სახლთხუციშვილი უშანგი
სახლთხუციშვილი უშანგი

სახლთხუციშვილი უშანგი (26. III. 1937, სოფ. მარტყოფი, გარდაბნის მუნიციპალიტეტი — 2005) მთარგმნელი, მწერალი, პედაგოგი, პუბლიცისტი. დაამთავრა თსუ (1964). გაცვლითი პროგრამით უნ-ტიდან სხვა სტუდენტებთან ერთად გაიგზავნა ქ. რიგაში ლატვიური ენის, ლიტ-რისა და ისტ. შესასწავლად (1963). გარკვეული პერიოდი მუშაობდა სოფ. საცხენჰესის საშ. სკოლაში (სოფ. სააკაძე, გარდაბნის რაიონი) ქართ. ენისა და ლიტ-რის მასწავლებლად. სწავლობდა თსუ-ისა და ლატვიის უნ-ტის ასპირანტურაში (1965-1969). მუშაობდა თსუ-ის ახ. ქართ. ენის კათედრასთან არსებული ფარნაოზ ერთელიშვილის სახ. ონომასტიკის სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიაში უმცროს ლაბორანტად (1969-დან), მოგვიანებით დაინიშნა უფ. ლაბორანტად, უმცროს მეცნიერ თანამშრომლად და უფ. მეცნიერ თანამშრომლად. აქვეყნებდა ქართ., ლატვიურ და რუს. ენებზე სტატიებსა და ნარკვევებს, აღწერილი აქვს ტოპონიმიკური მასალა (40 000 ათასამდე ერთეული), ძირითადად კახეთის რეგიონში (1965-დან). ეწეოდა მთარგმნელობით მოღვაწეობას (1970-დან), თარგმნილი აქვს ლატვიელი მწერლის ზ. სკუინის რომანი „კოლუმბის შვილიშვილები“, ჟ. გრივას „ნოქტიურნი“, ა. ბელის რომანი „გალია“, ლატვიელ მწერალთა მოთხრობების კრებ. „ქარვის ზღვის პირას“, „თბილისო, თბილისო, თბილისო...“, ვ. ბელშევიცას „სულ იმ ყეყეჩი პაულინეს ბრალია“. გამოცემული აქვს ა. იაკუბანის მოთხრობების კრებული, იან რაინისის „აზრები“, აგრეთვე ორიგინალური ნაშრომი „ლატვიურ-ქართული სასაუბრო“ ლატვიური ენის გრამატიკის მიმოხილვითა და ლატვიურ-ქართული ლექსიკონით. გამოსცა ნარკვევების კრებულის — „ადგილის დედა ანუ რას მოგვითხრობენ ტოპონიმები“ — პირველი და მეორე წიგნები (1997), აგრეთვე „ლოჭინის ხეობის ონომასტიკონი“. საქართვ. რადიოსა და ქართ. გაზეთებში („სოფლის ცხოვრება“, „საქართველოს რესპუბლიკა“) ხელმძღვანელობდა რუბრიკას „რას მოგვითხრობენ ტოპონიმები“. თსუ-ში ფილოლ. და გეოგრ.-გეო. ფაკ-ტზე კითხულობდა ლექციების კურსს ქართ. ონომასტიკის საკითხებზე, ფილოლ. მთარგმნელობით განყ-ბაზე კი ბალტიური (ლატვიური) ფილოლ. კურსს. ს. უ. შეყვანილია ლატვიის ენციკლოპედიაში. მისი საკანდიდატო დისერტაციის თემა იყო: „ქართულ ტოპონიმთა ისტორია-ეტიმოლოგიისათვის (აღმოსავლეთ საქართვ. მასალების მიხედვით)“. იგი იყო საქართვ. მწერალთა კავშირის წევრი.

თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): სახლთხუციშვილი, უ. (1999). ბალტიისპირეთის ხალხთა ლიტერატურა. უნ-ტის გამ-ბა; სახლთხუციშვილი, უ. (2003). გარეკახური ლექსიკონი. უნივერსალი; სახლთხუციშვილი, უ. (2009). თოვლმა წაშალა ნაფეხურები...: მოთხრობები. ეროვნული მწერლობა.