-
ავტორი
- კატეგორიები: ეკონომისტი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი რექტორი ისტორიკოსი
ორაგველიძე კარლო შევარდენის ძე (1902, სოფ. შუხუთში, ლანჩხუთის რ-ნი-11. X. 1937). სწავლობდა სოფ. სკოლაში, შემდეგ-გიმნაზიაში. იყო საკავშირო კპ(ბ) წევრი (1919-დან). უმაღლ. განათლება მიიღო მოსკოვში, სვერდლოვსკის სახ. უნ-ტში (1922-1923). უნ-ტის დამთავრების შემდეგ მიავლინეს წითელი პროფესურის ინ-ტში ეკონ. განყ-ბაში (1923-1928), მას მიენიჭა წითელი პროფესორის სამეცნ. წოდება. სამეცნ. მივლინებით ერთი წლით გაემგზავრა გერმანიაში (1930). პედ. მუშაობა მან ჯერ კიდევ მოსკოვში ყოფნისას დაიწყო. ამავე წელს გადაიყვანეს ამიერკავკასიის ეკონ. კვლევების ინ-ტის დირექტორის თანამდებობაზე და დაიკავა პოლიტეკონომიის კათედრის გამგის თანამდებობა, მაგრამ არ წყვეტდა პედ. მუშაობას არც უნ-ტთან და არც საქართვ. მარქსიზმ-ლენინიზმის ინ-ტთან. იყო თსუ-ის რექტორი (1935, ივნისი-1937, ივნისი). ო. კ. რექტორის თანამდებობაზე ყოფნის დროს თავი იმით “გამოიჩინა”, რომ ისტორიის ფაკ-ტის სამეცნ. საბჭოს სხდომაზე წაიკითხა მოხსენება „საქართველოს ისტორიის საკითხისათვის“, რომლის უმთავრესი მიზანი ივანე ჯავახიშვილის, როგორც ისტორიკოსის განადგურება იყო (23.03.1936). მან თავისი მოხსენება თსუ-ის შრომებშიც დაბეჭდა (ტ. V, პირველი სერია: საზოგადოებათმეცნიერებანი, 1936). ო. კ. ეკუთვნის ნაშრომები მარქსისტულ-ლენინური თეორიისა და პარტიის ისტორიის სხვადასხვა საკითხზე, ასევე ეკონომიკის დარგშიც გამოაქვეყნა მნიშვნელოვანი ნაშრომები, როგორც ქართულ ისე რუსულ ენებზე. ო. კ. დახვრიტეს (1937). მისი საქმიანობა უნივერსიტეტის ისტორიაში შეფასებულია მკვეთრად უარყოფითად.
ორაგველიძე, კ. (1927). ქართველი მენშევიკების აგრარული რეფორმა. ტფ. სახელგამი; ორაგველიძე, კ. (1933). მარქსი როგორც ეკონომისტი. ტფ. საქ. სოც. მეურნეობა; ორაგველიძე, კ. (1935). აბსოლუტური რენტა. ტფ., უნ-ტის გამ-ბა.