რუხაძე მარინა  დავითის ასული
რუხაძე მარინა დავითის ასული

რუხაძე მარინა დავითის ასული (16.XII.1955, თბილისი), დოცენტი (1989), პროფესორი (2000).  რ. მ.-მ  წარმატებით დაამთავრა თსუ-ის  ფიზ. ქიმიის სპეციალობით (1979). დაიწყო მუშაობა თსუ-ის ფიზ. ქიმიის კათედრაზე. პარალელურად მუშაობდა ნეირობიოლოგიის ლაბორატორიაში უფრ. მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე. დაიცვა საკანდიდატო, თემა: „ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები და მათი მიცერული აგრეგატები ქიმიურ დანაყოფებში და ცოცხალ ორგანიზმებში“ (1989) და სადოქტორო (1999) დისერტაციები. რ. მ. იყო საქ. განათლების სამინისტროს რესპ. პრემიის (1990), პ. მელიქიშვილის სახ. სამეცნ. პრემიისა (2002) და მეცნიერების ისტორიის საქართვ. საზ-ების პრემიის ლაურეატი (2006). მიღებული ჰქონდა  სოროსის დოცენტის გრანტი (1996-98). მუშაობდა დოცენტის (1990-2000), შემდგომ პროფესორის (2000-2006) თანამდებობაზე. მიღებული ჰქონდა დოცენტის (1993) და პროფესორის (2002) სამეცნ.-პედ. წოდება. რ. მ. იმყოფებოდა სამეცნ. მივლინებით  ქ. ზაარბრიუკენის (გერმანია) უნ-ტში (2007, 2009), ქ. თესალონიკის (საბერძნეთი) უნ-ტში, სადაც კითხულობდა ლექციებს კოლოიდურ ქიმიაში (2008), აგრეთვე იმყოფებოდა სამეცნ. მივლინებაში ფულბრაიტის გრანტით სამხრეთ კალიფორნიის უნ-ტში (ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ) (2014). ამჟამად რ. მ. მუშაობს თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ.  ფაკ-ტის ფიზ. და ანალიზური ქიმიის კათედრის ასოცირებულ პროფესორად (2006).  თსუ-ის ქიმიის დეპარტამენტის სტუდენტებისათვის  რ. მ. კითხულობს ლექციებს შემდეგ საგნებში: კოლოიდური ქიმია, ფიზ. ქიმია, ბიოსისტემების ფიზ. ქიმია, ანალიზის ქრომატოგრაფიული მეთოდები, კაპილარული ელექტროფორეზის საფუძვლები, ადსორბცია, კოლოიდური ქიმიის გაღრმავებული კურსი, ნანოქიმია და ნანოტექნოლოგიების საფუძვლები. იგი იყო რამდენიმე საერთაშ. და რესპ. გრანტების ხელმძღვ. მისი კვლევის ინტერესები მოიცავს თვითაგრეგირებად სისტემებს, შებრუნებული მიცელებს, ზედაპირულად აქტიურ ნივთიერებებს, ჩაჭერილი წყლის სტრუქტურას, შემღვრევის წერტილში ექსტრაქციას, წამლების ფარმაკოკინეტიკას, წამლის მიკროემულსიურ მიწოდებას, ხელოვნურ ბიომემბრანებს, წამლის გამოთავისუფლებას in vitro, ნანონაწილაკების მიღებას შებრუნებულ მიცელებში, პერიოდულ რეაქციებს გელებში, ოსცილაციურ ქიმიურ რეაქციებს წყალხსნარებში და შებრუნებულ მიკროემულსიებში. რ. მ. ხელმძღვანელობით დაცულია 14 დისერტაცია და მრავალი საბაკალავრო თუ სამაგისტრო ნაშრომი. გამოქვეყნებულია ერთი სახელმძღვანელო და  100-ზე მეტი  სამეცნ. ნაშრომი: „Clound-Point Extraction for the Determination of the Free Fraction of Antiepileptic Drugs in Blood Plasma and Saliva“ (2000); „Structure of Mixed Reverse Microemulsions Based on Sodium Bis (2-ethylhexyl) Sulfosuccinate and Sodium Cholate“ (2020); „Study of influence of salt additives on the electrical percolation phenomenon in AOT reverse microemulsions“ (2025); „The use of polyoxyethylene (20) cetyl ether in assessing the hydrophobicity of compounds of biomedical importance and in the process of drug release from microemulsions“ (2023);

თხზ.: რუხაძე, მ. (თანაავტორი). (2013). ქიმიური და სხვა ლაბორატორიის ტექნიკური ასისტენტის დამხმარე სახელძღვანელო. თბ., ISBN 9789941063237; რუხაძე, მ. (თანაავტორი). (2014). კოლოიდური ქიმიის საფუძვლები. თბ., უნ-ტის გამ-ბა, ISBN 9189941133466.