სახელაშვილი ტარიელ მამიას ძე (03.II.1960, ახალთერჯოლა), დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი მაღალი ენერგიების ფიზიკის სპეციალობით (1982) და იმავე წელს დაიწყო მუშაობა თსუ-ის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინ-ტში. ს. ტ.-ს მიენიჭა ფიზ. მათ. მეცნ. კანდიდატისა (1996) და დოქტორის (2005) ხარისხები, სადოქტორო სადისერტაციო ნაშრომისთვის: „ნახევარგამტარული დეტექტორები და ელექტრომაგნიტური კალორიმეტები ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის ექსპერიმენტებში - CMS, LHCb, PiBeta, MMbar“. ს. ტ. აქტიურად მონაწილეობდა პროტონულ სინქროტრონულ ამაჩქარებელზე (ქ. პროტვინო, რუსეთი) და ბირთვული კვლევების გაერთ. ინ-ტში (ქ. დუბნა, რუსეთი) მიმდინარე ექსპერიმენტებში. ს. ტ. თანამშრომლობს და მუშაობს მსოფლიოს წამყვან სამეცნ. ინ-ტებსა და უნ-ტებთან შვეიცარიაში: PSI (პაულ შერერის ინ-ტი); ციურიხის უნ-ტის ფიზიკის ინ-ტი და CERN (ბირთვული კვლევების ევროპ. ორგანიზაცია) (1992-დან). ს. ტ.-ს სამეცნ. კვლევების სფეროა: ფიზ. ექსპერიმენტების დანადგარების შექმნა და გაუმჯობესება. არის მრავალი ადგილ./საერთაშ. კონფერენციისა და სამეცნ. ფონდის საგრანტო პროექტის მონაწილე, ასზე მეტი სამეცნ. ნაშრომის ავტორი/თანაავტორი, რომელთა უმეტესობა გამოქვეყნებულია საერთაშ. სამეცნ. ჟურნალებში, განთავსებულია მაღალი ენერგიების ფიზიკის საერთაშ. სამეცნ. ბაზაში: ,,The CMS experiment at the CERN LHC” (JINST 3, S08004, 2008); ,,The LHCb detector at LHC” (JINST 3, S08005, 2008); ,,Observation of a new boson at a mass of 125 GeV with the CMS experiment at the LHC” (Phys.Lett.B 716, 30-61, 2012). ს. ტ.-ს მიღებული აქვს CMS (CERN) თანამშრომლობის ჯილდო ელექტრომაგნიტური კალორიმეტრის კონსტრუქციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის (2010). ამჟამად მუშაობს მთავარ R&D სპეციალისტად ახალი რენტგენული დეტექტორების შექმნისა და გამოცდის სფეროში (DECTRIS AG, შვეიცარია).