-
ავტორი
- კატეგორიები: ბიოქიმიკოსი ბიოლოგი მცენარეთა ფიზიოლოგი
სანაძე გივი ალექსანდრეს ძე (30. VII. 1929, თბილისი – 11. I. 2021, 91 წლის ასაკში, თბილისი), ბიოლოგი, მეცნიერი, მცენარეთა ფიზიოლოგი, მცენარეთა ბიოქიმიკოსი, ბიოლოგიურ მეცნ. დოქტორი, თსუ-ის პროფესორი (1968), თსუ-ის მცენარეთა ანატ. და ფიზიოლოგიის კათედრის გამგე (1983-1999); საქართვ. მეცნ. აკად. წ.-კორ. (1979), საქართვ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1983-2021); საქართვ. მეცნ. აკად. ვიცე-პრეზიდენტი (1988-2003); ცნობილი, როგორც „იზოპრენის ეფექტის“ აღმომჩენი (1957). ს. გ.-მ დაამთავრა თბილ. სახელმწ. უნ-ტის ბიოლოგიის ფაკ-ტი მცენარეთა ფიზიოლოგიის სპეციალობით (1947-1952). დაიწყო მუშაობა საქართვ. მეცნ. აკადემიის ბოტანიკის ინ-ტის ალელოპათიის პრობლემურ ლაბორატორიაში უმცროსი მეცნიერ-თანამშრომლად (1953-1961), მოგვიანებით იმავე ლაბორ. უფრ. მეცნიერ-თანამშრომელია (1961-1968); ჯერ კიდევ უნ-ტში სწავლისას მიენიჭა საკავშ. სამეცნ. პრემია მცენარის ორგანოგენეზში ულტრაიისფერი სხივების როლის კვლევისათვის (1949), რამაც შესაძლებლობა მისცა გაეგრძელებინა ეს სამუშაო ლენინგრადის ბოტანიკის ინ-ტის ფოტოსინთეზის ლაბორატორიაში. შემდგომში, თბილ. ბოტანიკის ინ-ტში მუშაობისას, იკვლევდა მცენარეთა ფოთლებიდან ნაჯერი ნახშირწყალბადების გამოყოფის თემას და გამოაქვეყნა პირველი ცნობა მცენარეთა ფოთლების მიერ მეთანის, ეთანის, პროპანის გამოყოფის შესახებ (1956). კვლევების შედეგად, ს. გ.-ს მიერ აღმოჩენილ იქნა ახ. მოვლენა - მცენარის ფოთლების მიერ იზოპრენის ფოტობიოლოგიური სინთეზი და გამოთავისუფლება - ე. წ „იზოპრენის ეფექტი“ (1957), რასაც მიუძღვნა მთელი მისი შემდგომი მეცნ. მოღვაწეობა. ს. გ.-მ სწავლა გააგრძელა ქ. მოსკოვში, სსრკ მეცნ. აკად. კ. ა. ტიმირიაზევის სახ. მცენარეთა ფიზიოლოგიის ინსტ-ტის ასპირანტურაში, ი.ნ. ვეკუას და ა.ლ. კურსანოვის ხელმძღვანელობით (1959); იქვე დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „მცენარეთა მიერ აქროლადი ორგანული ნივთიერებების გამოყოფა“ და მიენიჭა ბიოლოგიურ მეცნ. კანდიდატის სამეცნ. ხარისხი (1959). აკად.ა.ლ. კურსანოვის მიწვევით, როგორც უკვე სსრკ მეცნ. აკადემიის კ.ა.ტიმირიაზევის სახ. მცენარეთა ფიზიოლოგიის ინ-ტის მეცნიერ-თანამშრომელმა, გააგრძელა ბიოგენური იზოპრენის შესწავლა (1964-1967); დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე "ფოთლების მიერ სინათლეზე იზოპრენის ბიოსინთეზი და გამოყოფა" და მიენიჭა ბიოლ. მეცნ. დოქტორის სამეცნ. ხარისხი და პროფესორის წოდება (1968). იგი მშობლიური თსუ-ის მცენარეთა ანატ. და ფიზიოლოგიის კათედრის პროფესორია (1968); შემდეგ ამავე კათედრის გამგე (1983-1999). დააარსა და ხელმძღვანელობდა თსუ-ის ფოტოსინთეზის პრობლემურ სამეცნ.-კვლ. ლაბორატორიას (1973-2006), სადაც ახალგაზრდა მეცნიერთა ჯგუფთან ერთად აგრძელებდა იზოპრენის ეფექტის კვლევას. ს. გ.-ს სამეცნ.-პედ. მოღვაწეობის ძირითადი სფეროა ფოტოსინთეზის ბიოქიმ. მექანიზმები და მცენარეთა ფოთლების მიერ აქროლადი ორგანული ნივთიერებების გამოთავისუფლება ფოტოსინთეზის პროცესში. იზოპრენის ეფექტთან ერთად, ს. გ.-მ დაადგინა რიგი სამეცნ. ფაქტები, რ-იც დაკავშირებულია მცენარის ფოთლების მიერ მსუბუქი ნახშირწყალბადებისა და აქროლადი ტერპენოიდების გამოყოფასთან, რამაც საშუალება მისცა დაედასტურებინა ფოთლებში გამომყოფი ფუნქციის არსებობა და გამოეთქვა ჰიპოთეზა ფოტობიოსინთეზში მეორე მაკარბოქსილირებელი კომპლექსის არსებობის შესახებ. ასევე, აჩვენა CO2-ის მნიშვნელოვანი მარეგულირებელი ფუნქცია უჯრედულ მეტაბოლიზმში და ახსნა ჭარბი თავისუფალი ენერგიის გამოთავისუფლების (დისიპაციის) თერმოდინამიკური ბუნება, რომელიც გარდაუვლად წარმოიქმნება წონასწორობიდან შორს მყოფი შეუქცევადი პროცესების თერმოდინამიკურ ნაკადებში. ს.გ. ბიოგენური იზოპრენის გამოყოფას განიხილავს, როგორც ცოცხალ სისტემებში ენტროპიის დისიპაციის ფუნდამენტური თვისების კერძო შემთხვევას, რაც ზოგადად უზრუნველყოფს უჯრედის მდგრად სტაციონარულ მდგომარეობას. ს. გ.-ს ლიდერობა ამ აღმოჩენილი ფენომენის ბიოლ. როლის გარკვევაში უდავოა და საერთაშ. აღიარება მოიპოვა. ბიოგენური იზოპრენის საკითხებისადმი მიძღვნილი ფართო სიმპოზიუმის შემდეგ (სან-ფრანცისკო,1990) ამ პრობლემის კვლევამ მსოფლიო მასშტაბი შეიძინა. ბოლო ათწლეულების განმავლობაში, მსოფლიოს ლაბორატორიებში ამ უჩვეულო ეფექტის შესასწავლად მრავალი კვლევა ჩატარდა. ამჟამად, იზოპრენი ატმოსფეროში ნახშირწყალბადების (მეთანის გარდა) ერთადერთ მთავარ წყაროდ ითვლება. აშშ-ში აშენდა პირველი რეაქტორი ტრანსგენური წყალმცენარეების ბაზაზე (2008), იზოპრენის, როგორც ენერგიის წყაროს სუპერპროდუცენტების წარმოებისათვის. ს.გ. არჩეულ იქნა საქართვ. სსრ მეცნ. აკადემიის წ.-კორ. (1979) და საქართვ. სსრ მეცნ. აკად. ნადვილ წევრად (1983). გახლდათ საქართვ. სსრ მეცნ. აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი (1988-2003); საქართვ. სსრ მეცნ. აკადემიის პრეზიდიუმის (შემდგომში აკად. საბჭოს) მრჩეველი (2003-2021); საქართვ. სსრ მეცნ. აკადემიის ბიოლ. მეცნ. განყ-ების წევრი; ჟურნ. «Russian Journal of Plant Physiology» სარედაქციო კოლეგიის წევრი; საერთაშ. კონფერენციების, სიმპოზიუმებისა და კონგრესების აქტ. მონაწილე (1968-დან); მასაჩუსეტსის სამეცნ. საზ-ების მიერ წარდგენილ იქნა ნობელის პრემიის ნომინანტად (1978); გრძელვადიანი საზღვარგარეთული სამეცნ. მივლინებების ფარგლებში, კითხულობდა ლექციებს იზოპრენის გამოყოფის თემაზე, აშშ ჯორჯიის შტატის უნ-ტში (1976); ასევე, აშშ-ს მასაჩუსეტსის ტექნოლ. უნ-ტის მიწვევით, ამერიკის 20-მდე უნ-ტში (1982). თსუ-ში მისი ხელმძღვანელობით დაცულ იქნა საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები, მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა სწავლულ ექსპერტთა საბჭო, სოფლის მეურნეობისა და ეკოლოგიის სფეროში მაგისტრთა მოსამზადებელი საერთაშ. ინ-ტი, აშშ ჯორჯიის შტატის უნ-ტთან თანამშრომლობით. ს. გ. 2 მონოგრაფიის, 100-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომის და რამდენიმე აღმოჩენის ავტორია. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები: ხალხთა მეგობრობის ორდენი; ღირსების ორდენი (2000).
თხზ.: Sanadze, G. (1956). Emission of Gaseous Organic Substances from Plants. Rep. Akad.Nauk GruzSSR, vol. 17; Sanadze, G. (1969). Light-Dependent Emission of Molecular Isoprene. Progr.Photosynth. Res., vol. 2; Sanadze G., Tarkhnishvili G. (1986.) Effects of Molecular Oxygen in the Isoprene Biosynthesis in Leaves under Saturating Light Intensity. Dokl. Akad.Nauk SSSR, vol. 286 (in Russian); Sanadze G. (1991). Isoprene Effect – Light-Dependent Emission of Isoprene by Green Parts of Plants. Trace Gas Emission by Plants, San Diego, Academic; Sanadze G. (2004) Biogenic Isoprene. Plant Physiology, 53, N 6, 1-15; Sanadze G., Pkhachiashvili S. (2009). Photobiosynthesis of Isoprene and Excretory Function of Plant Leaves in the Light of Modern Thermodynamics. Bull. of the Georg. Nat. Acad. of Sciences. v. 3, 1; Санадзе, Г. (2017). Выделение биогенного изопрена как проявление фундаментального свойства диссипативности клетки. Физиология растений, 64, 2, с. 83-91.