პოლიექტოვი ნიკოლოზ მიხეილის ძე
პოლიექტოვი ნიკოლოზ მიხეილის ძე

პოლიექტოვი ნიკოლოზ მიხეილის ძე (23. X. 1915, თბილისი - 9. VII. 1989, თბილისი), ფიზიკოსი-თეორეტიკოსი. დაამთავრა თსუ-ის ფიზიკა-მათემეტიკის ფაკ-ტი (1934) მუშაობდა იქვე, თეორ.  ფიზიკის კათედრაზე. იყო აკად. ვ. ფოკის ასპირანტი (1938), საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა თბილისში (1945), მისი ოპონენტი იყო აკად. ლ. ლანდაუ. მუშაობდა ატომური ენერგიის ინ-ტში (მოსკ., 1945-56), სადაც მისი ხელმძღვ.  იყო აკად. მიგდალი, იყო ლანდაუს სემინარების აქტ. წევრი. პ. ნ. მუშაობდა თსუ-ის თეორ. ფიზიკის კათედრაზე (1956). კითხულობდა ლექციებს კვანტურ მექანიკაში, კვანტური ველის თეორიაში, ფარდობითობის ზოგად თეორიაში. იყო თსუ-ის ზოგადი ფიზიკის კათედრის გამგე (1975-1989). თავდაპირველად პ.-ის სამეცნ. კვლევები ეხებოდა ბირთვული და თერმობირთვული პროცესების თეორიას. მისი ნაშრომები ეძღვნება მსხვილმასშტაბიანი კოსმოლოგიური პროცესების კვლევას ფარდობითობის ზოგადი თეორიის საფუძველზე (1956-დან). თავის შედეგებს პ. ნ. აქვეყნებდა სსრკ-ის წამყვან სამეცნ. ჟურნალში. არაერთხელ გამოვიდა მოხსენებით აკად. ვ. გინზბურგის სემინარზე, აგრეთვე თეორ. ფიზიკის ინ-ტში (მოსკ.). იგი გამოირჩეოდა თეორ. და ზოგადი ფიზიკის ღრმა ცოდნით, დიდი ერუდიციით, ვირტუოზულად ფლობდა თეორ. ფიზიკის მათემატიკურ აპარატს. მას ახლო პირადი და კოლეგიალური ურთიერთობა ჰქონდა გამოჩენილ მეცნიერებთან: ლ. ლანდაუსთან, ვ. გინზბურგთან, ი. პომერანჩუკთან, ი. ტამთან, ა. მიგდალთან, ე. ლივშიცთან და სხვებთან. პ. ნ.-ის ჰობი იყო კლასიკური მუსიკა.