-
ავტორი
- კატეგორიები: ქიმიკოსი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
პისარჟევსკი ლევ ვლადიმერის ძე (13.II.1874, კიშინიოვი - 23.III.1938, დნეპროპეტროვსკი), ქიმიკოსი, პროფესორი (1904), უკრაინის მეცნ. აკად. (1925) და სსრკ მეცნ. აკადემიის წევრი (1930). დაამთავრა ნოვოროსიისკის უნ-ტი (1896). გაიარა სტაჟირება ლაიფციგში, პროფ. ვ. ოსტვალდის ფიზიკო-ქიმიურ ინ-ტში (1900-902). 1904 წელს აირჩიეს ტარტუს უნ-ტის პროფესორად (1904), შემდეგ კი გახდა კიევის პოლიტექ. ინ-ტის პროფესორი (1908). მუშაობდა დნეპროპეტროვსკის სამთო ინ-ტსა და უნ-ტში (1913). აირჩიეს მისი ინიციატივით შექმნილ უკრაინის ფიზ. ქიმიის ინ-ტის დირექტორად (1927). იგი სათავეში ჩაუდგა თსუ-ის ახლადგახსნილ ფიზ. ქიმიის კათედრას (1929–1934). პ. ლ.-მ დაასინთეზა და შეისწავლა მთელი რიგი პეროქსიდული ნაერთები (მის მასწავლებელ პ. მელიქიშვილთან ერთად). თეორ. შრომებიდან აღსანიშნავია თხევად ფაზაში მიმდინარე რეაქციათა თერმოდინამიკური ასპექტების განხილვა, წონასწორულ ელექტროდულ პროცესთა თეორიის საფუძვლების შემუშავება; სწავლობდა აგრეთვე ჰეტეროგენულ-კატალიზურ რეაქციებს. შეიმუშავა ზღვის წყალმცენარეებიდან იოდის გამოყოფის ახალი მეთოდი. წლების განმავლობაში პ. ლ. იყო სამეცნ.-პოპულ. ჟურნ. „Природа” მთ. რედაქტორი. მას გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე სახელმძღვანელო ზოგად ქიმიასა და არაორგანულ ქიმიაში.
თხზ.: Писаржевский, Л. (1926). Введение в химию; Писаржевский, Л. (თანაავტორი). (1930). Неорганическая химия; Писаржевский, Л. (1951). Электрон в химии. АН УССР, Киев; Писаржевский, Л. (1955). Избранные труды в области катализа. АН УССР, Киев.