-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
რამიშვილი გურამ (3.X.1932, თბილისი - 31.VIII.2010, თბილისი), დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1956). მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკადემიის მართვის სისტემების ინ-ტში (1957-დან); ამავე ინ-ტის სახეთა გამოცნობის განყ-ბის გამგე (1967-დან); დირექტორის მოადგილე სამეცნ. ნაწილში (1981-დან). მისი შრომები ეხება ადამიანისა და გამომთვლელი მანქანის ზეპირსიტყვიერ დიალოგს. მისი სამეცნ. ინტერესებს წარმოადგენდა სამეტყველო სიგნალის კვლევა, მეტყველების ავტომატ. ამოცნობა, ხმის ინდივიდ. თავისებურებათა შესწავლა და ხმის ავტომატ. ვერიფიკაციისა და იდენტიფიკაციის მიზნით ქართ. მეტყველების სინთეზისა და დიალოგური სისტემების შექმნა. ამ მიმართულებებს მან მიუძღვნა ასზე მეტი სამეცნ. ნაშრომი და ოთხი მონოგრაფია. მისი მონოგრაფია "სამეტყველო სიგნალი და ხმის ინდივიდუალობა", რ–იც გამოქვეყნდა რუსულ ენაზე, ამ დარგში იყო ერთ-ერთი პირველი გამოკვლევა მსოფლიოში (1976). რ.გ.–ს ნაშრომს ციკლისათვის "სამეტყველო სიგნალის ინდივიდუალური თავისებურებები, კვლევა და ხმების ავტომატური ვერიფიკაციის სისტემათა შემუშავება", მიენიჭა საქართვ. სახელმწ. პრემია. მის მიერ მიღებული სამეცნ. შედეგები მოხსენიებულია საერთაშ. კონფერენციებზე, სიმპოზიუმებსა და კონგრესებზე. დიდი ღვაწლი მიუძღვის ახალგაზრდების აღზრდაში და სამეცნ. სკოლის ჩამოყალიბებაში. მისი ხელმძღვანელობით საქართველოში ჩატარდა მრავალი საერთაშ. კონფერენცია და სკოლა-სემინარი. ქართვ. მეცნ., მსოფლიოში აღიარებული სპეციალისტი სახეთა გამოცნობის დარგში, ტექნიკის მეცნ. დოქტორი (1977), პროფესორი.