პრუტინგი ჰანს
პრუტინგი ჰანს

პრუტინგი ჰანს (Prütting Hanns, 1948, ერლანგენი, გერმანია), თსუ–ის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და სტუდენტების მხარდაჭერისთვის კიოლნის უნ-ტის იურიდ. ფაკ-ტის ინტელექტუალური საკუთრების და საავტორო სამართლის და საპროცესო და გაკოტრების სამართლის ინს-ტების ხელმძღვანელს, დოქტორს, ერთგზის საპატიო დოქტორს, ემერიტუსს, პროფესორს, მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება (23.IV.2018).

პ. რ. სწავლობდა სამართალს ერლანგენისა და ტიუბინგენის უნ-ტებში, შემდეგ კი ეკონომიკის სპეციალობას, პოლიტიკურ მეცნიერებასა და სოციოლოგიასთან ერთად. პროფ. დოქტორ კარლ ჰაინც შვაბის ხელმძღვანელობით სააპელაციო სამართალში (ერლანგენი) მიიღო დოქტორის ხარისხი (1976), პროფესორის კვალიფიკაცია კი თემაზე „მტკიცების ტვირთის თანამედროვე პრობლემები“ (1981).

პ. ჰ. იყო პროფესორი ზაარლანდის უნ-ტში (1982-1986). კიოლნის უნ-ტის პროფესორია (1986) და საპროცესო სამართლის ინ-ტის დირექტორი (1986-2016). დღემდე კიოლნის უნ-ტის ადვოკატთა სამართლის ინს-ტის დამფუძნებელი დირექტორი და მმართველი დირექტორია (1988). რამდენიმე წლის განმავლობაში იყო კიოლნის იურიდ. ფაკ-ტის დეკანი და მოწვეული პროფესორის თანამდებობებს იკავებდა კიოტოში, პარიზში, ფლორენციაში, გდანსკსა და თბილისში.

პ. ჰ. გერმანიის ბუნდესტაგში ექსპერტ-მოწმედ მუშაობდა და სამოქალაქო საპროცესო სამართლის მასწავლებელთა ასოციაციის საბჭოს თავმჯდომარეობდა (2002-2012). იგი ევროპის სამოქალაქო საპროცესო სამართ. წესრიგის შექმნის შესახებ ევროკავშირის სამუშაო ჯგუფის წევრი იყო ე.წ. „შტორმის ჯგუფი“. დაჯილდოებულია  იაპონიის იმპერატორისგან ,,ამომავალი მზის ოქროს სხივების“ და გერმანიის ადვოკატთა საპატიო ორდენებით. ათენისა და თსუ-ის უნ-ტებმა მას საპატიო დოქტორის წოდებები მიანიჭეს. ის არის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მეცნ. და ხელოვნების აკადემიის დიუსელდორფის და არაკომერციული მეცნ. აკადემიის წევრი ერფურტში. კიოლნის უნ-ტმა მას მიანიჭა კვლევითი პრემია (2016).