ორლოვსკაია ნატალია კონსტანტინეს ასული
ორლოვსკაია ნატალია კონსტანტინეს ასული

ორლოვსკაია ნატალია კონსტანტინეს ასული (29.III.1920, თბილისი- 11.V.2014 თბილისი), ფილოლოგი, მთარგმნელი, საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე, პროფესორი. დაამთავრა თსუ-ის ინგლ. ენისა და ლიტერატურის ფაკ-ტი, იქვე ასპირანტურა. თბილ. სახ. კონსერვატორია. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე “თეკერეის შემოქმედება”(1946), და სადოქტორო დისერტაცია თემაზე “საქართველო XVII-XVIII საუკუნეების დასავლური ლიტერატურის ისტორიაში” (1966). მუშაობდა თსუ-ში, დასავლეთ ევროპის ენისა და ლიტერატურის ფაკ-ტზე (1945-დან). ო. ნ. სხვადასხვა დროს თსუ-ში კითხულობდა საუნივერსიტეტო კურსებს: “საზღვარგარეთის ლიტერატურის ისტორია”, “XVIII-XIX საუკუნეების ინგლ. ლიტ. ისტორია”, ავტორია ორასამდე სამეცნიერო ნაშრომისა. ამ ნაშრომებიდან განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია თსუ-ის გამომცემლობის მიერ გამოცემული სტატიების კრებ. სახელად „რუსთველი მსოფლიო ლიტერატურაში“ (1976), მოცემული მონოგრაფიის თანაავტორი და რედ. ლევან მენაბდეა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაშრომია „საზღვარგარეთის ლიტერატურის ისტორია“, რ-იც გამომცემლობა „განათლებაში“ დაიბეჭდა (1977), ნაშრომი ორ ნაწილადაა წარმოდგენილი და მისი ავტორობა  ო. ნ.-ს გარდა, გრიგოლ ხავთასს, შოთა რევიშვილსა და გივი გაჩეჩილაძეს ეკუთვნის. ო. ნ. მუდმივად იღებდა მონაწილეობას სამეცნ. კონფერენციებში როგორც საქართვ. მასშტაბით, ისე მოსკოვში, ლენინგრადში, ოდესაში, კიევსა და მინსკში. იგი ფლობდა ინგლისურ და ფრანგულ ენებს. ასევე იყო ღირსების ორდენის კავალერი. თბილისში, სულხან-საბას ქუჩის 6 ნომერში, მის ყოფილ საცხოვრებელ ბინაზე განთავსებულია მემორიალური დაფა.  ო. ნ.-ს ანდერძის თანახმად, მისი პირადი ბიბლიოთეკა თსუ-ის გადაეცა.

თხზ.: Орловская, Н.  (1965). Грузия в литературах Западной Европы ХVII-ХVIII веков. Тб., ТГУ; Орловская, Н. (1986). Вопросы литературных связей Грузии с Западом .  Тб., ТГУ; Орловская, Н. (2013). Очерки по вопросам литературных связей : [к VI Международному русско-грузинскому поэтическому фестивалю "Во весь голос"] . Тб., ISBN: 9789941053818.