ყაზბეგი გიორგი ნიკოლოზის ძე
ყაზბეგი გიორგი ნიკოლოზის ძე

ყაზბეგი გიორგი ნიკოლოზის ძე (III.X.1848, სოფ. სტეფანწმინდა, ყაზბეგის მუნიციპალიტეტი-14.IV.1921, სტამბოლი), სამხ. პირი ქართვ. გენ.-ლეიტ. (1900), გეოგრაფი, მკვლევარი. დაამთავრა გენშტაბის აკადემია (1870). იყო კავკ. გრენადერთა დივიზიის უფრ. ადიუტანტი; რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს საგანგებო ქობულეთის რაზმის შტაბის უფრ. (1877-1878); ომის შემდეგ ჯერ 153-ე (1878), შემდეგ კი 79-ე (1879-1882) ქვეითი ლეგიონების მეთაური; დროებით გადადგა სამხ. სამსახურიდან (1882-1885); კავკ. სამხ. ოლქის შტაბში მსახურობდა (1885-1891); იყო ვარშავის სიმაგრის შტაბის უფრ. (1891-1899); ქ. ივანგოროდის შტაბის უფრ. (1899-1902); ვარშავის გამაგრებული რ-ნისა (1902-1905) და ვლადივოსტოკის კომენტდანტი (1905-1907). სამხ. სამსახურიდან გადადგომის შემდეგ დაბრუნდა საქართვ. და აქტიურად ჩაება საზ. საქმიანობაში. ილია ჭვჭავაძის შემდეგ სათავეში ჩაუდგა "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზ-ებას" (1908-); იყო ქართ. უნ-ტის დამფუძნებელი სა-ბის წევრი (1917-1918) და ახლად დარსებულ უნ-ტისთვის ბიბ-კის შემომწირველი; რუსეთის გეოგრ. საზ-ების კავკ. განყ-ება, წევრი; პირველი გეოგრ., რ-აც საკუთარი დაკვირვების საფუძველზე შეადგინა აჭარის ფიზიკურ-გეოგრ. და ეკონ.-გეოგრ. აღწერა. მან იმოგზაურა თურქ., სოფ. დერცელიდან (ადიგენის რ-ნი) გადავიდა აჭარაში, აქედან შავშეთში, არტანუჯისა და ართვინის გავლით ლაზისტანში მოხვდა (რ-იც 22.V.1874 დაიწყო). დეტალურად აღწერა მათი რელიეფი, ჰავა, ჰიდროგრაფია, მცენარეულობა, მოსახლეობა და სხვ. ამ ნაშრომს დღესაც არ დაუკარგავს მნიშვნელობა. საინტერესოა მისი ნარკვევი "სამი თვე თურქეთის საქართველოში". "ლაზისტანის სანჯაყის სამხედრო სტატისტიკური და სტრატეგიული ნარკვევი", "თერგის ოლქის სამხედრო სტატისტიკური აღწერა" და სხვ. მის ისტ. ნაშრომებში განხილულია იტალიელ მოგზაურთა ცნობები კავკ. შესახებ, კავკ. სამხ. ისტორია და სხვ. სამხ. სამსახურისთვის დაჯილდოებული იყო მრავალი ორდენით.

ლიტ.: ყაზბეგი გიორგი ნიკოლოზის ძე. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10. თბ., 1986, გვ. 616-617; ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. თბ., 2003, გვ. 266-267; საქართვ. ეროვნ. არქივი: ფონდი 471, ან.1, საქმე 16,  ფურც. 5 ა.