ყულიჯანიშვილი აკაკი ირაკლის ძე
ყულიჯანიშვილი აკაკი ირაკლის ძე

ყულიჯანიშვილი აკაკი ირაკლის ძე (19.VIII.1959, ხაშური, – 17.X.2023, თბილისი), ფილოსოფოსი, ესთეტიკოსი. ფილოს. მეცნ. კანდიდატი (1990), თსუ-ის სრული პროფესორი (2011). დაამთავრა თსუ–ის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკ-ტზე (1982-1987). სწავლობდა თსუ-ის ასპირანტურაში ესთეტიკის სპეციალობით (1987–1990). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „ესთეტიკური ცნობიერების სტრუქტურა და ფუნქციები“ (1990). მისი აკად. საქმიანობა სრულად უკავშირდებოდა თბილ. სახელმწ. უნ-ტს, სადაც ათწლეულების განმავლობაში ეწეოდა ნაყოფიერ სამეცნ.-პედ. მოღვაწეობას და ხელმძღვანელობდა ესთეტ. და კულტუროლოგიის კათედრას. მისი კვლევების მეორე მნიშვნელოვანი მიმართულება იყო რომანტიზმის ესთეტ. კონცეფციების რეკონსტრუქცია. მონოგრაფიაში „რომანტიზმის ესთეტიკა“ (2012), ავტორი აანალიზებს გერმან. რომანტიზმის გავლენას ევროპულ და ქართულ კულტურაზე. იკვლევდა სუბიექტურობის, ირონიისა და „ამაღლებულის“ (Sublime) კატეგორიებს, რ-ებიც რომანტიზმმა აქცია აზროვნების ცენტრალურ ფიგურებად. იგი მიიჩნევდა, რომ რომანტიზმი არ არის მხოლოდ ისტორიული მიმდინარეობა, არამედ სულის განსაკუთრებული მდგომარეობაა, რ-იც პერიოდულად აქტუალური ხდება კულტურის კრიზისულ მომენტებში. პედ. თვალსაზრისით, ყ. ა. თსუ-ში რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში კითხულობდა საუნივერსიტეტო კურსებს:ესთეტიკა; კულტურის თეორია; ხელოვნების ფილოსოფია; რომანტიზმის ესთეტიკა და ესთეტ. აზრის ისტორია. მისი ლექციები გამოირჩეოდა განსაკუთრებული ერუდიციით, ფილოს. აზრის სიღრმითა და მხატვრული სახეებით ოპერირების უნარით. ყ. ა. იყო ფილოს. და სოციოლოგიის ფაკ–ტის დეკანის მოადგილე, სადაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სასწ. პროცესის ორგანიზებასა და სტუდენტებთან აკად. დიალოგის დამკვიდრებაში. ხელმძღვანელობდა მრავალ სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომს, რ-ებიც ეხებოდა ესთეტ. და კულტურის ფილოსოფიის აქტუალურ პრობლემებს. აქტიურად მონაწილეობდა უნ-ტის საზ. და სამეცნ. ცხოვრებაში. იყო საქართვ. ფილოს. საზ. ვიცე-პრეზიდენტი და ჟურნ. „ფილოსოფიური ძიებანის“ სარედაქციო კოლეგიის წევრი. დაჯილდოებული იყო უნ-ტის საპატიო სიგელებით სამეცნ.-პედ. სფეროში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის. მისი ბიბლიოგრაფია მოიცავს 60-ზე მეტ სამეცნ. სტატიასა და რამდენიმე ფუნდამენტურ მონოგრაფიას, რ-ებიც დღემდე წარმოადგენს ძირითად სასწ. რესურსს სტუდენტებისათვის. იგი აკად. წრეებში ცნობილი იყო როგორც უნ–ტის ტრადიციების ერთგული დამცველი და პედ. ეთიკის ნიმუში.

თხზ.: ყულიჯანიშვილი, ა. (2002). ესთეტიკა. თბ., ლოგოსი; ყულიჯანიშვილი, ა. (2005). კულტუროლოგია: ლექციების კურსი. თბ., უნ–ტის გამ–ბა; ყულიჯანიშვილი, ა. (2012). რომანტიზმის ესთეტიკა. თბ., აქტი; ყულიჯანიშვილი, ა. (2015). ხელოვნების ფილოსოფიური პრობლემები. თბ., უნ–ტის გამ–ბა.

მასზე: ირემაძე, თ. (2023). აკაკი ყულიჯანიშვილიკაცი, რომელიც ფილოსოფიას და უნივერსიტეტს სიყვარულით ემსახურა. თბ., თბილისის უნივერსიტეტი, №11; მახარაძე, მ. (2013). ქართული ფილოსოფიური აზრის ისტორია, ტომი 4. თბ.; ბრეგაძე, კ. (2023). ამაღლებულის ესთეტიკა აკაკი ყულიჯანიშვილის ნააზრევში. თბ., კრიტიკა, №2.