რამიშვილი ბიძინა ირაკლის ძე
რამიშვილი ბიძინა ირაკლის ძე

რამიშვილი ბიძინა ირაკლის ძე (1901, ქუთაისი-1937), დაამთავრა თბილ. ქართული გიმნაზია (1917), ჩაირიცხა თბილ. უნ-ტში (1918), სადაც დაჰყო მხოლოდ ერთი სემესტრი და   გაემგზავრა გერმანიაში სასწავლებლად.   დაამთავრა ქ. ფრაიბურგის უნ-ტისა და ჰაიდენბერგის უნ-ტის ფილოს. ფაკ-ტის ეკონ. განყ-ბა  (1924), დისერტაცია დაიცვა და ჩააბარა ზეპირი სადოქტორო გამოცდები, რის შედეგადაც მიენიჭა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი და მისი დისერტაცია შეფასდა პირველი ხარისხით. ამავე წელს დაბრუნდა საქართველოში. თავდაპირველად მუშაობდა ამიერკავკასიის საგეგმო კომისიაში, შემდეგ  თსუ-ის პოლიტეკონომიის კათედრაზე (1925). კითხულობდა პოლიტეკონომიისა და ეკონ. მოძღვრებათა ისტორიის, ფინანსებისა და კრედიტების კურსს. ამავე წელს ეკონ. ფაკ-ის დადგენილებით, იგი დატოვეს უნ-ტში საპროფესოროდ. მისი ავტორობით გამოქვეყნდა პოლიტეკონომიის კურსის პროგრამა.  რ. ბ.-მ მიმართა ფაკ-ტს თხოვნით, რათა ჰაიდენბერგის უნ-ტის ფილოსოფიის ფაკ-ის მიერ მინიჭებული დოქტორის ხარისხი გაეთანაბრებინათ თბილ. უნ-ტის დოქტორის ხარისხთან. მაგრამ იგი აირჩიეს დოცენტად (1930). რ. ბ.  მრავალი საინტერესო მოხსენებებისა და სამეცნ. ნაშრომის ავტორი. საბჭოთა რეჟიმმა დახვრიტა და გაანადგურა  მისი  შრომები (1937). 

თხზ.: რამიშვილი,  ბ. (1918). ისტორიული მატერიალიზმი და ფაქტორების თეორია: ფაქტების თეორიის და ისტორიის მატერიალიზმის წარმოშობა. ახალი კვალი, N3, გვ. 5-7; რამიშვილი,  ბ. (1918). ისტორიული მატერიალიზმი და ფაქტორების თეორია: პარალელი ფაქტორების თეორიასა და ისტორიულ მატერიალიზმს შორის. ახალი კვალი, N4, გვ. 6-9; რამიშვილი,  ბ. გერმანული ფაშიზმის იდეოლოგია და ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი მომენტები;  რამიშვილი,  ბ. მარქსი და კლასიკური პოლიტიკური ეკონომია.

ლიტ.: რამიშვილი, გ. (2000). რამიშვილების საგვარეულო.  თბ.