-
ავტორი
- კატეგორიები: ფილოლოგი ლიტერატურათმცოდნე სცენარისტი კომპოზიტორი მომღერალი პოეტი კურსდამთავრებული
ოკუჯავა ბულატ შალვას ძე (09. V. 1924, მოსკოვი-12.VI. 1997, კლამარა, საფრანგეთი. დაკრძალულია ვაგანკოვოს სასაფლაო, მოსკოვი). ქართ. საბჭ. პოეტი, კომპოზიტორი, მომღერალი, ლიტერატორი, პროზაიკოსი და სცენარისტი. 200-მდე სიმღერის ავტორი, საავტორო ჟანრის (ბარდი) წარმომადგენელი, კალუგის საპატიო მოქალაქე (1996). მშობლების რეპრესიების შემდგომ ო. ბ . მოსკოვიდან ბრუნდება თბილისში (1940). სკოლაში სწავლის პარალელურად მუშაობდა ზეინკლად (1940). ჯერ კიდევ მოსწავლე მოხალისედ წავიდა ფრონტზე (VIII, 1942). მძიმედ დაიჭრა მოზდოკთან (XII,1942). გამოჯანმრთელების შემდგომ ბრძოლის ველზე აღარ დაბრუნებულა. ო. ბ. მსახურობდა ბათუმში 124-ე სარეზერვო მსროლელ პოლკში, შემდეგ კი რადისტად ამიერკავკასიის ფრონტის 126-ე მაღალი სიმძლავრის ჰაუბიცის საარტილერიო ბრიგადაში (1943). მიღებული ჰქონდა მედლები: "კავკასიის თავდაცვისთვის" და "გერმანიის წინააღმდეგ გამარჯვებისთვის", დაჯილდოვდა სამამულო ომის I ხარისხის ორდენით (1985). ო. ბ. სკოლის ატესტატი ტბილისში აიღო (1944). დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტის რუსული განყ-ბა (1950). უნ-ტის დამთავრების შემდეგ გაემგზავრა კალუგაში. აქ მუშაობდა ადგილობრივი გაზ. კორესპონდენტად. ბეჭდავდა საკუთარ ლექსებს. ასწავლიდა რუს. ენასა და ლიტ-რას კალუგის ოლქის სოფ. სკოლებში - შამორდინოსა და ვისოკინიჩში (1950-1952). იყო კალუგის მე-5 სკოლის რუს. ენისა და ლიტ-რის პედაგოგი (1952-1953). მისი ლექსების პირველი კრებ. "ლირიკა", კალუგაში გამოვიდა. შემდგომში იგი რამდენჯერმე ეწვია კალუგის სკოლას და სკოლის მუზეუმს საჩუქრად გადასცა წიგნები და გრამფირფიტები თავისი სიმღერების ჩანაწერებით. ის მოსკ. ბრუნდება და არის გამომც. „Молодая гвардия“-ს რედ. და პოეზიის განყ-ბა „Литературная газета“-ს ხელმძღვ. (1956). მან თავის ლექსებზე დაწერა სიმღერები, რომლებსაც თვითონვე ასრულებდა გიტარის თანხლებით (1959). პოპულარობა სწრაფად მოიპოვა და უამრავი თაყვანისმცემელი გაუჩნდა. მისი ცნობილი სიმღერებია (1956-1967): «На Тверском бульваре», «Песенка о Лёньке Королёве», «Песенка о голубом шарике», «Сентиментальный марш», «Московский муравей», «Песенка о полночном троллейбусе», «Не бродяги, не пропойцы», «Грузинская песня» და სხვ.; სიმღერები «Возьмёмся за руки, друзья…» და «Молитва» («Пока Земля ещё вертится…»). ეს სიმღერები მრავალი შეკრებისა და ფესტივალის ჰიმნად იქცა. მისი ოფიციალური პირველი კონცერტი ხარკოვში გაიმართა (1961). ო. ბ.-მ პარიზში მოგზაურობისას ჩაწერა 20 სიმღერა სტუდია „Le Chant du Monde“-ში (1967). ამ ჩანაწერების საფუძველზე, საფრანგეთში გამოვიდა ბარდის პირველი ალბომი - Le Soldat en Papier (1968). იმავე წელს პოლონეთში გამოვიდა მისი სიმღერების ჩანაწერი პოლონელი არტისტების შესრულებით, გარდა სიმღერისა „გამოთხოვება პოლონეთთან“, რ-საც თავად ავტორი ასრულებდა. საბჭ. კავშირში დაიწყო მომღერლისა და კომპ. დისკების გამოშვება. ჩაიწერა მისი პირველი ხანგრძლივი დაკვრის ფირფიტა (1974-1975), ამას მოჰყვა მეორე საბჭ. დისკი-გიგანტი (1978) და ორი გიგანტური დისკი: "სიმღერები და ლექსები ომის შესახებ" (1980). მან 32 სიმღერა შექმნა კომპ. ისააკ შვარცთან ერთად, რომელთაგან ყველაზე პოპულარულია: «Ваше благородие, госпожа Удача» (ფილმიდან „უდაბნოს თეთრი მზე“), «Кавалергарда век недолог…» (ფილმიდან „Звезда пленительного счастья“), რომანსი "სიყვარული და განშორება" (ფილმიდან "ჩვენ არ ვიყავით დაქორწინებული ეკლესიაში") და სხვ. იგი ავტორია არაერთი პროზაული და პოეტური კრებუისა. მისი პოეტური კრებ.: "Острова"(1959), "თინათინისკენ" (1964), "Веселый барабанщик" (1964), "Великодушный март" (1967), “აрбат, мой Арбат" (1976) და სხვ.; მისი საბავშვო მოთხრ.: "ფრონტი ჩვენთან მოდის"; "საყვარელი თავგადასავლები" და სხვ.; თარგმანა პოეზიისა და პროზის შედევრები არაბული, ესპანური, ფინური, შვედური და სსრკ-ს ხალხების ენებიდან; ო. ბ. არაერთი ქართვ. მწერლის ლექსი თარგმნა რუსულად: ი. ნონეშვილი, ხ. ბერულავა, ო. ჭელიძე, შ. ნიშნიანიძე, ჯ. ჩარკვიანი, მ. ქვლივიძე და სხვ.; მისი ნაწარმოებები ითარგმნა და გამოიცა საზღვარგარეთის ქვეყნებში; ქართ. ენაზე გამოიცა მისი რომანი „თავისუფლების ერთი ყლუპი“ (1984); მწერალ ჯუმბერ თითმერიას აქვს ნათარგმნი მისი რომანი "გაუქმებული თეატრი": ოჯახური ქრონიკა - ესაა ბულატ ოკუჯავას ბავშვობა, მამის დაპატიმრება, ოლღა ოკუჯავასა და გალაკტიონ ტაბიძის ბიოგრაფიული პორტრეტი (თბ., 2011), რ-თვისაც ო. ბ.-ს ბუკერის პრემია (Премия «Русский Букер») მიანიჭეს (1994). ასევე აღსანიშნავია მისი დიდტანიანი რომანი „დილეტანტების მოგზაურობა“. როგორც პოეტსა და მომღერალს მიღებული აქვს არაერთი ჯილდო: პირველი პრემია და „ოქროს გვირგვინის“ პრიზი, იუგოსლავია (1967); პრიზი „ოქროს გიტარა“ ფესტივალზე სან-რემოში, იტალია (1985); ნორვიჩის უნ-ტის ჰუმანიტარულ მეცნ. დოქტორის საპატიო ხარისხი, აშშ (1990); „პენიო პენევის“ პრემია, ბულგარეთი (1990); ა. სახაროვის სახ. პრემია „ლიტერატურაში გამბედაობისათვის“- დამოუკიდებელ მწერალთა ასოციაცია "აპრილი" (1991); სსრკ სახელმწ. პრემია (1991) - ლექსების კრებულისთვის „გეძღვნებათ თქვენ“ (1988). იყო სსრკ მწერალთა კავშირის წევრი (1962). გარდაცვალების შემდეგ დაწესდა მისი სახ. სახელმწ. ლიტერატურული პრემია, რ-ითაც ჯილდოვდებიან პოეტები და საავტორო სიმღერების შემსრულებლები; 2002 წლის 8 მაისს გაიხსნა ო. ბ.-ს პირველი ძეგლი მოსკოვში, არბატის ერთ-ერთ შესახვევში (08.05.2002).
თხზ. (გარდა ტექსტში მოხსენიებულისა): ოკუჯავა, ბ. (1984). თავისუფლების ერთი ყლუპი : რომანი. თბ., მერანი; ოკუჯავა, ბ. (2011). გაუქმებული თეატრი : ოჯახური ქრონიკა. თბ., საარი.
ლიტ.: ოკუჯავა ბულატ შალვას ძე. ქართული საბჭოთა ენციკლოპედიური. თბ., 1984. გვ. 516; ოკუჯავა ბულატ შალვას ძე. ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. თბ., 2015, გვ. 372; ქუთათელაძე, ზ. (2011). ქართული გენი უცხოტომელთა სამსახურში: 100 რჩეული ბიოგრაფია: მონოგრაფია. თბ. მერიდიანი.