ყიფშიძე იოსებ ალექსის ძე
ყიფშიძე იოსებ ალექსის ძე

ყიფშიძე იოსებ ალექსის ძე (25. VIII. 1882, სოფ. რგანი, ახლანდ. ჭიათურის რაიონი — 21. II. 1919, დაკრძალულია თსუ-ის პანთეონში), ენათმეცნიერი, პედაგოგი. დაამთავრა პეტერბურგის უნ-ტის აღმოსავლურ ენათა ფაკ-ტი (1911). იყო თბილ. უნ–ტის ერთ–ერთი დამფუძნებელი, თსუ-ის გამგეობის სწავლული მდივანი და ქართ. ენის პირველი პროფესორი. სამეცნ.-პედ. მოღვაწეობას შეუდგა „აღმოსავლეთის პრაქტიკულ აკადემიაში“, კავკ. ენების შესწავლის კურსებზე. აქ მან რუს. ენაზე გამოაქვეყნა „ქართული ენის გრამატიკა“ (1911). პეტერბურგში გამოსცა „მეგრული ენის გრამატიკა ტექსტებითა და ლექსიკონით“ (1914), რ-ის დაცვითაც მან მოიპოვა ქართ. ფილოლ. მაგისტრის ხარისხი. იყო  პრივატ-დოცენტი და აღმოსავლურ ენათა ფაკ-ტზე კითხულობდა ქართ. ენის კურსს (1915). დაბრუნდა საქართველოში (1917). იგი მონაწილეობდა თსუ-ის დაარსებაში. ინიშნებოდა ქართ. ენის კათედრის გამგედ (1918-1919). იკვლევდა ქართველურ ენებს, მათი აგებულებისა და ისტ. საკითხებს. აღსანიშნავია მისი გამოკვლევები: „დამატებითი ცნობები ჭანურის შესახებ“ (1911), „ასიმილაციისა და დისიმილაციის წესი ქართულსა და მეგრულში“ (1919-1920). ყ. ი.-მა სულხან-საბა ორბელიანის „ქართული ლექსიკონი“ მოამზადა გამოსაცემად, მან დაადგინა ლექსიკონის სამი რედაქცია, თუმცა ბოლომდე მიყვანა ვეღარ მოასწრო. მისი წამოწყებული საქმე აკაკი შანიძემ დაასრულა და გამოიცა ლექსიკონი (1928). მისი პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნ. ცენტრში (არქივი შემოსწირა თინათინ ყიფშიძემ 2001 წელს). ყ. ი.  36 წლის ასაკში გარდაიცვალა (21. 02. 1919). ახალდაარსებულმა უნ-ტმა საგანგებო პატივი მიაგო თავის ერთ-ერთ დამფუძნებელს: გადაწყდა, რომ დაკრძალვის დღეს, 25 თებერვალს, შეწყვეტილიყო სასწავლო პროცესი, გამოცემულიყო მეცნიერის სურათი და ბიოგრაფია და უფასოდ დარიგებულიყო ხალხში. ა. შანიძემ ასე გამოიგლოვა იგი: „იოსებ ყიფშიძის სახით ქართველმა ხალხმა დაკარგა საუკეთესო შვილი, ქართულმა უნივერსიტეტმა — ნიჭიერი პროფესორი, ქართულმა ენათმეცნიერებამ — დიდი იმედი, მშობლებმა და ცოლ-შვილმა — ოჯახის ბურჯი და ამხანაგებმა — ტკბილი მეგობარი“. ყ. ი. დიდუბის პანთეონიდან თსუ-ის პანთეონში გადმოასვენეს (26.12.2013).

თხზ.: ყიფშიძე, ი. (1939). ჭანური ტექსტები. საქ. მეცნ. აკად. გამ-ბა; ყიფშიძე, ი. (1994). რჩეული თხზულებანი. უნ-ის გამ-ბა; ყიფშიძე, ი. (2013). სატყეო მეურნეობის ისტორიის საკითხები. ინტელექტი; ყიფშიძე, ი. (2013). დღიურები, ჩანაწერები. ინტელექტი; ყიფშიძე, ი. (2015). თხზულებანი. უნ-ის გამ-ბა.