- კატეგორიები: მათემატიკოსი პედაგოგი
ობოლაშვილი ელენე (10.XII.1924, სიღნაღის რ-ის სოფ. ბოდბისხევი - 01.VI.2005 ქ. თბილისი), ქართვ. მათემატიკოსი, მექანიკოსი, პედაგოგი. დაამთავრა თბილ. 52-ე საშ. სკოლა (1941), თსუ-ის მათ. ფაკულტეტი (1946), თსუ-ის ასპირანტურა (1947-1950). ფიზ.-მათ. მეცნ. კანდ. (1953), დოქტორი (1966), თსუ-ის პროფესორი (1970). მუშაობდა თსუ ფიზ. ფაკ-ტზე ასისტენტად (1950-1957), საქ. მეცნ. აკად. ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტში ჯერ უმცროსი, შემდეგ უფრ. და წამყვანი მეცნ. თანამშრომლის თანამდებობებზე (1957-2000), იყო ინ-ის მეცნ.-კონსულტანტი (2000-2005). მის მეცნ. კვლევის ძირითად ინტერესებს წარმოადგენდა ანალიზური ფუნქციების თეორიის სასაზღვრო ამოცანები; დრეკადობის თეორია; გარსების თეორია. გამოიცა ო. ე.-ს მონოგრაფია „ფურიეს გარდაქმნები და მისი გამოყენება დრეკადობის თეორიაში“, რასაც მოჰყვა გამოკვლევების სერია მრავალგანზომილებიან სივრცეებში განზოგადებული ანალიზური ფუნქციების პრობლემებზე და დრეკადი სხეულის ზედაპირის დაძაბულ და დეფორმირებულ მდგომარეობებზე (1979). ამ ნაშრომისთვის მას მიენიჭა ი. ვეკუას პრემია (1981). აღსანიშნავია, რომ ის იყო ამ პრემიის პირველი ლაურეატი. ო. ე.-მ მიიღო მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის სტატუსი (1985). თსუ-მ გამოსცა ო. ე.-ს წიგნი „დრეკადობის მათემატიკური თეორიის საფუძვლები“ (1993). ნაშრომი ეფუძნება თსუ-ში მრავალი წლის განმავლობაში წაკითხულ ლექციებს. ეს არის პირველი ქართ. სახელმძღვანელო დრეკადობის თეორიაში. ბოლო წლებშიო. ე. დაინტერესდა კლიფორდის ანალიზით და ორი მონოგრაფია მიუძღვნა მის გამოყენებას დიფერენციალურ განტოლებებში. Longman-ის გამომცემლობამ გამოაქვეყნა მისი მონოგრაფია „Some partial differential equations in Clifford analysis” , რ-იც დედის ხსოვნას მიეძღვნა (1998). 5 წლის შემდეგ, გამომც. Birkhauser Publishers-მა გამოაქვეყნა მისი კიდევ ერთი მონოგრაფია „Higher order partial differential equations in Clifford Analysis. Effective solutions to problems“ (2003). ამ მონოგრაფიაში ცალსახად არის წარმოდგენილი საწყისი და სასაზღვრო ამოცანების სერია კვადრატურებში. ამ გადაწყვეტილებებს მნიშვნელოვანი გამოყენება აქვთ დეფორმადი სხეულების მექანიკასა და ელექტრომაგნიტური ველის თეორიაში, ასევე კვანტურ მექანიკაში. ო. ე. არის 50-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომის ავტორი.
თხზ.: 1. Obolashvili, E. (1979) Преобразование Фурье и его применения в теории упругости. (Russian) [[The Fourier transform and its application in elasticity theory]] “Metsniereba”, Tbilisi, 232 pp. 2. Obolashvili, E. (1998) Partial differential equations in Clifford analysis. Pitman Monographs and Surveys in Pure and Applied Mathematics, 96. Longman, Harlow, vi+152 pp. ISBN: 0-582-31749-5; 3. Obolashvili, E. (2003) Higher order partial differential equations in Clifford analysis. Effective solutions to problems. Progress in Mathematical Physics, 28. Birkhäuser Boston, Inc., Boston, MA, x+178 pp. ISBN: 0-8176-4286-2.