიზიკაში   1964)  ლაბორტორიაში სადაც მან აითვისა ზემაღალი სიხშირეების ტექნიკა, ელექტრონული პარამაგნიტური რეზონანსის (ეპრ) მიმართულებით კვლევების შესასრულებლად. ს. თ.-მა დაიცვა დისერტაცია ფიზიკა-მათ. მეცნ. კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად (1958). იგი  არის თსუ-ის  ფიზიკის ფაკ-ტის უფრ. მეცნიერ მუშაკი (1956), დაბალი ტემპერატურების ფიზიკის ლაბ. გამგე (1959-1961), მის მიერ ჩამოყალიბებული   რადიოფიზიკის კათედრის გამგე (1961-2006).  ს. თ.-მა ყოფილი საბჭ. კავშირის  ტერიტორიაზე ერთ - ერთმა პირველმა შექმნა დაბალტემპერატურული რეზონატორი, ლითონის კრიოსტატი თხევადი ჰელიუმის და თხევადი წყალბადის ტემპერატურებზე სამუშაოდ და ეპრ სპექტრომეტრი (1954). ს.-ის პირველი შრომები ეხებოდა    ეპრ სპექტრების  და რელაქსაციური პროცესების შესწავლას დაბალ ტემპერატურებზე იმპულსური გაჯერების მეთოდებით, ლანთანიდებისა და ურანის შემცველ მონოკრისტალებში. მის მიერ (თანაავტორებთან ერთად) აღმოჩენილ იქნა ეპრ შთანთქმის ხაზში დისკრეტული გაჯერების მოვლენა (1964), რომლის შესწავლა და ახსნა საფუძვლად დაედო მის სადოქტორო დისერტაციას (1971).  შემდგომში ს.-მ  თანამშრომლებთან ერთად აღმოაჩინა  რადისიხშირული იმპულსის გავლენა დისკრეტული გაჯერების სპექტრზე, რის საფუძველზეც შეიქმნა პარამაგნიტური კრისტალების შესწავლის ახალი მეთოდი - ე. წ. რადიოსიხშირული დისკრეტული გაჯერების მეთოდი, რ-იც ელექტრონულ-ბირთვული ორმაგი რეზონანსის იმპულსური ანალოგია, მაგრამ ინფორმატიულობით და მგრძნობიარობით  სჯობნის მას (1972).   ს.-ის სამეცნ. შედეგები შეტანილია ეპრ -ის დარგში სახელმძღვანელოსა და მყარი სხეულების  ენციკლოპედიურ ლექსიკონში.  მას აღრზდილი ჰყავს მრავალი მეცნიერი მაგნიტური რეზონანსის დარგში. ს.-მ  თსუ-ში ჩამოაყალიბა ელექტრონული პარამაგნიტური რეზონანსის სამეცნ. ლაბორატორია (1954), რადიოფიზიკის კათედრა (1961), ზემაღალი სიხშირის და რადიოფიზიკის სასწ. ლაბორატორიებით. იგი მრავალი ათეული წელი კითხულობდა ლექციების კურსს რადიოსპექტროსკოპიაში რადიოფიზიკის სპეციალობის  სტუდენტებისთვის  და მექანიკას   პირველკურსელებისთვის.  ს.-ს მიენიჭა უნ-ტის პირველი (ბ. ბერულავასთან ერთად, 1968) და პ. მელიქიშვილის სახ. პრემია (გ. ხუციშვილთან ერთად, 1970), ღირსების ორდენი (1998).  დისკრეტული გაჯერების მოვლენის აღმოჩენას და ეპრ სპექტროსკოპიების შექმნას საერთაშ. აღიარება აქვს. ს.-ის შესახებ ბიოგრაფიული ცნობები შესულია „Marqus Who’s Who“ ყოველწლიურ გამოცემაში (1995-დან), აშშ-ს ბიოგრ. ინს-ტის  (ABI) მიერ გამოცემულ წიგნში „International Book of Honor“ (1996), კემბრიჯის ბიოგრ. ცენტრის გამოცემაში „Outstanding  People of the 20 th  Century“ (2000), ეპრ საერთაშ. საზ-ბამ მიანიჭა FELLOW -ს ტიტული (2000).