ყიფიანი ვასილ (ვარდო) როსტომის ძე
ყიფიანი ვასილ (ვარდო) როსტომის ძე

ყიფიანი ვასილ (ვარდო) როსტომის ძე (15.III.1855, ზემო ქართლის სოფ.  ყიფიანთუბანი-27.I.1936, თბილისი), პედაგოგი, საზ. მოღვაწე. სწავლა ახალციხის სამაზრო სასწავლებელში დაიწყო. დაამთავრა ქუთ. გიმნაზია (1873); ოდესის უნ-ტის ფიზ.-მათ. ფაკ-ტი (1877), პირველი ხარისხის დიპლომით. ოდესის უნ-ტის გამგეობამ მას იქვე კათედრაზე საპროფესოროდ მოსამზადებლად დარჩენა შესთავაზა. სტუდენტობის პერიოდში ის კავკ. სასწ. ოლქის სტიპენდიანტი იყო, რის გამოც მთავრობამ დარჩენის ნება არ მისცა. სამშობლოში დაბრუნდა და სამოღვაწეო ასპარეზად პედაგოგობა აირჩია.  ყ. ვ. სხვადასხვა დროს იყო თემირ–ხანშურის რეალური სასწავლებლის მათ. მასწავლებლი; ვლადიკავკაზის პროგიმნაზიის მათ. პედაგოგი; თბილ. სათავადაზნაურო სკოლის ჯერ მასწავლებლი, ხოლო შემდეგ ინსპექტორი (1883). ახალი ხელმძღვ. მთელი ენერგიითა და მონდომებით შეუდგა საქმეს. მცირე ხანში მან ისეთი ღონისძიებები გაატარა, რომ ყველას პატივისცემა დაიმსახურა. მალევე თბილისიდან ქუთ. სათავადაზნაურო სკოლაში გადაიყვანეს ხელმძღვ. პოსტზე (1884-1892).  ამ პერიოდში მის მიერ მრავალი ახ. და საყურადღებო სასკოლო რეფორმა გატარდა; (1892) კვლავ თბილ. სათავადაზნაურო სკოლაში ბრუნდება სამუშაოდ. პარალელურად იყო თბილ. საურთიერთო სას.-სამ. ბანკის დირექტორი (1917 წლამდე); იგი აქტიურ მონაწილეობას იღებდა ქალაქის საზ. საქმიანობაში. არჩეული იყო ქალაქის საბჭოში ხმოსნად (1897); იყო ქართვ. შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზ-ების ნამდვილი წევრი (1885-1911); ამავე საზ-ების გამგეობის წევრი (1886-); ქართ. უნ-ტის დამფუძნებელი საზ-ბის წევრი (1917-1018). მან ქართ. ენაზე პირველმა შექმნა სასკოლო ალგებრის ფუნდამენტური კურსი "დაწყებითი ალგებრა" (1893, თბ; 1918, ქუთ.). თავისი დაკვირვებული მოსაზრებებით იგი დიდად უწყობდა ხელს კარგი სახელმძღვანელოების შედგენასა და მათ. დისციპლინების უკეთ სწავლების საქმეს. ყ. ვ. კარგად ერკვეოდა ქართ, რუს. და საზღვარგარეთული მწერლობის უდიდეს წარმომადგენელთა მდიდარ მემკვიდრეობაში. წერდა პიესებს, მას ეკუთვნის: "სისხლის ძიება", "ზილოთი", ქართ. მის მიერ გადმოთარგმნილი შექსპირის "მაკბეტი" და ა. შ.; 5 მოქმედებიანი ისტ. დრამა "სამეგრელოს მთავარი ლევანი" თავად ავტორის მიერ რუს. გადათარგმნილი, შალვა დადიანის ინიციატივით, ცნობილი რეჟ. ვახტანგ მჭედლიშვილის მიერ მოსკ. დაიდგა (1926). ავადმყოფობის გამო ჩამოსცილდა საზ. ასპარეზს (1918-დან) და საბჭ. ხელისუფლების პერიოდში მას აღარ უმუშავნია.

ლიტ.: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები: კრე. 2. თბ., საქართვ. სსრ განათლების სამინისტროს სახ. განათლების სახელმწ. მუზეუმი, 1955, გვ. 133; საქართვ. ეროვნ.  არქივი: (უახლესი ისტ. ცენტრ. არქივი): პეტრე მელიქიშვილის პირადი ფონდი: თსუ-ის ფონდი, 471-1-16, გვ.4.