ყავრიშვილი ბესარიონ ივანეს ძე (2.III.1895, მანგლისი, ახლანდ. თეთრიწყაროს მუნიციპ. – 8.I.1943, თბილ.), ჰიდროლოგი, გეოგრ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი (1935), ჰიდროლოგიის ფუძემდებელი საქართველოში. დაამთავრა მოსკოვის უნ-ტის ფიზ.-მათემატიკის ფაკ-ტის საბუნებისმეტყველო განყ-ბა ფიზ. გეოგრ. სპეციალობით (1917-1918). დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „საქართველოს ლანდშაფტურ-ჰიდროლოგიური ზონები“ (1935). ყ. ბ. პედაგოგიურ მოღვაწოებას ეწეოდა თბილ. სხვადასხვა სასწავლებელში (1917-1927). მუშაობდა თბილ. პოლიტექნ. ინ-ტის გეოგრ. კათედრაზე ასისტენტად (1918-1920), შემდეგ თსუ-ის ზოგადი გეოგრ. და ანთროპოლოგიის კათედრის ასისტენტად (1920-1930), დოცენტად (1930-1935), პროფესორად (1935-დან), ჰიდროლოგიისა და კლიმატოლოგიის კათედრის გამგეა (1936-დან). სხვადასხვა დროს შეთავსებით მუშაობდა ამიერკავკ. წყლის კადასტრის ბიუროში I თანრიგის მეცნ.-მუშაკად (1928-დან), ჰიდრომეტეოროლოგიის ინ-ტში, სსრკ მეცნ. აკად. ამიერკავკ. ფილიალში, გეოგრ. ინ-ტში. თსუ-ში კითხულობდა ლექციებს ჰიდროლოგიაში, ჰიდრომეტრიაში, სსრკ და კაპიტალ. ქვეყნების ფიზ. გეოგრ.-ში (1930-დან). ეწეოდა პედ. მუშაობას აგრეთვე ქუთაისისა და სოხუმის პედაგოგიურ ინ-ტებში. ხელმძღვანელობდა მის მიერვე დაარსებულ ჰიდროლოგიურ კაბინეტს თსუ-ში. ყ. ბ. იყო საქართვ. გეოგრ. საზ-ბის ერთ-ერთი დამაარსებელი (1924), შემდეგ ამავე საზ-ბის პრეზიდიუმის წევრი და სწავლული მდივანი (1931-1943), საზ-ბის შრომების სარედაციო კოლეგიის წევრი. ყ. ბ.-მ მოაწყო ექსპედიციები საქართვ. სხვადასხვა კუთხეში (1929-1940), რომლის კვლევები აისახა მის სამეცნ. ნაშრომებში. თავად ხელმძღვანელობდა კომპლექსურ ჰიდროლოგიურ ექსპედიციებს მდინარეების – მტკვრისა და ქციის აუზებში (1929-1930). მან შეისწავლა მდ. ქციის, მტკვრისა და სხვა მდინარეთა აუზები. მისი რედაქტორობით დაიბეჭდა კაპიტალ. ნაშრომი „ამიერკავკასიის წყლის რესურსების ცნობარი“ (1935). მან შექმნა რამდენიმე ათეული შრომა ჰიდროლოგიაში. განსაკუთრებით დიდი მუშაობა გასწია საქართვ-სა და ამიერკავკასიის მდინარეების კომპლექსურ-ჰიდროლოგიურ გამოკვლევებზე. ჰიდროლ. კვლევების გარდა, იგი მუშაობდა გეომორფოლოგიურ და ფიზ. გეოგრ.-იის საკითხებზე. ბუნების ცალკეულ მოვლენებს განიხილავდა მათ ურთიერთკავშირში. ამ კვლევების საფუძველზე შექმნა ნაშრომი „საქართველოს ლანდშაფტურ-ჰიდროლოგიური დარაიონება“.
თხზ.: ყავრიშვილი, ბ. (1930). ჯავახეთის გემორფოლოგიისა და ჰიდროლოგიისათვის. კრ.: Джавахетия, სსრკ მეცნ. აკად. ა/კ ფილიალის გამოცემა, თბ.; ყავრშვილი, ბ. (1932). მდინარეთა ჰიდროლოგიის კურსი (პოტამოლოგია). ტფ.; ყავრიშვილი, ბ. (1936). კახეთის ღვარცოფები. თსუ–ის შრომები, ტ. IV; ყავრიშვილი, ბ. (1941). სამხრეთ-ოსეთის მაღალმთიანი ზონის ლანდშაფტის თავისებურება. ცხინვალი; ყავრიშვილი, ბ. (1946). საქართველოს ლანდშაფტურ-ჰიდროლოგიური დარაიონება. საქართვ. გეოგრ. საზ-ის მოამბე, ტ. 2, გვ. 120-122; Кавришвили, Б. (1955). Ландшафтно-шидрологические зоны Грузинской ССР. Тб.; ყავრიშვილი, ბ. (1958). საქართველოს ჰიდროლოგიური შესწავლის ისტორიისათვის. საქართვ. გეოგრ. საზ-ბა, ტ. III, გვ.183-202; გეხტმანი, გ. (1942). გამოჩენილი გეოგრაფები და მოგზაურები. თბ., გვ. 163-165; ჭეიშვილი, ო. (1977). მოკლე გეოგრაფიული ცნობარი. თბ., გვ. 84; ბოლაშვილი ნ., გორდეზიანი თ., დავითაია ე., დონაძე ც., ელიზბარაშვილი ნ., ლაღიძე ლ., მაჭავარიანი ლ., მგალობლიშვილი ქ., ნანობაშვილი თ., ნიკოლაიშვილი დ., სალუქვაძე ე., სართანია დ., სეფერთელაძე ზ., ტრაპაიძე ვ. (2015). ქართული გეოგრაფია საუკუნეთა კვალდაკვალ. ფოტოალბომი გამოსაცემად მოამზადეს ნანა მჟავიამ და დალი ნიკოლაიშვილმა, თბილისი: თბილ. უნ-ტის გამ-ბა, gv. 8; ISBN 978-9941-13-364-0; ხარაძე კ., ჯავახიშვილი შ. (2003). მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. გამომც. განათლება, გვ. 264-265, ISBN 9992806982.