საბაშვილი შალვა ალექსის ძე
საბაშვილი შალვა ალექსის ძე

საბაშვილი შალვა ალექსის ძე (29.V.1942, სოფ. მანავი, საგარეჯოს რ–ნი), დაამთავრა თსუ-ის მექანიკა-მათემატიკის ფაკ-ტი, ასტრონომიის სპეციალობით (1965) და ამავე უნ-ტის ასტრონომიის კათედრის ასპირანტურა (1968). მუშაობს თსუ-ის ასტრონომიის კათედრაზე (1968-დან): სამეცნ. ასისტენტად; უფრ. მასწავლებლად (1976-დან); დოცენტად (1984-დან); კათედრის გამგედ (1998-დან); მოწვეულ პროფესორად (2006-დან). სამეცნ. კვლევის სფეროა ასტროფიზიკა, კერძოდ, გამოსხივების გადატანის თეორია და ვარსკვლავთა სპექტრები. ააგო მილნ-ედინგტონის მოდელი თერმოდინამიკურად არაწონასწორული ფოტოსფეროებისათვის და გამოიყვანა ინტეგრალურ განტოლებათა სისტემები წყაროს ფუნქციებისათვის წყალბადის ხაზებში; შექმნა მზის პროტუბერანცის ოპტიკური ზომის გამოთვლის მეთოდი; ახსნა სპექტრული ხაზების პროფილთა ასიმეტრია; დაადგინა გამოსხივების გადატანის აღმწერ ფუნქციათა ასიმპტოტური სახე ბრტყელი და სფერული გარემოს ოპტიკური ზომების უსასრულო ზრდისას ხაზებში შთანთქმის კოეფიციენტის სხვადასხვა სახისა და გაბნევისას ფოტონის გადარჩენის ალბათობის რიგი მნიშვნელობებისათვის. ალბათური მეთოდით შეისწავლა ატომის აგზნების გავრცელების ხასიათი კონსერვატიულ გარემოში და მისი ყოფაქცევა გაბნევათა რიცხვის უსასრულობისკენ მისწრაფებისას; განიხილა გადატანის ინტეგრალური განტოლების რიცხვითი ამოხსნის დაჩქარების საკითხი შერჩეულ იტერაციათა გამოყენებით. მოღვაწეობს ასტრონ. ტერმინოლოგიისა და ცოდნის ფორმირების ისტორიის, აგრეთვე ასტრობიოლოგიის სფეროში; ჩატარებული აქვს ძველქართული ლიტერ. ძეგლების ასტრონ. ანალიზი; არის ყოველწლიური "ასტრონომიული კალენდრის" პასუხისმგებელი რედაქტორი (1993-დან). წარმატებით მოღვაწეობს პოეზიაში. გამოსცა კრებულები: "წყალვარდნილი" (1997) და "ასი ლექსი" (სერიის 68-ე ტომი). ფიზიკა-მათემატიკის მეცნ. დოქტორი (2005), პროფესორი (2006). ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი: საზ–ებრივი ორგანიზაცია "ცოდნა", წევრი; საქართვ. კოსმონავტიკის კომიტეტი, წევრი. ჯილდოები, პრემიები და პრიზები:საქართვ. კომკავშირის პრემია (1976).

თხზ.: საბაშვილი, შ. (1976). სამყაროს საინტერესო ობიექტები. თბ., უნ-ტის გამ-ბა; საბაშვილი, შ. (2000). ასტრონომია ყველასათვის. თბ., გამომც. ინტელექტი, ISBN:99940-22-96-2; საბაშვილი, შ. (2000). ასტრონომია და ცივილიზაცია. თბ., უნ-ტის გამ-ბა, ISBN: 99928-77-49-9; საბაშვილი, შ. (2001). წელთაღრიცხვის საფუძვლები და XXI საუკუნის დასაწყისის პრობლემა. თბ., უნ-ტის გამ-ბა,  ISBN: 99928-859-8-X.