-
ავტორი
- კატეგორიები: ენათმეცნიერი
პატარიძე რამაზ მიქელის ძე (06.XI. 1927, თბილისი-01. XI. 2020, თბილისი, დაკრძალულია დიდუბის პანთეონში). ენათმეცნიერი, მკვლევარი, პოეტის, მთარგმნელისა და საზოგადო მოღვაწის მიქელ პატარიძის შვილი, ფილოლ. მეცნ. კანდ., დამწერლობათმცოდნე, ანბანთმცოდნე, ქართ. ანბანის რაინდი. პ. რ.-მა დაამთავრა თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტი (1950). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, თემაზე - "ქართული ფილიგრანოლოგიის ძირითადი საკითხები" (1967). მუშაობდა კორნელი კეკილიძის სახ. ხელნაწერთა ინ-ტში; ივანე ჯავახიშვილის სახ. ისტ. და ეთნოლოგიის ინ-ტის საქართვ. ეთნოლოგიის განყ-ბაში. პ. რ. იყო პავლე ინგოროყვას მოსწავლე; 64 წლის განმავლობაში იკვლევდა ქართ. ანბანის საკითხებს. მისი წიგნი "ქართული ასომთავრული" ცენზურის გვერდის ავლით გამოსცა გამომც. „ნაკადულმა“ (1980); საბჭოთა უშიშროების მიერ წიგნის გავრცელება შეიზღუდა და გამომც. "ნაკადულის" დირექტორი არჩილ სულაკაური თანამდებობიდან გათავისუფლდა, ხოლო წიგნის ავტორს შეეზღუდა სამეცნ. საქმიანობა. "პალიტრა L-ის" მიერ გამოიცა "ქართული ასომთავრულის" განახლებული ვერსია (2018). მკვლევრი ამ სამეცნ. მონოგრაფიაში საუბრობს მსოფლიოში არსებულ ანბანებთან შედარებით ქართ., ასომთავრულის განსაკუთრებულობასა და უნიკალურობაზე. ასომთავრულ ანბანში ასო-ნიშნების სახელდება, დაჯგუფების პრინციპები, მათი რიგითი და რიცხვითი მნიშვნელობები, გრაფ. მოხაზულობა და მათემატიკურ-გეომ. რაობა განაპირობებს ამოვიკითხოთ ანბანში წარმართული ღმერთების პანთეონი, მზის და მთვარის უძველესი კალენდრები, შუამდინარეთის და ეგვიპტის უძველესი ცივილიზაციების მიგნებათა სინთეზი და ქართველების მიერ უზუსტესი კალენდარული სისტემის შექმნის ისტორია. გაშიფრა "ვეფხისტყაოსნის" პროლოგი და აღმოაჩინა, რომ კაცობრიობის ისტორიაში შოთა რუსთაველი არის პირველი ადამიანი, რ-მაც "ვეფხისტყაოსანში" წარმოგვიდგინა პლანეტების ჰელიოცენტრული სისტემა. მთელი შეგნებული სიცოცხლე ქართ. დამწერლობის ისტორიის კვლევას მიუძღვნა და საბოლოოდ დაამტკიცა სომხ. წერილობითი წყაროების სიცრუე.
თხზ.: პატარიძე, რ. (1970). ერკათაგირის გრაფიკული საფუძვლები. თბ.; პატარიძე, რ. (1980). ქართული ასომთავრული. თბ., ნაკადული; პატარიძე, რ. (1989). ქართული მწიგნობრობა. თბ., 1989; პატარიძე, რ. (2012). ანბანთქება: ალბომი (წინასიტყვაობის ავტორი). - თბ., ISBN: 9789941920790; პატარიძე, რ. (2014). ქართული ანბანის გრაფიკული სისტემა: ქართული დამწერლობა: ლიტ. ტერმინთა ლექსიკონი. თბ., ციცინათელა, ISBN: 9789941930010; პატარიძე, რ. (2016). ქართული წარმართული კალენდარი. თბ., ჩვენი მწერლობა, ISBN: 9789941093586.